Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების თაობაზე


ოთხშაბათს ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართა დებატები ევროპის კავშირის შემდგომი გაფართოების თემაზე.

ძველი პოზიციისგან განსხავებით, ევროპარლამენტარები ნაკლებ ენთუზიასტურად უყურებენ გაფართოების საკითხს.

ევროპის პარლამენტში განწყობილების ცვლილება აშკარაა. ასეთი იყო მესიჯი დებატებისა, რომელზეც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

სულ რაღაც ერთი წლის წინ პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მკაფიო პესპექტივებს მოითხოვდა უკრაინისთვის. ევროპარლამენტართა მაშინდელმა პოზიციამ სხვებიც, მაგალითად, მოლდავეთი და კავკასიის ქვეყნებიც აღავსო იმედით.

მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ევროპარლამენტს უკვე უჭირს შეეგუოს იმ აზრთან, რომ ევროპის კავშირის მეზობელ სხვა ქვეყნებსაც სურთ ადრე თუ გვიან კავშირში გაწევრიანება.

გაფართოების შესახებ ანგარიშის ავტორმა ჩარლზ ტანოკმა ახსენა უკრაინა და მოლდავეთი. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკა არ არის კავშირის წევრობის ალტერნატივა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სხვებთან ერთად გაერთიანებულია საქართველოც.

ევროპარლამენტის ყველა დიდი პოლიტიკური ჯგუფი მიიჩნევს, რომ შემდგომი გაფართოება არ იქნება აქტუალური უახლოეს მომავალში.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელმარ ბროკმა განაცხადა ყველაზე დიდი, მემარჯვენე სახალხო პარტიის ფრაქციის სახელით, ევროპის კავშირმა სხვა გზას უნდა მიმართოს: გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიღების ნაცვლად ამ ქვეყნებში რეფორმებს უნდა შეუწყოს ხელი.

ამასთან, ტანოკის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა თავის გამოსვლაში მხარი დაუჭირა ასეთ მიდგომას. მისი თქმით, ევროპის კავშირის მეზობლებმა უნდა დაიმსახურონ ევროკავშირის მხრიდან პრივილეგიები.

ფერერო-ვალდნერის სიტყვებით, საშუალო პერსპექტივაში ევროპის კავშირი ახალ პროექტებს შესთავაზებს სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანებულ ქვეყნებს.

[ფერერო ვალდნერის] "ჩვენ გარკვეულ პროგრამებსა და სააგენტოებს გავხსნით სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორებისთვის. მაგალითად, დავიწყებთ მოლაპარაკებებს სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის პროდუქტების თაობაზე, ვიზების პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშავებთ უკრაინასა და მოლდავეთთან, უკრაინისთვის უკვე არსებობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მანდატი."

ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული მჭიდრო თანამშრომლობით იმიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

2007 წლიდან ევროკავშირს საგანგებო ბიუჯეტი ექნება სამეზობლო პოლიტიკის წევრთათვის. ექსპერტთა აზრით, ეს მას გაუადვილებს ჯოხისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გატარებას.

ევროპარლამენტის ანგარიშში რიგი კონკრეტული რეკომენდაცია და წინადადებაა მოცემული. მაგალითად, წინსვლა უნდა მოხდეს თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნის საკითხში.

რუმინეთსა და უკრაინას მოუწოდებენ ტერიტორიული დავის გადაწყვეტისკენ.

სომხეთსა და აზრებაიჯანს მოუწოდებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ, სომხეთს კი - დაკავებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნებისკენ. ანგარიში გამოდის წინადადებით, დადებულ იქნეს "ევროპის სტაბილურობის პაქტი" სამხრეთი კავკასიისთვის. მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და გაერომ.

ანგარიში შეიცავს აგრეთვე წინადადებას, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გავრცელდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც.
XS
SM
MD
LG