Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” საქმის საპარლამენტო გამოძიება


20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და კომპანიის დირექტორის დავით კოხრეიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

როგოც ცნობილია, რამიშვილს ბრალი ედება დეპუტატ კობა ბექაურისგან ქრთამის აღებაში. კობა ბექაურის ასეთი ქმედების მიზეზებს იძიებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. მისი მორიგი სხდომაც 20 იანვარს გაიმართა. როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და რისი გარკვევა მოხერხდა საპარლამენტო გამოძიებისას?

საქართველოს პარლამენტში საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” დაკავშირებით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის წევრის - უფრო კონკრეტულად კი, დეპუტატ კობა ბექაურის - ”ოპიზასთან” უკანონო კავშირის დადგენა ევალება. კომისიამ 20 იანვრის სხდომაზე “ოპიზის” მეწილეებისა და თანამშრომლების დაკითხვა გააგრძელა. ცივ დარბაზში შეკრებილი დეპუტატები უხალისოდ, თითქოს მხოლოდ პროცედურის დაცვის მიზნით, სვამდნენ შეკითხვებს. მაგალითად კომისიის თავმჯდომარის, ფრიდონ რუხაიას, კითხვები გამოდგება:

[ფრიდონ რუხაიას ხმა] ”საქართველოს პარლამენტის წევრებთან თუ გაქვთ ურთიერთობა თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?”


ამ კითხვაზე საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” სხვადასხვა სამსახურის უფროსები, აი, ასეთ პასუხებს იძლეოდნენ:

[“ოპიზის” თანამშრომლები] ”არავითარი, არავითარი შეხება არ მქონია...”

”არავის შევუწუხებივარ...”


”არავითარი, აბსოლუტურად არაფერი ურთიერთობა არ მაქვს საქმიანი, არავითარი.”

ეს ქალბატონი, ნანული ჯავახაძე, “ოპიზის” ბუღალტერია. მან, ისევე როგორც დაკითხულთა უმრავლესობამ, საკომიტეტო მოსმენაზე აღიარა, რომ ან პირადად კობა ბექაურის, ან მისი ოჯახის მეგობარია.


[ნანული ჯავახაძის ხმა] ”ბექაურს ვიცნობ ძალიან კარგად, ოჯახსაც და ყველას, მაგრამ სამსახურებრივი ურთიერთობა არ გვაქვს, დიდი ხანია ვიცნობ.”

[ზურაბ ბაღდოშვილის ხმა] ”... ნუ, მინახია 1-2-ჯერ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ, ბავშვობის მეგობარია.”

ეს უკანასკნელი, ზურაბ ბაღდოშვილი, ”ოპიზის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა. ისიც, ისევე როგორც კომისიაზე გამოკითხულთა უმრავლესობა, სიამაყით აღიარებდა, რომ სერგო ჯავახაძის, “ოპიზის” ხელმძღვანელის, მეგობრებიც არიან და სწორედ მისი რეკომენდაციით მოეწყვნენ სამსახურში. ზოგიერთი მათგანი ისე ენდობა სერგო ჯავახაძეს, რომ “ოპიზის” წილის შეძენაც კი მას მიანდო. მამუკა ბილანიშვილი “ოპიზაში” ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ამ კომპანიის დაახლოებით 5%-იანი წილის მფლობელიც.

[მამუკა ბილანიშვილის ხმა] ”მე ფული ჯავახაძეს მივეცი, რამდენადაც ვიცი, მან გადასცა სიჭინავას.”

აქვე მოვუსმინოთ სერგო ჯავახაძეს, რომელიც აცხადებს, რომ სიჭინავა მხოლოდ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გაიცნო:

[სერგო ჯავახაძის ხმა] ”სამსახურში არის ის ხალხი, ვისაც ვენდობით, რა, და ეგ არის, მეტი არაფერი. - და ეს ხალხი ამბობს, რომ წილების გადაფორმების დროს თქვენ გაძლევდათ ფულს და თქვენ გადასცემდით სიჭინავას. - ტყუილია.”(სტილი დაცულია)

ჩვენებებში მსგავსი შეუსაბამობები მრავლად აღმოაჩინა საპარლამენტო კომისიამაც, რომელმაც 20 იანვრის სხდომაზე საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” ყოფილი მფლობელის, კალისტრატე სიჭინავას, ხელახლა დაკითხვა გადაწყვიტა. საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის გამოკითხვის შემდეგ დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე დეპუტატი კობა ბექაურიც წარდგება.
XS
SM
MD
LG