Accessibility links

logo-print

რუსეთის ელჩს საქართველოს ხელისუფლების ლოგიკა არ მოსწონს

  • ნინო როდონაია

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის აფეთქებას მოჰყვა, რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოსკოვის ეს პოზიცია ორშაბათს

თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოხატა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩმა.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი საქართველოს ხელისუფლებას პრობლემის ზედმეტ და არასამართლიან პოლიტიზებაში ადანაშაულებს და ორი ქვეყნის ამჟამინდელ ურთიერთობას ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაძაბულს უწოდებს.

ვლადიმერ ჩხიკვიშვილს საგანგებო ბრიფინგი გაზსადენის აფეთქების ფაქტზე საუბრით არ დაუწყია. რუსეთის ელჩმა გონიოს პოლიგონზე ქართველ და რუს სამხედროებს შორის გასულ პარასკევს მომხდარი ინციდენტი პროვოკაციად და ბაზებთან დაკავშირებული შეთანხმების ჩაშლის მცდელობად შეაფასა. ჩხიკვიშვილს არ დაუმალავს, რომ ამ ინციდენტს, შესაძლოა, მოჰყოლოდა სერიოზული შედეგი, რომელიც ელჩის განცხადებით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ჩარევის შედეგად აღიკვეთა. რაც შეეხება გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქებას, ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა მომხდარს წინასწარ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა. თბილისის ერთგვარად განსხვავებული შეფასება, რომელიც რუსეთის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული ენერგოდივერსიისა და შანტაჟის ბრალდებით გამოიხატა, ელჩის განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,ჩვენ ვერ მივიღებთ ამგვარ აღმაშფოთებელ განცხადებებს. ისინი არაკორექტულია და ლოგიკა სერიოზულ ეჭვს იწვევს.”

თავად ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ლოგიკა ამგვარია: თუ რუსეთმა თავად ააფეთქა, მაშინ რატომღა დაიწყო ვითარების გამოსასწორებლად ოპერატიული მოქმედება, სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანთან მოლაპარაკება მისი ტერიტორიით საქართველოსთვის 3 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზისა და ამავე რესპუბლიკიდან ელექტროენერგიის მოწოდების თაობაზე? ელჩის განცხადებით, ამ მოლაპარაკებებს ,,გაზპრომი” და ,,თელასის” მფლობელი ,,რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემები” აწარმოებდნენ. ჩხიკვიშვილისთვის გაუგებარია რას ნიშნავს შანტაჟი, როდესაც, მისივე განცხადებით, თუნდაც გაზის ის ტურბინები, რომლებიც საქართველოში გაიხსნა, რუსეთის ,,ვნეშტორგბანკმა” 40 მილიონი დოლარით დააფინანსა:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,ამიტომ მეჩვენება, რომ ასეთი ზედმეტი და მკვეთრი პოლიტიზება ამ პრობლემისა ხელს არ შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას.”

ამ ურთიერთობის ამჟამინდელ პერიოდს ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა გასული 15 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა, სერიოზული ეპითეტებისგან, როგორც თავად განმარტა, თავი შეიკავა და შემოიფარგლა მხოლოდ ორი შეფასებით - არანორმალური და არამეგობრული. ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა შორის რუსეთის ელჩი ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებისმიერი სადავო საკითხის მკვეთრ და გადაჭარბებულ პოლიტიზებას. ტენდენციის ბოლო მაგალითად ჩხიკვიშვილმა სწორედ გაზსადენის აფეთქებისადმი თბილისის რეაქცია დაასახელა:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. შესაძლოა, დაისვას ენერგეტიკის სფეროში ახალ პროექტებთან დაკავშირებული მომავალი თანამშრომლობის მიზანშეწონილობის საკითხი.”

ანალოგიური პერსპექტივა აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის განმსაზღვრელ ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებასაც. რეალური ვითარების გათვალისწინებით, დოკუმენტის პროექტზე მუშაობის განახლებას ჩხიკვიშვილი შეუძლებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ რუსეთი მოიცდის. ამჟამად მოსკოვი რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს საბოლოო გადაწყვეტილებასაც ელის. კიდევ ერთი შთაბეჭდილება, რომელიც რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს გაუზიარა, ის იყო, რომ კონფლიქტური ზონებიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გასვლის შემთხვევაში, სიტუაციის სერიოზულად დაძაბვაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG