Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს სააკაშვილის ფავორიტი გენერლის ეროვნული გვარდიის სარდლად დანიშვნა


ახალი წლის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. გენერალი გიორგი თათუხაშვილი,

რომელიც მე-4 ბრიგადის მეთაურის თანამდებობიდან მინისტრ ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო ნოემბრის დასაწყისში გადადგა, 16 იანვარს ეროვნული გვარდიის სარდლად დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის ფავორიტი გენერლის დანიშვნამ წარმოშვა მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი შეეცდება შეზღუდოს განუსაზღვრელი ძალაუფლება მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისა, რომელსაც ზოგიერთი ქართული გაზეთი უკვე ოპოზიციაში გადასვლასაც უწინასწარმეტყველებს.

ქართულ პრესაში გენერალი გიორგი თათუხაშვილის ეროვნული გვარდიის სარდლად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. მისმა წინამორბედმა, ბრიგადის გენერალმა სოსო ქუთათელაძემ კი, რომელიც გვარდიას ორი წლის განმავლობაში ედგა სათავეში, სამხედრო უწყებაში ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ერთადერთი ოფიციალური პირი, ვინც ეს დანიშვნა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში დაადასტურა, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გახლდათ:

[გივი თარგამაძის ხმა] "მე ვფიქრობ, გოგი თათუხაშვილი არის ღირსეული ოფიცერი, რომელმაც ეს ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში და, ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გვარდიას."

მაგრამ გიორგი თათუხაშვილის დანიშვნა გვარდიის სარდლად ასევე გააძლიერებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას სამხედრო უწყებაში და გარკვეულად შეუზღუდავს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იჭრება ისეთ სფეროებში, რომელიც ან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა, ან კიდევ კონფლიქტის მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრისა.

ღირს გავიხსენოთ, რომ ეროვნული გვარდიის ახალი სარდალი "ვარდების რევოლუციამდე" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო, რევოლუციის შემდეგ კი - შინაგანი ჯარების სარდალი. გენერალ თათუხაშვილს, შინაგანი ჯარების თავდაცვის სამინისტროში გაერთიანების შემდეგ, ბევრი უწინასწარმეტყველებდა სახმელეთო ჯარების სარდლობას, მაგრამ ეს დანიშვნა ერთი წლის წინ თუ ვერ განხორციელდა, ეს თავად თათუხაშვილის ბრალია, რომელმაც სახმელეთო ჯარების ისეთი პროექტი შესთავაზა სამხედრო კოლეგიას, რომ, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სულ მალე თავდაცვის სამინისტრო გადაიქცეოდა სახმელეთო ჯარების სახეობად და არა პირიქით.

სამხედრო კოლეგიასთან ურთიერთობა რომ არ გაეფუჭებინა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალი თათუხაშვილი ამის შემდეგ მე-4 ბრიგადის მეთაურად დანიშნა, რაც თათუხაშვილისათვის აშკარად დაქვეითებას ნიშნავდა. შეიძლება ამის გამო იყო, ან შეიძლება კიდევ იმიტომ, რომ გენერალს ხანგრძლივი ვადით მოუხდა საზღვარგარეთ მკურნალობა, თათუხაშვილი პირდაპირ ვეღარ მონაწილეობდა ბრიგადის მართვაში. არსებობს ვარაუდი, რომ მებრძოლი გენერალი თათუხაშვილი ვერ შეეწყო გენერალური შტაბის უფროსს ლევან ნიკოლეიშვილს და აკრიტიკებდა სამხედრო სისტემიდან პროფესიონალების გაძევების ტენდენციას. შესაბამისად, ვალში არც ნიკოლეიშვილი დარჩა. თვე-ნახევრის წინ სამხედრო პოლიციამ მე-4 ბრიგადის ზურგის რამდენიმე ოფიცერი სურსათის მითვისების გამო დააკავა, შემდეგ კი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პოლკოვნიკი გიგიაძე. ამას სულ რამდენიმე დღეში მოჰყვა მასობრივი ცემა-ტყეპა სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რის გამოც 12 ჯარისკაცი და ოფიცერი ჰოსპიტალიზებული აღმოჩნდა. საინფორმაციო გამოშვებებში გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ სამხედრო ნაწილში დისციპლინის ჩავარდნის გამო დადგებოდა გენერალ თათუხაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, თათუხაშვილმა იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე და ცემა-ტყეპამდე 4 დღით ადრე სამხედრო ნაწილის მეთაურობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გენერლის "კარჩაკეტილობით" აშკარად იყო განრისხებული, უმალვე დააკმაყოფილა ეს განცხადება.

მაგრამ გენერალ თათუხაშვილის "ჩრდილში" ყოფნა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მალე გაიხსენა ერთგული გენერალი და მას ახალი წლის წინ ეროვნული გვარდიის სარდლობა ჩააბარა, რითაც თავისებური საჩუქარი მოუმზადა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც თავდაცვის მინისტრად ასევე ახალი წლის წინ, 2004 წლის დეკემბერში, დაინიშნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG