Accessibility links

logo-print

''ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი'' საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს


გერმანიის ავტორიტეტიანი გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" დღევანდელ ნომერში დაწვრილებით აშუქებს

აფეთქებების შედეგად საქართველოს გაზით და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. გაზეთში ვკითხულობთ სტატიას მოსკოვს და თბილისს შორის მკაცრი ტონის ურთიერთბრალდებებზე. გარდა ამისა, დაბეჭდილია ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან, რომელსაც, ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას, ესაუბრა "ფრანკფურტერ ალგემაინეს" კორესპონდენტი მარკუს ვენერი.

ჟურნალისტის პირველი შეკითხვა იწყება მითითებით იმ გარემოებაზე, რომ გაზით და ელექტროენერგიით მომარაგება შუაგულ ზამთარში შეწყდა, რასაც მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მოსკოვის დადანაშაულება საბოტაჟსა და შანტაჟში. "ეს რა, ქართული შეთქმულების თეორია არისო?" ამ შეკითხვას სვამს ჟურნალისტი და საგარეო უწყების ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილისაგან შემდეგ პასუხს იღებს.

“რუსეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი პირველად არ მიმართავს მუქარასა და შანტაჟს, რათა დასაჯოს თითქოსდა ურჩი საქართველო, რომელსაც არ სურს რეგიონში რუსეთის ლიდერის როლის აღიარება. რასაკვირველია შესაძლებელია, სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს აფეთქებები გაზსადენზე, ან ელექტროგაყვანილობაზე. მაგრამ ზოგი გარემოება უცნაურად გვეჩვენება. რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც გაზით, ისე ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვიტა აფეთქებებმა, რომლებიც ერთმანეთისაგან 350 კილომეტრის დაშორებით განხორციეოლდა. და გაზსადენი ზუსტად იქ დაზიანდა, საიდანაც მარტო საქართველოსა და სომხეთს დააზარალებდა და არა ადგილობრივ მომხმარებელს რუსეთში. და რაც ყველაზე უფრო უცნაურად გვეჩვენება: ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, 24 საათის მანძილზე რუსეთიდან არავისგან მიგვიღია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ეს უპასუხისმგებლობად მიმაჩნია. ასე არ ექცევიან მეზობლებს, და ასე არ უნდა იქცეოდეს ქვეყანა, რომელსაც სურს ენერგეტიკის სფეროში ევროპის საიმედო პარტნიორი იყოს. “

ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის პასუხი ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომელიც მას გერმანელმა ჟურნალისტმა, მარკუს ვენერმა დაუსვა. მთელი ინტერვიუ კი, ბეჟუაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით, დაბეჭდილია გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" დღევანდელ ნომერში.
XS
SM
MD
LG