Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვაში შევეცდებით, ყურადღება მივაპყროთ სოციალურად აქტუალურ რამდენიმე საკითხს, რომელთა


დავით პაიჭაძე, თბილისი პრესის მიმოხილვაში შევეცდებით, ყურადღება მივაპყროთ სოციალურად აქტუალურ რამდენიმე საკითხს, რომელთა შორის არ მოვაქცევთ ფრინველის გრიპს. გრიპზე მსმენელსა თუ მკითხველს არ აკლდა

ინფორმაცია ინფორმაციის სხვა წყაროებიდანაც. გასულ კვირაში დაიწყო შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის სასამართლო პროცესი, საპარლამენტო კომისია აგრძელებდა დეპუტატ კობა ბექაურისა და საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” კავშირების კვლევას. გაზეთი ”ალია” წერს, რომ “ოპიზაში” საგადასახადო ინსპექცია შედის. აქამდე ტერმინალი არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოს არ შეუმოწმებია. პროკურატურა შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ბექაურს წილი სამარშრუტო ტაქსების ბიზნესში. საპარლამენტო კომისიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ”ალიას” ეუბნება, რომ ”ოპიზის” მეწილეებიდანაც კი მოდის ინფორმაცია, რომ რეალურად ეს დეპუტატ ბექაურის ბიზნესია, მაგრამ, სამწუხაროდ, დოკუმენტურად ამას ვერ ასაბუთებენ.


”რეზონანსი” წერდა ძლიერი ყინვის შესახებ, რომელიც საქართველოშია მოსალოდნელი. საქართველოს ისლანდიიდან წამოსული ციკლონი უახლოვდება, რომელსაც არქტიკული ცივი ჰაერის მასა მოსდევს. კვირა დღიდან ყინვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება: დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ მინუს შვიდ, აღმოსავლეთ საქართველოში კი მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა. ქართველი გეოლოგები ვარაუდობენ, რომ, ყინვების შედეგად, გაზაფხულზე ღვარცოფები და მეწყრებია მოსალოდნელი. სტიქიის გააქტიურებას ადრე გაზაფხულზე ელიან სამეგრელოს წინა ზონაში, აჭარის დაბალმთიან ზონაში, იმერეთის დაბლობსა და გურიაში. აპრილიდან მეწყრების საშიშროება იქმნება რაჭა-ლეჩხუმსა და მთიულეთში. უახლოეს მომავალს რაც შეეხება, ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, პიკი 24-25 იანვარს იქნება, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა -12 გრადუსსს მიაღწევს.


მოწევა - ეს არ არის მხოლოდ ცუდი ტონი, ეს კანონის დარღვევაა, წერს გაზეთი “ახალი 7 დღე”, რომელიც ვრცელ სტატიას უძღვნის თამბაქოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას. თამბაქოს მოხმარებას, რეალიზაციას, რეკლამას, სხვა შეზღუდვებს სამი წლის წინ მიღებული კანონი არეგულირებს. ამას ემატება ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებები, რომელიც ჯარიმას აწესებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევისათვის. მომავალ სესიაზე ცვლილებები და დამატებები უკვე ამ კანონში უნდა შევიდეს. ჯერჯერობით ეს კანონები საქართველოში, ფაქტობრივად, არ მოქმედებს. მომავალი ცვლილებები მოქმედ კანონს უფრო ამკაცრებს, მაგალითად, კრძალავს სპონსორობას, რომელსაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამა ახლავს. თამბაქოს კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გელა კობეშავიძე “ახალ 7 დღეს” უცხადებს, რომ 23 იანვრიდან ეს ორგანიზაცია სავაჭრო ობიექტებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში რეიდებს იწყებს, რათა კანონის დაცვას შეუწყოს ხელი.


ახლა ორიოდე ფრაგმენტი შაბათის, 21 იანვრის, პრესიდან: საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლა შემცირდა, - წერს გაზეთი “24 საათი”. შემცირება, გარკვეულწილად, გამოიწვია იმან, რომ დასრულდა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. საქართველო არ არის მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისათვის, ამტკიცებს გაზეთი და მოჰყავს საამისო მიზეზები: კონფლიქტური ზონები, რთული საგადასახადო კოდექსი, სირთულეები სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვის მიღებისას, მაღალი პროცენტი კრედიტზე... მაგალითად, საქართველოში სესხი წლიური 18-20 პროცენტით უნდა გაისტუმრო, ვთქვათ, ჩეხეთში კი - 7 პროცენტით. ექსპერტთა აზრით, წერს “24 საათი”, არსებობს რამდენიმე გამოსავალი: ნაწილს მიაჩნია, რომ უცხოელ ინვესტორებს სერიოზული საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესდეს, მაგალითად, ე.წ. საგადასახადო არდადეგები, რაც ნიშნავს მის გათავისუფლებას მოგების გადასახადისაგან ასე, 5-10 წლით.


”ახალი თაობა” მკითხველს აუწყებს, რომ თებერვალში საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის ფაქტობრივი პრეზიდენტის შეხვედრა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაითვალისწინებს ქართული მხარე აფხაზების შენიშვნებს ხელმოსაწერ დოკუმენტებზე. ”მზად ვართ, გავითვალისწინოთ აფხაზური მხარის საფუძვლიანი შენიშვნები, მეტად ავსახოთ აფხაზური მხარის პოზიციები ამ დოკუმენტში და წავიდეთ კომპრომისის გზით”, აცხადებს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხებში ირაკლი ალასანია. ლაპარაკია დოკუმენტზე საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ. აფხაზებისთვის მიღებელია დებულება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში არ განიხილება დსთ-ის სამშვიდობო ძალები და ლაპარაკია დევნილთა არა მარტო გალის, არამედ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაბრუნების თაობაზე.
XS
SM
MD
LG