Accessibility links

2003 წლის ნოემბერში, როცა “მემარცხენე ორიენტაციის”


2003 წლის ნოემბერში, როცა “მემარცხენე ორიენტაციის”

ბრიტანულ გაზეთ “გარდიანში” ვარდების რევოლუცია შეფასდა როგორც “ოპერეტა-რევოლუცია”, ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ სწორედ ოპერეტა გახდებოდა ახალი ქართული კულტურის პრიორიტეტული სფერო. ქართული კულტურის ჩინოვნიკები ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ. უფრო მეტიც, ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ არა ოპერეტას, არამედ ოპერასა და ბალეტს, მაგრამ ფაქტია: რევოლუციის შემდეგ მხიარულმა და მსუბუქმა მუსიკალურმა სანახაობებმა სრულიად განდევნა სერიოზული ხელოვნება ეროვნული კულტურის სივრციდან. არსებითად ეს სენი თავის დროზე პოსტკომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნებსაც შეეყარათ – სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში... იმხანად პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში ხელოვნების მოყვარულები ჩიოდნენ, რომ მასკულტურამ (თანაც, საეჭვო ხარისხის მასკულტურამ) მთლიანად დაიპყრო სატელევიზიო ეთერი, კინოთეატრები და თეატრები. 90-იანი წლების მიწურულს პოლონელმა კინორეჟისორებმა ანჯეი ვაიდამ, ქშიშტოფ ზანუსიმ, ეჟი კავალეროვიჩმა ღია წერილითაც კი მიმართეს თავიანთ ხალხს: ნუ მოექცევით იაფფასიანი სატელევიზიო შოუსა და მიუზიკჰოლის გავლენის ქვეშო... პოლონელმა რეჟისორებმა კი არა, თავის დროზე ჰერმან ჰესემ იწინასწარმეტყველა: მეოცე საუკუნეში ოპერეტა განდევნის ოპერას და დადგება “კროსვორდებისა და ფელეტონების ეპოქა”, ხელოვნება ადამიანებს მხოლოდ გასართობად დაჭირდებათო.

მაგრამ პოსტკომუნისტურ პოლონეთში დიდმა მხატვრებმა არა მარტო ღია წერილებით გამოხატეს თავიანთი პოზიცია, არამედ, პირველ რიგში, თავად გაემიჯნენ მასკულტურას. ამბობენ, რომ ანჯეი ვაიდას არაერთხელ შესთავაზეს დაედგა თეატრში მსუბუქი სანახაობა - ეუბნებოდნენ, ასეთია დღეს “მოთხოვნილება”, “საზოგადოების დაკვეთაო” (ნაცნობი და პოპულარული ფრაზები დღევანდელ საქართველოში), მაგრამ ვაიდა ამ სატყუარაზე არ წამოეგო... განსხვავებით ჩვენი სახელოვანი არტისტებისგან, რომლებიც “საზოგადოების დაკვეთას” სიამოვნებით ასრულებენ ხოლმე...აი, მაგალითად, ამ კვირაში შევიტყვეთ, რომ პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, კომპანია “თელასის” დაკვეთით, “ქეთო და კოტეს” მელოდიებზე “კლასიკურ მუსიკაზე შექმნილ პირველ ქართულ კლიპში” დაუკრავს... ზუსტად ასე თქვეს კულტურის სფეროში დასაქმებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა – “კლასიკურ მუსიკაზე შექმნილ კლიპსო”... “ქეთო და კოტე”, მოგეხსენებათ, ვიქტორ დოლიძის ოპერაა და არა საფორტეპიანი ნაწარმოები... ე.ი. რაღაც ინტერპრეტაციას უნდა ველოდეთ. “თელასის დაკვეთით” – საფორტეპიანო პიესას “ქეთო და კოტეს” მოტივებზე... იმ “ქეთო და კოტესი”, რომელსაც თავის დროზე “ოპერა” პირობითად ეწოდა. მუსიკალური ხელოვნების ნიუანსების ცოდნა მაინცდამაინც საჭირო არაა იმისათვის, რომ ამ ნაწარმოებს არა “ოპერა”, არამედ “ოპერეტა” ან, უბრალოდ, “ოპერა-ბუფა” ვუწოდოთ.

აი, თუ როსინიმ უწოდა “ოპერა-ბუფა” თავის პირველ ოპერას, “საქორწინო გარიგებას”, დაუშავდა რამე ამ ნაწარმოებს? “შამპანიურის შხეფებს” შეადარა პუშკინმა როსინის მუსიკა, რომელიც ავტორმა 18 წლის ასაკში დაწერა. ბეთჰოვენმა ურჩია კიდეც, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი მუსიკა წერე, ეს ყველაზე უკეთ გამოგდისო... როსინიმ რჩევა არ გაითვალისწინა, სერიოზულ მუსიკასაც შეეჭიდა, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოში “სევილიელ დალაქსა” და “კონკიას” უფრო დგამენ, ვიდრე როსინის “ვილჰემ ტელს”. დგამენ “საქორწინო გარიგებასაც”... და ახლა უკვე თბილისში - თანაც, არა ოპერაში, არამედ “ოპერეტაში” (უკაცრავად, მუსკომედიას ახლა “მუსიკალური ცენტრი ჰქვია”)

როსინის შეფასებაში შეიძლება შეგვეკამათონ კიდეც... მაგრამ თუკი ამ დღეებში ახლად გახსნილ მუსიკალურ თეატრს ესტუმრებით და ნახავთ დავით დოიაშვილისა და ნიკა მემანიშვილის მიერ დადგმულ და გადამუშავებულ “საქორწინი გარიგებას”, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ეს ადამიანები მუსკომედიას ვარდების რევოლუციის წლისთავებისადმი მიძღვნილ სანახაობებზე ბევრად უკეთ დგამენ... ვიღაცის ფონოგრამაზე (ამბობენ კარაიანისო) დაკრულ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას რატომ არ სჯობია ვითომ ცოცხლად შესრულებული როსინი?! მაშინაც კი, როცა როსინის მუსიკა, შეიძლება ითქვას, “ხულიგნურადაა” გადაკეთებული.

[ხმა.სოპრანო. “წყვილმა ავტომობილში გადაინაცვლა”]

მუსიკალური ცენტრის გახსნა ასეთი “ხულიგნური სპექტაკლით”, სადაც ვენეციის არხები საცურაო აუზითაა შეცვლილი, სადაც მსახიობებს, თქვენ წარმოიდგინეთ, საბანაო კოსტიუმებში უხდებათ სიმღერა და ერთ სცენაში სტრიპტიზიც კია ჩართული, იმის მანიშნებელია, რომ თბილისში ახლა უკვე გვაქვს ბერლინის “კომიშე ოპერის” მსგავსი თეატრი. იქ, “კომიშე ოპერაში”, იშვიათად მღერიან პირველი კლასის სოლისტები, ორკესტრიც არაა საუკეთესო, მაგრამ თითქმის ყოველთვის არის ექსპერიმენტი – “კომიშე ოპერაში” დადგმულ წარმოდგენებში ყოველთვის ცდილობენ სანახაობრივი გახადონ საოპერო ხელოვნება და იხსნან კლასიკური ოპერა სტატიკურობისაგან.

“საქორწინო გარიგება” ასეთი სანახაობაა სწორედ. ერთმოქმედებიან სპექტაკლში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, იმდენი რეჟისორული მიგნებაა და მსახიობებიც ისეთი სიამოვნებით თამაშობენ და მღერიან, რომ დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს უკვე ვისი მუსიკა სრულდება სცენაზე. როდესაც თვალი უფრო დაძაბულია, ვიდრე ყური, სიმღერისა და დაკვრის ხარისხსაც ნაკლებად გრძნობ. მიუხედავად ამისა, მაინც მოგასმენინებთ ახლა “საქორწინო გარიგების” ერთ მუსიკალურ ფრაგმენტს.

[ხმა. გუნდი]

აქვე უნდა ითქვას, რომ მუსიკალური თეატრის შენობის რეკონსტრუქცია ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ “საქორწინო გარიგება” ჯერჯერობით ყოფილი მუსკომედიის ფოიეში დაიდგმება. ამიტომაცაა დარბაზში საკმაოდ ცუდი აკუსტიკა. მიუხედავად ამისა, მხატვარმა თეა თელიამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა სასცენო სივრცე ეგრეთ წოდებული “იარუსებიანი დეკორაციისთვის”...ცუდმა აკუსტიკამ არ მოგვცა საშუალება ვიმსჯელოთ ახალგაზრდა სოლისტების ვოკალურ შესაძლებლობებზეც, თუმცა, მუსიკის სპეციალისტების აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სოლისტებმა სულ ახლახან დაამთავრეს კონსერვატორია (ზოგმა კი, საერთოდ, თეატრალური ინსტიტუტის მუსკომედიის ფაკულტეტი), “საქორწინო გარიგების” პრემიერაზე თითქმის ყველამ მაქსიმალურად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

[ხმა. დუეტი]

რაც შეეხება წარმოდგენის დრამატურგიას...აი, ამ თვალსაზრისით კი, სპექტაკლში ნამდვილად არაფერია ახალი. ეს ძველთაძველი ხერხი, აღებული “პირანდელოდან”, “თეატრი – თეატრში”, იმდენადაა გადაღეჭილი, რომ თავიდანვე იქმნება დისონანსი როსინის ცოცხალ მუსიკასთან. თავიდან წარმოდგენის ავტორები თითქოს აღიარებენ, რომ არ შეუძლიათ ოპერის დადგმა. “საქორწინო გარიგებაში” შემოყვანილია რეჟისორი-პერსონაჟი (მეტისმეტად კარიკატურული), რომელმაც არ იცის, როგორ დადგას სპექტაკლი, მაგრამ მას როსინის აჩრდილები გამოეცხადებიან და წარმოდგენა, აი, ასე დასრულდება:

[ხმა. რეჟისორი: “მე უკვე ვიცი, როგორ უნდა დავდგა ეს ოპერა”]

“მე უკვე ვიციო”... ამბობს რეჟისორი წარმოდგენის ბოლოს... ნუ იფიქრებთ ახლა, რომ ეს ირონიული რეპლიკაა. როგორც ჩანს, “საქორწინო გარიგების” ავტორებმაც იციან რა და როგორ უნდა დადგან დღეიდან, ანუ როგორ უნდა შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა. უფრო პრეტენზიულ ხალხს კი (შესაძლებელია, ისეთებს, როგორიც ანჯეი ვაიდაა) დავით დოიაშვილი წარმოდგენის დასაწყისშივე გასცემს პასუხს... უფრო პრეტენზიული ხალხი მას თეატრის დამლაგებლის როლში გამოჰყავს.

[ხმა. დამლაგებელი: “აფსუს, რას დაამსგავსეს მუსკომედია!”)

“აფსუს, რას დაამსგავსეს მუსკომედია!” – ეს იმათ გასაგონად, ვინც ძველ მუსკომედიას ნატრობს... “აფსუს, რას დაამსგავსეს ოპერა!” – ეს კი იმ ხალხის გასაგონად, ვინც სერიოზულადაა შეშფოთებული “ოპერეტად” გადაქცეული ქართული კულტურით... თქვენ, შეშფოთებულო ხალხო, დღეს დამლაგებლად თუ აგიყვანთ ვინმე. თუმცა, ისიც იცოდეთ, ეს დამლაგებელიც კი დაკარგავს სამუშაოს დოიაშვილის სპექტაკლში. იგი შტატების შემცირების მსხვერპლი გახდება.
XS
SM
MD
LG