Accessibility links

logo-print

გალში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირა ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პოლიტიკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა: ცხინვალის წარმომადგენელთა პოზიციის გამო, გადაიდო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული

საკონტროლო კომისიის სხდომა - ქართული მხარე შეხვედრის ადგილად თბილისს სთავაზობდა კომისიის წევრებს, ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები კი არჩევანს ვლადიკავკაზზე აკეთებდნენ. კვირის ბოლოს გადაიდო გალში დაგეგმილი ქართულ-აფხაზური შეხვედრა - ოფიციალური ინფორმაციით, ეს გაუარესებული ამინდის გამო მოხდა.

21 იანვარს დილიდან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სფეროში ჰაიდი ტალიავინი უშედეგოდ ელოდნენ ფრენის გამოცხადებას - უამინდობის გამო თბილისიდან დელეგაცია სენაკში ვერ გაემგზავრა. ამ დროისთვის არსებული ცნობით, ქართულ-აფხაზური შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 იანვარს გაიმართება. შეხვედრაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავა და სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა იმ დოკუმენტებს განიხილავენ, რომლებზეც მუშაობა 2003 წელს დაიწყო და რომლებიც საომარი მოქმედებების განუახლებლობის პირობებსა და დევნილთა დაბრუნების მექანიზმებს განსაზღვრავს.

სოხუმის ხელისუფლება არ ეთანხმება ქართული მხარის მიერ უკვე მომზადებული დოკუმენტის პროექტში შეტანილ შესწორებებს: კერძოდ, დოკუმენტებში აფხაზეთის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიორთა ჩამონათვალში არ ფიგურირებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალები. - შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, თუ უახლოეს ხანებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მოქმედებას ხელშესახები შედეგები არ მოჰყვა, ქართული მხარე ცისფერჩაფხუტიანების გაყვანას მოითხოვს - სოხუმის ხელისუფლება კი რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისის მიერ შეტანილი ცვლილებებით, დევნილები არა მხოლოდ გალის, არამედ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უნდა დაბრუნდნენ. სოხუმის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დევნილების დაბრუნება ახალი დაპირისპირების პროვოცირებას გამოიწვევს.

აი, ასეთი პოზიციები აქვთ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მორიგი შეხვედრის წინ. აფხაზეთის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ვარაუდით, მხარეთა შეხვედრები დადებით დინამიზმს შესძენს მოლაპარაკებათა პროცესს.
XS
SM
MD
LG