Accessibility links

logo-print

საქართველოში გაზის დეფიციტის მიუხედავად, მაინც გაიხსნა ახალი აირტურბინული ელექტროსადგური


23 იანვარს გარდაბანში, თბილისის თბოელექტროსადგურში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საზეიმო

ვითარებაში გახსნეს ახალი აირტურბინული სადგური. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტია, აირტურბინები კი სწორედ გაზს მოიხმარენ ელექტროენერგიის გენერაციისთვის. როგორ აშენდა ახალი აირტურბინული ელექტროსადგური და რატომ არ გადაიდო მისი გახსნა გაზის კრიზისის დაძლევამდე?

ამ დღეებში ბევრი კრიტიკა გამოითქვა რუსეთის მისამართით გაზსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქებების გამო. თვალსაჩინოებისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის 2 დღის წინანდელ ერთ განცხადებას შეგახსენებთ:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ის, რაც განხორციელდა, ეს არის ის სცენარი, რომლითაც ჩვენ დიდი ხანია გვემუქრება რუსეთის გადაწყვეტილების მიმღები ბევრი თანამდებობის პირი. ეს არის ყველაზე კატასტროფული სცენარი, რომლის გაკეთება მათ შეეძლოთ - იმ ხალხს, ვინც ეს გააკეთა. სხვათა შორის, ხვალ გაზოტურბინების გახსნას ვაპირებდით, ამ ამერიკელების აშენებულის. გაზზე ვერ მივაერთებთ, მაგრამ მაინც წავიდეთ და გავხსნათ. ”

ამ და სხვა გამონათქვამების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა რუსეთის ფედერაციის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა. 23 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რუსეთის კომპანიები მილიონებს აბანდებენ საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობისთვისო:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ”ამის ერთ-ერთი მაგალითია აირტურბინა ”ენერგოინვესტი”. შეიძლება ვინმემ არ იცის: ამ ორი აირტურბინის შეძენა დააფინანსა რუსეთის მხარემ, ”ვნეშტორგბანკმა”, რომელმაც დახარჯა დაახლოებით 40 მილიონი დოლარი.”

რუსეთის კომპანიების ამ წვლილს გვერდი ვერ აუარა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც 23 იანვარს აირტურბინული ელექტროსადგურის პრეზენტაციაზე გამოსვლისას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ის, რაც ხდება დღეს, ეს არის ქართულ-ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ჩვენ მუდმივად გახსნილი ვართ ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცუდი მაგალითები აღარ იქნება.”

სააკაშვილმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება მალე მოძებნის გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის ამფეთქებლებს და საკადრისადაც დასჯის.

ახლა რაც შეეხება თავად აირტურბინულ ელექტროსადგურს. ”ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელის გენო მალაზონიას თქმით, "ტურბინების ამუშავება 23 იანვრისთვის მაინც არ იგეგმებოდა და გახსნის ცერემონიალზე მხოლოდ იმ სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც "თბილსრესის" ტერიტორიაზე ჩატარდა. აირტურბინა ელექტროენერგიის გამომუშავებას პრეზენტაციიდან 1 კვირის შემდეგ დაიწყებს.

ეს არის ამერიკული ტექნოლოგია, რომელიც 110 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სამჯერ უფრო ეკონომიურია გაზის მოხმარებისას, ვიდრე “თბილსრესში” მოქმედი ენერგობლოკები. პროექტის საერთო ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG