Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ აშინებთ ქართველ ჰომეოპათებს ფრინველის გრიპი


ფრინველის გრიპის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ დამატებით 15 მილიონი დოლარის დახარჯვა გადაწყვიტა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული

პროგრამის თანახმად, 8 მილიონი ამერიკული დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვას მოხმარდება, ხოლო სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიების გასატარებლად სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროები, შესაბამისად, 3 და 5 მილიონ დოლარს მიიღებენ. თუმცა ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის პროგრამაში არაფერია ნათქვამი სახიფათო ვირუსთან ბრძოლის სხვა, ალტერნატიული, ღინისძიებების დაფინანსებაზე. არადა, როგორც საქართველოს ჰომეოპათთა კავშირში ამტკიცებენ, ქართველმა ჰომეოპათებმა საკუთარი სახსრებით უკვე შექმნეს ფრინველის გრიპთან ბრძოლის ეფექტური საშუალება.

მთავრობის განკარგულებით, ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის პროგრამის განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტრომ მოლაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა გამართოს. საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით, ევროკომისიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და დახმარება ამ საქმეში. მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ეფექტურად დავიწყეთ ბრძოლა გრიპის გავრცელების წინააღმდეგ და ეს უკვე აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ვახორციელებთ ადეკვატურ ღონისძიებებს. ამიტომ ჩვენ გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, ევროკავშირმა, ასევე სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გაუწიონ დახმარება საქართველოს ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.“

პროგრამის მიხედვით, მოძიებული თანხა საზღვრის კონტროლის, რაიონული ვეტინსპექციებისა და საველე მონიტორინგის სადგურების გაძლიერებას მოხმარდება. გეგმის მიხედვით, დაფინანსდება ფრინველთა ვაქცინაცია მცირე ფერმებში. ასევე დაგეგმილია საგანგებო მდგომარეობისა და ეროვნული საკომპენსაციო ფონდების შექმნა. თუმცა საქართველოს მოსახლეობას გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო ევროკავშირის დახმარების იმედი როდი უნდა ჰქონდეს. თინათინ თოფურია საქართველოს ჰომეოპათიური აკადემიის რექტორი, ამბობს, რომ ფლობს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას:

[თინათინ თოფურიას ხმა] „არის მიმართული ბავშვების ბრონქებისა და ფილტვების გაძლიერებაზე და ორგანიზმში ისეთი მექანიზმები ირთვება, გარდა იმუნური სისტემისა, რომ უჯრედსა და ქსოვილში ვირუსის შეღწევა იქნება ძალიან რთული. ამდენად, ალბათობა დაავადების დამართვისა 80 პროცენტით იკლებს. მეორე სერია გამოვა რამდენიმე დღეში და განკუთვნილი იქნება ისევ ბავშვებისთვის. წამალს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი გრიპი დაემართებათ, რათა იოლად გადაიტანონ დაავადება.“

ქალბატონ თინათინის თქმით, წამალი, რომლის ღირებულება ლარი და ოთხმოცდაათი თეთრია, ორად ორ აფთიაქში დამზადდება და გაიყიდება. ცნობილი ჰომეოპათი იმედოვნებს, რომ „თოფურის“ დასახელებით გამოსული წამლების სერიას თოფის გასროლის ეფექტი ექნება:

[თინათინ თოფურიას ხმა] „ზოგადად ეს არის მინერალები, რომლებიც ბავშვებს სჭირდებათ და არის ბალახეული, მათ შორის, ნიორიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეზე ბევრს შაყირობენ ოფიციოზის წარმომადგენლები. ნიორი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა და ამაში სასაცილო არაფერი არ არის.“(სტილი დაცულია)

ახალი სამკურნალო საშუალების შესახებ არაფერი სმენია ჯანდაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს ხელმძღვანელს თინათინ ტურძელაძეს:

[თინათინ ტურძელაძის ხმა] „ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ეფექტური საშუალება არ არსებობს არც ჰომეოპათიური და არც კლასიკური. ის, რასაც აცხადებს ქალბატონი თინა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რისგან შედგება ეს წამალი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენთვის არ მოუმართავს. ისე, ნებისიმერ წამალს სჭირდება არა ლოცვა-კურთხევა, არამედ რეგისტრაცია, რათა ჩვენ ობიექტური მონაცემების საფუძველზე შევაფასოთ, ეფექტურია თუ არა ის. მაგრამ თუ ეს არის წამალი, რომელსაც ექიმი ინდივიდუალურად უნიშნავს ავადმყოფს და ის უნდა მომზადდეს აფთიაქში, მაშინ ამას რეგისტრაცია არ სჭირდება.“

თუმცა, წამლის სააგენტოს დამოკიდებულების მიუხედავად, ჰომეოპათიურ საშუალებებს ბევრი თბილისელი იმედით შეჰყურებს. ქალბატონი, რომელსაც მე ველაპარაკე, შვილების ჯანმრთელობას სწორედ რომ ალტერნატიულ მედიცინას უმადლის:

[ქალბატონის ხმა] „რამდენიმე თვის ბავშვი ასთმური შეტევებით იხრჩობოდა და ტრადიციული მედიცინით ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ასევე შუათანა ვაჟი, რომელიც ზამთარში ყინვაში ცურვის დროს ფრონტიტით და ჰაომორიტით დაავადდა, ერთ დღეში განკურნა და ცურვაზე გაუშვა.(სტილი დაცულია)

თავად თინათინ თოფურია კი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთ, გაცილებით ძლიერ, სამკურნალო საშუალებას შესთავაზებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ასეთი დრო ჯერ არ დამდგარა:

[თინათინ თოფურიას ხმა] „ჩვენ გვაქვს ისეთი პრეპარატი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად ამ ვირუსის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იმუშავებს, მაგრამ ჯერ ამას არ ვაკეთებთ. თუკი იქნება გრიპი და მოვა, მხოლოდ მაშინ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ წამალი არის საკმაოდ ძლიერი და ხალხმა რომ წინასწარ დაიწყოს მიღება, ამის საჭიროება არ არის.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG