Accessibility links

logo-print

რატომ იყიდება აუქციონზე გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა


თბილისის ცენტრში, კოსტავას 14-ში, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში განთავსებული კომპანიების, ძირითადად, ჟურნალ-გაზეთებისა და

ტელეკომპანიების თანამშრომლებმა 24 იანვარს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს. აუქციონის ჩატარების თარიღად დასახელებულია 2006 წლის 3 მარტი, საღამოს 6 საათი. შენობის საწყისი ფასი კი 20 მილიონი აშშ დოლარია. რატომ იყიდება გამომცემლობა ”სამშობლოს” კუთვნილი ფართი?

[ისმის აქციის ხმა]

[გიგლა გობეჩიას ხმა] ”გამომცემლობა “სამშობლოს” თაობაზე არსებობს სამართლებრივი დავა. ამიტომ სანამ სასამართლოში დავა არ დამთავრდება, მანამდე არავითარი უფლება არ ჰქონდა სახელმწიფოს აუქციონი გამოეცხადებინა...”

ეს იყო გიგლა გობეჩია, გამომცემლობა “სამშობლოს” შენობაში დასაქმებულთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ხელისუფლების მხრიდან მის მიერ ნახსენები იურიდიული ბარიერის უგულებელყოფის გარდა, შენობის აუქციონზე გაყიდვის მოწინააღმდეგეებს სხვა გარემოებებიც აეჭვებთ. მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] ”იმ ფონზე, როდესაც უზარმაზარი ობიექტები ჩუქებით და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასაღა საქართველომ, ამათ მაინცდამაინც ტენდერში უნდა მიიღონ მონაწილეობა, 20 მილიონის საწყისი ფასით. ეს ხომ პოლიტიკური დევნაა მედიის! სხვა ახსნა ამას არა აქვს.”(სტილი დაცულია)

პროცესის პოლიტიკურობაზე მიანიშნებდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც - მათ შორის, გაზეთ ”შანსის” რედაქტორი ბონდო ქურდაძე:

[ბონდო ქურდაძის ხმა] ”პრეზიდენტი აქ თვითონ მოღვაწეობდა, ამ შენობაში. ჩემი გაზეთის რედაქტორი იყო 1 კვირის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ მას არ ჰყავს ის გუნდი, რომელიც მას სწორ ინფორმაციას მიაწვდის. ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი სახელმწიფოსთვის და ამის გაყიდვა, ალბათ, თვალებში ნაცრის შეყრაა ხალხისთვის.”

ხალხი კი, გამომცემლობა “სამშობლოში” განთავსებული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებისა თუ ტელეარხების თანამშრომლები, პერმანენტული საპროტესტო აქციებით ცდილობენ თავიანთი პოზიცია პრეზიდენტის ყურამდე მიიტანონ.

საპროტესტო აქციის ლიდერებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩინოვნიკებთან, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შეხვედრით სამინისტროს პოზიცია არ შეცვლილა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ილია გოცირიძე აუქციონის გაუქმებასა და შენობის საწყისი ფასის დაკლებას არ აპირებს:

[ილია გოცირიძის ხმა] „ქარხნებია 100 და 50 ათას დოლარად გაყიდული. დღეს საქართველოში ასეთი რაღაც აღარ მოხდება. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ 2005 წელს 380 მილიონი ლარია ბიუჯეტში შესული. აუქციონი კი იმას ნიშნავს, რომ ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ თანხას გადაიხდის. საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარია. თუ მათ აქვთ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა და, გამარჯვების შემთხვევაში, დააფიქსირონ შენობის ფასი.“

გამომცემლობა “სამშობლოში” განთავსებული კომპანიები კი მიიჩნევენ, რომ შენობის საწყისი ფასი არაბუნებრივად მაღალია და ის რამდენჯერმე აღემატება სასტუმრო ”ივერიის” პრივატიზებაში გადახდილ თანხას.
XS
SM
MD
LG