Accessibility links

logo-print

რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს ბრიტანელ დიპლომატებს


ორშაბათს რუსეთის ტელეკომპანია RTR-მა მაყურებელს აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ქვა იყო ასახული. რომ იტყვიან, ქვის მეტი რაა, მაგრამ ის, რაც სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ტელეკომპანიამ აჩვენა, უჩვეულო იყო:

ხელოვნური ქვა, რომელიც, RTR-ის ინფორმაციით, ჯაშუშურ აღჭურვილობას შეიცავდა. სწორედ ეს ქვა დგას მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს ოთხი თანამშრომლისათვის წაყენებული ბრალდების ცენტრში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბრიტანელები ხელოვნურ ქვას იყენებდნენ ჯაშუშური ინფორმაციის გასავრცელებლად. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურის განცხადებით, 4 ბრიტანელი დიპლომატიდან ერთ-ერთი ფულს აწვდიდა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ბრალდებები და როგორია მათზე რეაქცია?

მაშ ასე: ყურადღების ცენტრში მოექცა ქვა, რომელიც ინფორმაციის გადამცემ მოწყობილობას მოიცავს. მისი შესაძლებლობები ორშაბათს აღუწერა რუს ჟურნალისტებს უშიშროების ფედერალური სამსახურის პრეს-მდივანმა სერგეი იგნაჩენკომ:

[იგნაჩენკოს ხმა] “ნოუ-ჰაუ” იმაში მდგომარეობს, რომ მზვერავს შეუძლია თავის აგენტთან დაკავშირება ისე, რომ მას არ შეხვდეს. აი, წარმოვიდგინოთ: აგენტი, რომელსაც ინფორმაცია აქვს გადასაცემი, ჩაისეირნების ქვასთან, მას ასე, 20-ც მეტრში მიუახლოვდება და ინფორმაციას გადასცემს სპეციალური მოწყობილობით. შემდეგ უკვე მზვერავი, ასევე სეირნობისას, იღებს ინფორმაციას და იძლევა ახალ ინსტრუქციას თავისი აგენტისთვის”. იგნაჩენკომ დასძინა, რომ ამ საქმიანობაში მონაწილეობდა რუსეთის მოქალაქეც, რომელიც უკვე დაპატიმრებულია და რომელმაც უკვე აღიარა, რომ ეხმარებოდა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს.

ახლა, რაც შეეხება არასამთავრობოებს. უშიშროების სამსახურის პრეს-მდივნის ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოს ერთ-ერთი, ჯაშუშობაში ბრალდებული მუშაკი, 12-ტ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას ურიცხავდა ფულს ბრიტანეთის საგარეო უწყების ფონდის მეშვეობით. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან “წამების საწინააღმდეგო კომიტეტი”, “დემოკრატიის განვითარების ფონდი”, “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი”.

ბრიტანეთის საგარეო უწყებას ორშაბათსვე გავრცელებულ განცხადებაში არც უარუყვია, რომ მთავრობა ფინანსურ დახმარებას უწევს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების სფეროში რომ საქმიანობენ. მაგრამ ეს დახმარება, აღნიშნავს ბრიტანული უწყება, ღიაა, ხოლო ყოველი ბრალდება, თითქოს საქმე არასამთავრობოებთან უკანონო კონტაქტებს ეხებოდეს - გაუმართლებელი.

ამ შეფასებას ადასტურებს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე, ლიუდმილა ალექსეევა. ალექსეევა არ უარყოფს, რომ მას და მის კოლეგებს უსარგებლიათ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური დახმარებით გაერთიანებულ სამეფოში გასამგზავრებლად და იქ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტების შესასწავლად, მაგრამ, რაც შეეხება რუსეთში უშიშროების სამსახურის განცხადებებს ბრიტანელების ჯაშუშური საქმიანობის და არასამთავრობოების უკანონოდ დაფინანსების გარშემო, მათ ალექსეევა “შეთითხნილ” სკანდალად მიიჩნევს.

[ალექსეევას ხმა] “ჩემი აზრით, მიზანია საზოგადოებრივი აზრის შემზადება უფლებადამცველების - რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ნაწილის - გამანადგურებელი მარცხისთვის. მიზანია ადამიანის უფლებების დამცველთა, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოების ფეხით გათელვა, რათა ყველა ჩუმად იყოს 2007-2008 წლებში და მერეც”.

ალექსეევას ამ შეფასების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ 2007-დ წელს რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები იმართება, 2008 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები. და ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი არასამთავრობოების პოზიციის შესუსტება ბრიტანელისაგან ფულის მიღების ბრალდებით არ დაწყებულა.

მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. კანონი აპრილში შევა ძალაში და მკაცრ შეზღუდვებს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციაზე, საქმიანობაზე: ფაქტობრივად, უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს პოლიტიკასთან რაიმე კავშირის მქონე ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას.

და მაინც, ყურადღება, ბრიტანელების ჯაშუშობაში ბრალდების გარშემო სკანდალში, უწინარეს ყოვლისა, ხელოვნურმა ქვამ მიიპყრო. რუსეთში ის ტელეკომპანია RTR-მა უკვე ბევრჯერ აჩვენა მაყურებელს. ბრიტანეთში კი პრესა, უწინარეს ყოვლისა, კომიკურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. “დეილი ტელეგრაფის” შეფასებით, “ელექტრონულ ქვას, რომელიც, როგორც ამბობენ, “მკვდარი საფოსტო ყუთის” როლს ასრულებდა, შესაძლოა არც კომიკური ელფერი აკლდეს, მაგრამ ის სიმბოლოცაა იმისა, როგორ გაცივდა რუსეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობა”.
XS
SM
MD
LG