Accessibility links

logo-print

ნატოს საინფორმაციო ცენტრის მორიგი “პარასკეობა”- შეხვედრა, რომელსაც დიდხანს ელოდნენ


საქართველოში მოქმედი ნატოს საინფორმაციო ოფისი,

მოსახლეობაში განმარტებითი მუშაობის გარდა, ცდილობს ხელი შეუწყოს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამის პირველი მცდელობა იყო 20 იანვრის ლექცია-სემინარი, რომელსაც, სამხედრო აკადემიის მსმენელებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ცნობილი ექსპერტები ესწრებოდნენ. შედეგად კი შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ სამხედრო უწყება აღარ განიხილავს ოპონენტებს მტრებად და მზად არის დიალოგისათვის.

2006 წელი საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს წლად გამოაცხადა. აქ იგულისხმება რეფორმების გაღრმავება ყველა მიმართულებით, რათა წლის ბოლოს ქვეყანამ შეასრულოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები და გადავიდეს ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე, ანუ ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიის შემსწავლელი ფონდის მთავარი ექსპერტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ შესასრულებელი ვალდებულებები გაცილებით მეტია, ვიდრე - შესრულებული:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “პირველი შეფასება “აი-პა-პისა” გახლდათ დაახლოებით ასეთი: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია.”

ირაკლი მენაღარიშვილი პირველი მოწვეული მაღალი რანგის ექსპერტი გახლდათ, ვინც ნატოს საინფორმაციო ოფისში სამხედრო აკადემიის მსემენელებთან გამართულ შეხვედრაში ღებულობდა მონაწილეობას. ამჯერად საუბრის თემად შეირჩა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები, რაც, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ნატოს წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “2006 წელს განსახორციელებელ ვალდებულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობის სფეროში ნაბიჯების გადადგმა. და ეს ეხება მთელ საზოგადოებას.”


შეხვედრაზე სამხედრო აკადემიის ყველა მსმენელს გადაეცა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის მიერ თარგმნილი სამუელ ჰანტინგტონის მონოგრაფია “ჯარისკაცი და სახელმწიფო”, რომელიც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს. თუმცა, ამ ფონზეც კი, სამხედროებმა თავი შეიკავეს მიკროფონთან საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან და ეს საქმე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსს შალვა ძებისაშვილს მიანდეს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩვენთან საუბარში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს არ უცდია ნათელ ფერებში წარმოეჩინა საკუთარი უწყების მუშაობა:

[შალვა ძებისაშვილის ხმა] “მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სამხედრო უწყება არის ჩაკეტილი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის მოთხოვნა, რაც საზოგადოებაში არსებობს და, შესაბამისად, დონე გახსნილობისა, რაც არის თავდაცვის სფეროში, გარკვეულად, არის არადამაკმაყოფილებელი საზოგადოებისა, რაც იწვევს ადეკვატურ რეაქციას.” (სტილი დაცულია)

უნდა აღინიშნოს, რომ შალვა ძებისაშვილი სამხედრო უწყების პირველი მაღალჩინოსანია, ვინც ბოლო 4 თვის განმავლობაში რადიო “თავისუფლებას” ინტერვიუ მისცა. ამ საუბრიდან ყველაზე სასიამოვნო იმის გაგება გახლდათ, რომ სამხედრო უწყება არ განიხილავს არაკეთილმოსურნეებად ჟურნალისტებს, რომლებიც თავდაცვის სფეროს ნაკლოვან მხარეებზე წერენ. თუმცა თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსს არ დაუმალავს, რომ სამხედროებსა და სამოქალაქო სექტორს შორის ბოლომდე იდეალური ურთიერთობა ობიექტურად შეუძლებელია:

[შალვა ძებისაშვილის ხმა] “კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში ყველას დეტალებში აინტერესებს, თუ რა ხდება საქართველოში. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხედრო სფერო ვერ იქნება ისე გახსნილი, როგორც სხვა სფეროები.”(სტილი დაცულია)

სხვა სფეროებისაგან განსხვავებით, იერარქიული სამხედრო უწყება, მართლაც, ვერ იქნება ბოლომდე გახსნილი საზოგადოებისათვის. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ბოლო ხანს ჯარისკაცები და ოფიცრები სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებიან მათი დამცველები მავთულხლართებით შემოღობილ სამხედრო ყაზარმებში.
XS
SM
MD
LG