Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ქართულ ეკონომიკაზე


17 იანვარს მოსკოვში ”გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის ინსტიტუტის” დირექტორმა ეგორ გაიდარმა პრესკონფერენცია გამართა და რუსეთში 3-4 წლის შემდეგ მოსალოდნელ

ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა. გაიდარმა რუსეთის ხელისუფლებას დეფოლტის თავიდან აცილების საკუთარი რეცეპტებიც შესთავაზა. არსებობს თუ არა მსგავსი მზა რეცეპტები საქართველოში და შეუძლია თუ არა ქართულ ეკონომიკას თავი დაიცვას მეზობელ ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური რყევებისგან?

თავდაპირველად, რაც შეეხება ეგორ გაიდარის პრესკონფერენციას. მან, რუსეთის საფინანსო-საბანკო პოლიტიკისა და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის შემდეგ, დიაგნოზი დაუსვა რუსეთის ეკონომიკას. გაიდარის აზრით, 2009 წლისთვის მოსალოდნელია ნავთობის ფასების შემცირება, რაც რუსეთის ეკონომიკაში კრიზისს გამოიწვევს, ხოლო სახელმწიფო საბანკო სისტემაში კრედიტების მოცულობის ზრდა ფინანსურ სისტემას არასტაბილურობისა და კრიზისისკენ უბიძგებს.

ეგორ გაიდარის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, რა მოხდება საქართველოში, ანუ რა გავლენას იქონიებს რუსეთის კრიზისი საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემასა და, საერთოდ, ეკონომიკაზე? - ამ კითხვით მივმართე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს.

[რომან გოცირიძის ხმა] ”თუ სომხეთის ეკონომიკა კარგად განვითარდება, აზერბაიჯანის, თურქეთის და რუსეთის, ეს საქართველოსთვის არის კარგი, ვინაიდან იზრდება საქონელბრუნვა, განვითარებული ეკონომიკა თხოულობს მეტ კავშირს მეზობლებთან და, პირიქით, კრიზისი... თუნდაც იმავე თურქეთის კრიზისმა, რომელიც იყო ამ რამდენიმე წლის წინ, ძალიან უარყოფითად იმოქმედა საქართველოზე.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება თავად კრიზისის რეალურობას რუსეთში, რომან გოცირიძე ეგორ გაიდარისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ალბათობა იმისა, რომ ნავთობის ფასები ისე დაეცემა რომ რუსეთის ეკონომიკა დაინგრევა, ეს არის ნულის ტოლი. ვინაიდან 4-5 წლის წინ 1 ბარელი ნავთობი 10-15 დოლარი ღირდა, ახლა 6-ჯერ მეტია. რუსეთს ეს დამატებითი შემოსავლები აქვს აკუმულირებული სტაბილიზაციის ფონდში. ასე რომ, სწრაფად რაიმე რყევები რუსეთში მოსალოდნელი არ არის. გაიდარის განცხადება შეიძლება, გარკვეულწილად, პოლიტიკური კონტექსტის მატარებელიც იყოს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს, რუსეთის მსგავსად, ”სტაბილიზაციის ფონდი” არ გააჩნია, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყნის გაორმაგებული სავალუტო რეზერვები ლარის სტაბილურობის გარანტად მიაჩნია. ხოლო იმას, თუ რამდენად მზადაა საქართველოს ეკონომიკა მეზობელი ეკონომიკების რყევათა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადასატანად, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, კახა იმერლიშვილის, კომენტარიდან შეიტყობთ:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”ჩვენი ეკონომიკისთვის მთავარი არის ერთადერთი რამ, რომ ეკონომიკაში არ იყოს დიდი რყევები. უნდა ხდებოდეს ეკონომიკური ზრდა და იყოს სტაბილიზაციის პოლიტიკა. რადგან დიდი ეკონომიკური რყევები ეკონომიკას ანგრევს. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდის სტრატეგია, რომ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურმა კრიზისებმა დიდი გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე.”(სტილი დაცულია)

მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურმა კრიზისებმა საქართველო ორჯერ უკვე დააზარალა, განსაკუთრებით კი 1998 წელს რუსეთში განვითარებულმა საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა. მაშინ ქართული ეროვნული ვალუტის კურსი თითქმის 2-ჯერ დაეცა და ქვეყნის ეკონომიკაში მაშინ ისეთი კრიზისი დაიწყო, რომელიც წლების მანძილზე დაუძლეველ სენს ჰგავდა.
XS
SM
MD
LG