Accessibility links

logo-print

საქართველო თურქმენული პრეცედენტის შედეგებს დააკვირდება

  • ნინო როდონაია

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 15 წლის იუბილეს, რომელიც დეკემბერში აღინიშნება, ორგანიზაცია მინიმუმ ერთი სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის გარეშე შეხვდება.

თურქმენეთის განზრახვა, თანამეგობრობასთან ასოცირებული წევრის სტატუსით იურთიერთოს, ოთხშაბათს ექსპერტთა ჯგუფმა შეთანხმების პროექტად აქცია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას თურქმენეთი ოფიციალურად მას შემდეგ დატოვებს, რაც შეთანხმებას ხელს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურები მოაწერენ.

აშხაბადის მიერ შექმნილ პრეცედენტს სიმპტომატურს უწოდებენ თბილისში, სადაც დსთ-ში საქართველოს შემდგომი წევრობის მიზანშეწონილობის საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

2006 წელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წლად გამოაცხადეს ამ ორგანიზაციის ლიდერებმა შარშანდელ - ბოლო - სამიტზე, ყაზანში. ამავე ფორუმზე თურქმენეთმა განაცხადა, რომ თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა აღარ სურს და მხოლოდ ასოცირებული სტატუსით დაკმაყოფილდება. ოფიციალურ მიზეზად აშხაბადმა ის დაასახელა, რომ თურქმენეთი ნეიტრალური ქვეყანაა და, შესაბამისად, მონაწილეობას ვერ მიიღებს ორგანიზაციის სამხედრო და სამართალდამცავი ტიპის გაერთიანებებში.

თურქმენეთის გადაწყვეტილებას პრეცედენტულსა და სიმპტომატურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე. მას მიაჩნია, რომ თურქმენეთის მოქმედება თანამეგობრობის შემდგომ არსებობაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს:

[ლევან დუჩიძის ხმა] ,,ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოს ქმედება, როგორიც თურქმენეთი არის, თავისი განსაკუთრებულად არადემოკრატიული რეჟიმის ჩათვლით, ვერ იქნება მაინცდამაინც მისაბაძი ჩვენთვის, ზოგად კონტექსტში. მაგრამ ეს არის კონკრეტულად ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რა გავლენას მოახდენს ეს დსთ-ის შემდგომ ბედზე.” (სტილი დაცულია)

თავად საქართველოში, უკვე დიდი ხანია, დროგამოშვებით თანამეგობრობიდან გასვლის თაობაზე საუბრობენ. თბილისში რომ ამას არ აპირებენ, ბოლოს გასული წლის დეკემბერში განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი შარშანდელი პროგნოზით, საქართველოს პარლამენტი, რომელსაც დსთ-ის შემდგომ წევრობაზე მსჯელობა უკვე დაწყებული აქვს, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ვერ მიიღებს. თავად პარლამენტში ამჟამად რამდენიმე უწყების დასკვნებს ელიან. უახლოეს დღეებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ორგანიზაციიდან საქართველოს შესაძლო გასვლით გამოწვეული საპროგნოზო შედეგები უნდა წარუდგინონ ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. გარდა იმისა, რომ თანამეგობრობის ზოგიერთ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობას განსაზღვრავს არა ორმხრივი, არამედ ამ ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შეთანხმებები, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაცია სწორედ დსთ-ის ეგიდით მიმდინარეობს. ამ ფაქტორს საქართველოს ხელისუფლებაში ყველაზე საგულისხმოს უწოდებენ, რადგან ფორმატის შეცვლის რეალური პერსპექტივა ჯერჯერობით არ არსებობს. ეს არგუმენტი მიუღებელია ოპოზიციური ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტისთვის.” მისი წევრი კახა კუკავა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მოქმედებას თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის სასარგებლო არგუმენტად მიიჩნევს:

[კახა კუკავას ხმა] ,,დსთ რომ იყოს ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქართული სახელმწიფო გააკონტროლებდა სამშვიდობო ძალებს, მაშინ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. მაგრამ დსთ-ს ძალები არიან ფორმალურად. სინამდვილეში ეს არის რუსეთის ჯარები, რომლებიც ექვემდებარებიან არა დსთ-ის შტაბს, არამედ რუსეთის გენერალურ შტაბს. სარგებელს ღებულობს სწორედ რუსეთი, რომელიც ამ გზით ახდენს თავისი სამშვიდობო ძალების ლეგიტიმაციას, ხოლო ქართული მხარე რა სარგებლობას ღებულობს იმისაგან, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს სამშვიდობო ძალების მანდატი აქვთ, მე არ ვიცი.” (სტილი დაცულია)

საგაზაფხულო სესიაზე “დემოკრატიული ფრონტი” პარლამენტს თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის დადგენილების პროექტს წარუდგენს. საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს საპარლამენტო უმრავლესობაც. მათ შორის მწვავე დისკუსია უკვე ამჟამადაა სავარაუდებელი, ისევე როგორც საფიქრებელია, რომ დეკემბერში დსთ-ის 15 წლისთავს საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოთა ცივილიზებულ განქორწინებად შეფასებული ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის ჯერჯერობით მისაღებია.
XS
SM
MD
LG