Accessibility links

logo-print

ენერგეტიკულმა დივერსიამ საქართველოს პარალიზება ვერ შეძლო და რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაამკვეთრა


რუსეთმა, როგორც იქნა, აღიარა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ ”კავკასიონზე” დივერსიის ფაქტები,

რაც საქართველოს სრულ პარალიზებაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. დივერსიის ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც, თუმცა ამას მომხდარის გამო რუსეთისადმი საქართველოს ხელისუფლების ტონი არ შეურბილებია. ხელისუფლება ენერგოდივერსიას უმკლავდება, რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროს ეძებს და, ამ ყველაფრის პარალელურად, კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილების აღსრულებაზე იწყებს ფიქრს. რა ცვლილებები მოიტანა საქართველოს საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა აფეთქებებმა საქართველოს პოლიტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში?

საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებს დივერსია რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ უწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის საქმე წინასწარგანზრახვით ქონების განადგურების ან დაზიანების მუხლით აღიძრა. თავად დაზიანებულ მილსადენებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, 2-3 დღეში დასრულდება. რუსეთის მხარე ასევე დივერსიას უკავშირებს ელექტროგადამცემ ხაზ “კავკასიონზე” მომხდარ აფეთქებასაც, რაც ყარაჩაი-ჩერქეზეთის ქალაქ ყარაჩაევსკთან მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ”კავკასიონზე” აღდგენით სამუშაოებს ერთი კვირა მაინც დასჭირდება. მანამდე კი საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგია იმ სარეზერვო ხაზით მიეწოდება, რომლის გამტარუნარიანობაც, ”კავკასიონის” ძირითად ხაზთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია; ამას გარდა, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხების გამო სომხეთი ვეღარ აწვდის საქართველოს ელექტროენერგიას, საქართველო თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული ელექტროენერგიით მარაგდება.
ამ ალტერნატიული წყაროების ხარჯზე მოხერხდა კიდეც, მაგალითად, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე შეზღუდვების მინიმიზება, თუმცა იმის გამო, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი საქართველოში დაბალი წნევით შემოვიდა და გაზმომარაგების აღდგენა შეფერხდა, ელექტროენერგიაზე გარკვეული დროებითი შეზღუდვების განხორციელება მხოლოდ იმ უბნებში იქნა დაშვებული, რომლებიც ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.


[გიგი უგულავას ხმა] ”იმ უბნებში, სადაც გაითიშა გაზი, - ეს არის გლდანი, ნაძალადევი, ვარკეთილი, ვაზისუბანი, - არ განხორციელდეს ელექტროენერგიის შეზღუდვა და თუ საჭიროება მოითხოვს, ეს განხორციელდეს მარჯვენა სანაპიროს იმ უბნებზე, სადაც არის გაზი. ეს არის საბურთალო, ვაკე, ვერა და ასე შემდეგ.”

ეს განცხადება 23 იანვარს თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 23 იანვარს, დღის 15 საათიდან, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის წნევის გაზრდას ელოდა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით მომარაგების სრული აღდგენა 1 კვირის მანძილზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა დივერსიამ შექმნა ვითარება, რომელთან გამკლავებამაც საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი თვითდაჯერებულობა შესძინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა უკვე გადაჭრით აცხადებენ, რომ ცენტრალური გაზსადენის ”გაზპრომისთვის” მიყიდვა არ მოხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნება ადეკვატური რუსეთის პოლიტიკისა საქართველოს მიმართ და ასე შემდეგ. ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ რუსეთის საგარეო უწყება გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციასთან დაკავშირებით იქნა გავრცელებული:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ცივილიზებული ქვეყნის არც ერთი საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუნდაც ყველაზე გამწვავებულ ვითარებაში, არ მისცემს თავის თავს უფლებას მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის განცხადებებს ისტერიკა და ვაკხანალია უწოდოს. ”

გადაწყდა თებერვლის დასაწყისში შედგეს პარლამენტის ბიუროს გაფართოებული სხდომა, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან მოისმენს ინფორმაციას, თუ რა კეთდება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილების მოთხოვნების შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG