Accessibility links

გაზსადენზე მომხდარი აფეთქების ვერსიები პოლიტიკური მიკერძოების გარეშე


ცენტრალური გაზსადენის რუსეთის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ინფორმაციაში ნახსენები იყო

ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, რომელიც საქართველოში არაერთხელ გამოიყენეს სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებზე 2004-05 წლებში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის სიზუსტეზე - არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ ექსპერტებშიც - აზრი ორად იყოფა.

ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 23 იანვარს მოწვეულ პრესკონფერენციაზე საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ორაზროვნად და, როგორც ჟურნალისტებს მოეჩვენათ, ირონიულადაც კი ისაუბრა გაზსადენზე მომხდარი აფეთქების იმ დეტალებზე, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისათვის რუსეთის სპეცსამსახურებზე ადრე გახდა ცნობილი:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] “ იმედია, რუსეთის მხარე მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც ან აქვს, ან არა აქვს საქართველოს მხარეს. მაგრამ მინისტრ მერაბიშვილის გამოთქმებით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ სპეცსამსახურებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ინფორმაცია, რაკი მან, მერაბიშვილმა, ისე ოპერატიულად და სწრაფად გახსნა ზოგიერთი ისეთი დეტალი, რომელიც, ჩემი მონაცემებით, ჩვენი მხარისათვის ცნობილი არ იყო.”

რაც შეეხება დეტალებს, ამ მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის გამოსვლაში რამდენიმე საყურადღებო გარემოებას შეეხო, რაზეც რუსეთის მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია:
[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ტროტილის გამოყენებით უფრო სერიოზული დაზიანება აქვს სათადარიგო გაზსადენს. ამავე დროს სამხრეთ ოსეთიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დასახლებულ პუნქტ ყარაჩაევსკსა და უჩკეტინს შორის მოხდა მაღალი ძაბვის სადენის აფეთქება. ასაფეთქებელი ნივთიერება დამონტაჟებული იყო ანძის სამ ფეხზე - ერთი აფეთქდა და ორი არ აფეთქდა.”
ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს გამოაქვეყნა სია დაახლოებით 10 სასიცოცხლო ობიექტისა, რომლებზეც ბოლო ორ წელში აფეთქება მოხდა. მაგრამ რამდენად ზუსტია ქართული სპეცსამსახურების ინფორმაცია, რომელიც გაზსადენის რუსეთის მონაკვეთზე მომხდარ აფეთქებას შეეხება? ქართველი ექსპერტების აზრი ამ საკითხში ორად იყოფა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “როდესაც ხდება აფეთქება, რამდენიმე საათში ზუსტად იმის თქმა, რამდენი გრამი ან რა ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა გამოყენებული, ძალიან რთულია. მით უმეტეს, თუკი აფეთქება მომხდარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.”

ეს გახლდათ გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. გადავიდნენ თუ არა მეზობელი რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი სპეციალისტები სპეცსამსახურიდან, უცნობია. თუმცა საერთაშორისო ტერორიზმის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უფრო ვარაუდს გამოთქვამდა, რის საფუძველსაც მას აქამდე მომხდარი ტერაქტების ხელწერა აძლევს:

[ბადრი ნაჭყებიას ხმა] “იქიდან გამომდინარე, რომ დექსოგენი და ტროტილი ეს არის ორი ძირითადი ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების დროს გამოიყენებოდა, სპეცსამსახურების წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებულნი. პლასტიდი და სემტექსი ნაკლებად გამოიყენება.”

ჯერჯერობით უცნობია, მიაწოდეს თუ არა უფრო დეტალური ინფორმაცია ქართველი სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს ან იგეგმება თუ არა ცენტრალურ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების ერთობლივი გამოძიება მას შემდეგ, რაც ინციდენტს აშკარად პოლიტიკური დატვირთვა მიეცა.
XS
SM
MD
LG