Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც საქართველოში მოსამართლეთა გასამართლების უფლება აქვს


ორშაბათს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგია მის მიერვე დასჯილი მოსამართლეების საჩივარს განიხილავს. კოლეგიამ უზენაესი სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება

გასული წლის ბოლოს შეუწყვიტა, ერთს კი - შენიშვნა გამოუცხადა.

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებას არც ერთი მათგანი არ ეთანხმება და არც ვერდიქტის შეცვლის იმედი აქვს. მიუხედავად ამისა, დასჯილმა მოსამართლეებმა დღეს ახალი საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მიზეზად კანონის დარღვევის ახლად აღმოჩენილი ფაქტი დაასახელეს. სად რა აღმოაჩინეს მეამბოხეებად წოდებულმა მოსამართლეებმა?

კანონის თანახმად, სადისციპლინო საბჭოს წევრი, რომელსაც მოსამართლეთა საქმიანობაზე მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უფლება აქვს, იურისტი უნდა იყოს და სპეციალობით მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. საბჭოს ერთი წევრი რომ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, დასჯილმა მოსამართლეებმა პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე ახლახან აღმოაჩინეს:

[მერაბ ტურავას ხმა] ,,ქალბატონი ნინო კალანდაძე კანონის ყოველგვარი მოთხოვნის დაცვის გარეშე გახდა სადისციპლინო კოლეგიის წევრი და გაგვასამართლა ჩვენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.” (სტილი დაცულია)

მოსამართლე მერაბ ტურავას და მის კიდევ სამ კოლეგას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სადისციპლინო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად უფლებამოსილება დეკემბერში შეუწყვიტა. დასჯილი მოსამართლეები აცხადებენ, რომ ნინო კალანდაძემ იურისტის სპეციალობით მუშაობა 2002 წლის ოქტომბერში დაიწყო და სადისციპლინო საბჭოს წევრად დამტკიცების მომენტში მისი სტაჟი მხოლოდ ორ წელიწად-ნახევარი იყო. ამასთან, არ დარღვეულა დისციპლინური სამართალწარმოების კანონის ის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საბჭოს წევრობა საქართველოში 25 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,უკაცრავად, მაგრამ შევარცხვინე ის კანონი, რომელიც 25 წლის პირს აძლევს უფლებას გახდეს მოსამართლეების მსაჯული. 25 წლის პირს ბუნებაში არ შეიძლება ჰქონდეს 5 წლის სპეციალობით მუშაობის გამოცდილება. თუნდაც ასე იყოს, მას ცხოვრებისეული გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, გარდა ამ ფორმალური მოთხოვნისა.” (სტილი დაცულია)

მოსამართლეთა ადვოკატი ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ სადისციპლინო საბჭო მოსამართლეებს ედავებოდა სამართლებრივად საკმაოდ რთული კატეგორიის საკითხთა გამო, რომელთა გადაწყვეტას კვალიფიციური განათლება და პროფესიული გამოცდილება სჭირდება:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და არა რიგითი წევრი პარლამენტის, რომელსაც აქვს მხოლოდ ორი წლის სამუშაო გამოცდილება. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონს ასეთი ,,კვალიფიციური” იურისტები გვიწერენ, სადაც უზენაესი სასამართლოს ყველაზე გამოცდილ, ყველაზე საიმედო მოსამართლეებს ასამართლებენ ასეთი კვალიფიკაციის და ასეთი განათლების მქონე პირები.” (სტილი დაცულია)

არაკვალიფიციურობისა და იმის მაგალითად, როგორ არ უნდა იწერებოდეს იურიდიული დოკუმენტი, მოსამართლეებს სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება მოჰყავთ. დავით სულაქველიძე, რომელსაც საბჭომ მხოლოდ შენიშვნა გამოუცხადა, განმარტავს, რომ მოსამართლეთათვის ვადების დარღვევის გაუქმებულ ბრალდებაზე ნათქვამი არაფერია დასკვნის სარეზოლუციო ნაწილში, არადა, იურიდიული ძალა მხოლოდ ამ ნაწილს ენიჭება:

[დავით სულაქველიძის ხმა] ,,ეს იმას ნიშნავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ, თავისი ჭკუით, გაგვამართლა გარკვეულ ბრალდებებში, მაგრამ იურიდიულად, ბატონებო, ჩვენ გამართლებული არა ვართ. ამიტომ ჩვენ თავიდან მოგვიხდება, სამწუხაროდ, იგივეს მტკიცება.” (სტილი დაცულია)

დასჯილი მოსამართლეები თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვენ საბჭოს წევრად ნინო კალანდაძის დამტკიცების უკანონოდ აღიარებას და შეჩერებას იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც ხელს სხვებთან ერთად კალანდაძეც აწერს. მოსამართლეები გენერალური პროკურორისგან ითხოვენ, დაინტერესდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს მდივნის მიერ კანონის დარღვევით, რადგან ისინი კოლეგიის წევრად კალანდაძის დამტკიცების ხელმომწერები არიან.

თავად სადისციპლინო საბჭო, რომლის შემადგენლობას მოსამართლეთა საჩივრის განხილვისას მხოლოდ 2 ახალი წევრი შეემატება, ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე, შეიკრიბება. ზუსტად ამ დროს დანიშნულია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის კრებაც, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი - სადისციპლინო საბჭოში მოსამართლეთა ინტერესების დამცველია. ამ დამთხვევას მეამბოხეებად წოდებული მოსამართლეები მიზანმიმართულს უწოდებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG