Accessibility links

logo-print

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მედია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მაგისტრალური გაზსადენის აფეთქებებზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მედია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მაგისტრალური გაზსადენის აფეთქებებზე ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა რეაქციას

განიხილავს. რუსი ჟურნალისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები, თითქოს აფეთქება კრემლის პოლიტიკის ნაწილი იყოს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

24 იანვრის გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ აზრით, მილსადენზე მომხდარი აფეთქებების ქართული ვერსია ეგზოტიკურად ჟღერს: რუსეთმა საკუთარი გაზსადენი საქართველოს ჯინაზე ააფეთქა. - გაზეთის შენიშვნით, გაზსადენის აფეთქების შემდეგ სომხეთიც რუსეთის გაზის გარეშე დარჩა, მაგრამ იქ არავის მოსვლია აზრად, ყველაფერი რუსეთის პოლიტიკისთვის დაებრალებინათ.

გაზეთ „ მოსკოვსი კომსომოლეცის“ თქმით კი, მოსკოვსა და საქართველოს შორის არქტიკული ტემპერატურაა. გაზეთი წერს:

ვის და რატომ უნდა მოსვლოდა თავში აზრად გაზსადენის აფეთქება? პირველი ვერსია: მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზსადენი თავად რუსეთმა ააფეთქა, რათა პატარა, მაგრამ ამაყი საქართველო დაეჩოქებინა. ვერსია საეჭვოა, რადგან სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა მოუნდეს რუსეთს საკუთარი რეპუტაციის შელახვა ან რას ერჩის თავის ერთგულ მოკავშირე სომხეთს. ვერსია მეორე: ქართველებს თავად აქვთ კავშირი აფეთქებებთან, ანუ აფეთქებები ჩეჩენი მებრძოლების ხელით თავად საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო. სწორედ სააკაშვილს და მის ამერიკელ კურატორებს აძლევთ ხელს რუსეთთან კავშირის საბოლოო გაწყვეტა - თუნდაც შოკური თერაპიის გზით. ვერსია მესამე: აფეთქებასთან კავშირი აქვს კიევს. კიევი იმედოვნებს, რომ მოსკოვის საახალწლო, ასე ვთქვათ, გაზის შეტევის შემდეგ, რუსეთის, როგორც საიმედო ენერგეტიკული პარტნიორის, იმიჯი შეილახება ევროპელთა თვალში. ვერსია მეოთხე: ომის რეპეტიცია. ბოლო დროს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან შემაშფოთებელი ცნობები მოდის თბილისის საომარი გეგმების შესახებ. ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ, ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო ენერგობლოკადაში აღმოჩნდება. დივერსიის მოწყობა შეეძლოთ ჩეჩენ ბოევიკებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსა და რუსეთის საბოლოო გაყრით და ერთიანი ანტირუსული საერთოკავკასიური ფრონტის შექმნით.

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს მოჰყვა რუსეთის დუმის წევრთა კომენტარები, რომელთაც 24 იანვრის “პარლამენტსკაია გაზეტა“ აქვეყნებს. რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე ლუბოვ სლისკა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად ეძებს ბნელ ოთახში შავ კატას, რომელიც ოთახში არც არის. რაც შეეხება სხვა რუსი დეპუტატების მოსაზრებას:

რუსეთის დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმირ ვასილიევის აზრით, აფეთქებები - ეს იყო დივერსია, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. მისივე აზრით, ზოგიერთებს მოთმინება არ ჰყოფნით. დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრეი კოკოშინს კი მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეცდომაში შეჰყავს საქართველოს მოსახლეობა და მსოფლიო თანამეგობრობა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ასეთი განცხადებები უარყოფითად აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ზიანს თავად საქართველოს მოუტანს.
XS
SM
MD
LG