Accessibility links

logo-print

აშშ-ის დაზვერვის უწყების საიდუმლო ციხეების არსებობა სამხილებით ჯერ ვერ დასტურდება


სტრასბურგში შეკრებილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მსჯელობის საგანია აშშ-ისთვის წაყენებული გახმაურებული ბრალდებაც,

თითქოს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს საიდუმლო ციხეები ჰქონდა ევროპაში - ციხეები, რომლებშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ამყოფებდა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ევროსაბჭო აწარმოებს საგანგებო გამოძიებას, რომელსაც შვეიცარელი დიკ მარტი ხელმძღვანელობს და დღეს სწორედ მან მიმართა საპარლამენტო ასამბლეას.

მარტიმ ისაუბრა უკიდურეს სირთულეზე, რომელიც უკავშირდება საიდუმლო სამსახურის საიდუმლო ოპერაციების შესახებ ფაქტების მიკვლევას. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ვერ მიაკვლიეს სამხილებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამერიკული სადაზვერვო უწყება მართლაც სარგებლობდა საიდუმლო საპატიმროებით ევროპის ტერიტორიაზე.

[მარტის ხმა] “იურიდიული თვალსაზრისით, არ არსებობს სამხილები, რომლებიც დაადასტურებდა საპატიმროების არსებობას, ან იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ ასეთი საპატიმროების არსებობის შესახებ. მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ მიანიშნებს ამ მიმართულებით და ამართლებს ჩვენი გამოძიების გაგრძელებას”.

მარტიმ ისიც აღნიშნა, რომ უსამართლო იქნებოდა ყურადღების გამახვილება პოლონეთსა და რუმინეთზე - ორ ქვეყანაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები ასახელებენ ამერიკული დაზვერვის უწყების საიდუმლო ბანაკების მასპინძელ ტერიტორიებად. მარტი ფიქრობს, რომ პრობლემა ეხება მთელს ევროპას: ვერ წარმომიდგენია, ევროპის მთავრობები, ან ყოველ შემთხვევაში, მათი უშიშროების სამსახურებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო ასეთი ბანაკების არსებობაო, - ამბობს ის.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მთავრობას არც უარუყვია და არც დაუდასტურებია ინფორმაცია საიდუმლო ციხეების შესახებ: ინფორმაცია, რომელიც პირველად ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გაავრცელა გასული წლის ნოემბერში. ამასთან, აშშ-მა კატეგორიულად უარყო ბრალდება დაკავებულთა წამების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს აგზავნიდნენ იმ ქვეყნებშიც, რომელთა შესახებაც იცოდნენ, რომ იქ წამებასაც მიმართავენ.
XS
SM
MD
LG