Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ყოფნის მართებულობის საკითხის


პარლამენტის მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ყოფნის მართებულობის საკითხის განხილვის დღის მოახლოებამ ქართული გაზეთების ყურადღება

კონფლიქტის მიმართ კიდევ უფრო გაამძაფრა. გთავაზობთ დღევანდელი გაზეთების მიმოხილვას.

”2007 წელს ცხინვალში ვერ შევხვდებით”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. ”რამდენად რეალურია ცხინვალის კონფლიქტის მიმდინარე წლის ბოლომდე გადაწყვეტა, რაზეც ხელისუფლების მაღალჩინოსნები საუბრობენ?” - ეკითხება კორესპონდენტი ზაქარეიშვილს, რომელიც ამბობს: ”ბოლომდე გადაწყვეტა გამორიცხულია, მაგრამ საქმის დაძვრა რეალურია. სანამ სრულ გადაწყვეტამდე მივალთ, შეიძლება 2-3 წელი გავიდეს, მაგრამ წლეულს ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ადგილიდან დაძვრის პროცესებს”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ქართულ-ოსური კონფლიქტის თემაზე ”ხვალინდელი დღე” აქვეყნებს ინტერვიუს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკისთან: ”მე არ მინდა სამშვიდობო ძალების გაყვანაზე ვილაპარაკო, როგორც უკვე გადაწყვეტილ საკითხზე. ჩვენთვის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მოლაპარაკებების განვითარებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღეისთვის რუსი სამშვიდობოები ამ მიზანს ვერ ან არ ახორციელებენ. მეტად ცოტა დრო დარჩა იმ დღემდე, როცა საქართველოს პარლამენტმა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების საქმიანობის საკითხი უნდა განიხილოს. თუკი ამ მოკლე ვადაში სამშვიდობოები თავიანთი მანდატის მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას შეძლებენ, მაშინ ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ მათ კონფლიქტის ზონა დავატოვებინოთ”, - ამბობს გიორგი ვოლსკი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

გაზეთი ”ალია” ინტერესდება იმით, მიდის თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში. ასეთი ვარაუდის საფუძველს ”ალიას” კორესპონდენტს სამხედრო ორბიტაზე კვლავ სარდლის სტატუსით პრეზიდენტ სააკაშვილის პროტეჟეს გენერალ-ლეიტენანტ გოგი თათუხაშვილის დაბრუნება აძლევს. ”ალია” იმასაც წერს, რომ გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დანიშნულ თათუხაშვილს ”თვალი გენერალური შტაბის უფროსობაზე უჭირავს”: ”საქმეში ჩახედულნი მიიჩნევენ, რომ გვარდიის სარდლობიდან გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე გადასკუპების შემთხვევაში თათუხაშვილი რეალურად შეიმუშავებს იმ დებულებებს, რომლის შედგენასაც ამდენი ხანია გვიკიჟინებენ ამერიკელი ინსტრუქტორები. ამით ორს კი არა, სამ კურდღელს ერთად დაიჭერს: გაამართლებს პრეზიდენტის ნდობას, პარტნიორი ქვეყნის ”დესპანების” გულს მოიგებს და ჯარის მართვის ბერკეტებსაც ხელში სრულად ჩაიგდებს. მერე ოქრუაშვილი გინდა დარჩენილა მინისტრად, გინდ - არა. ის თათუხაშვილს ვეღარაფერს დააკლებს”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი.

”24 სააათი” დღეს ბევრ სხვა თემასთან ერთად მწერალთა კავშირის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებულ დავაზე აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ”ამოცანა, სახელად ”მწერალთა კავშირი” - იერარქიული ხელოვნების ბრძოლა გადარჩენისთვის”. ავტორი, სოფო კილასონია, წერს: ”ჩვენ არც სასამართლო პროცესის გარჩევა გვაინტერესებს და არც ის არგუმენტები, რომლითაც მხარეები იბრძვიან, რადგან იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ შენობისთვის. მწერალთა და ხელოვანთა გარკვეულმა ჯგუფმა პროტესტი გამოხატა იმაზე, რაც, მათი აზრით, მათია და სხვა არავისი. ”დღეს არ იქნება შენობა, ხვალ არ იქნებიან არც ისინი, ყოველ შემთხვევაში, როგორც ორგანიზმი, რომელიც ქართული ლიტერატურული პროცესების ერთადერთი ამოსავალი, ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც ჭეშმარიტი ლიტერატურა იქმნება”, - დაახლოებით ასე შეიძლება მათი ერთგვარი პანიკის ფორმულირება და არც არაფერია ამაში გასაკვირი. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამ ორგანიზმს სახელმწიფო აფინანსებდა. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა იმას, რას და რისთვის ქმნიდნენ და მოღვაწეობდნენ”, - წერს დღევანდელი ”24 საათი” მწერალთა კავშირის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG