Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება ურთიერთბრალდებების ფონზე განახლდა


სამშაბათს გალში გაეროს შუამავლობით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება განახლდა. კონფლიქტის ზონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციების ამ

რაუნდის დღის წესრიგს ერთადერთ ახალ საკითხად ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია დაემატა.

გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების ძირითადი თემები კი უცვლელია: გალის ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისისა და სამოქალაქო პოლიციის ამოქმედება. ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებას წინ უძღოდა ახალი ურთიერთპრეტენზიები, რომელთა განხილვა თებერვლის დასაწყისში ჟენევაში გაგრძელდება. რას მოითხოვს თბილისი და რა არ მოსწონთ სოხუმში?



გალში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო გალის რაიონში არსებული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სულ ბოლო მაგალითად სამინისტრო ასახელებს გალის ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების იძულებით დარიგებას და არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესისადმი რაიონის მცხოვრებთა უარყოფით დამოკიდებულებას დე ფაქტო ხელისუფლება ქართველთა მორიგი დეპორტაციისთვის გამოიყენებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ისტერიკა უწოდეს სოხუმში, სადაც ამტკიცებენ, რომ გალის რაიონში აფხაზური პასპორტების გაცემა არ დაწყებულა და რომ მოსახლეობის იძულებას არავინ აპირებს. გალის რაიონში სიტუაციის გართულებას ადასტურებს დე ფაქტო მთავრობაც, რომელიც მიზეზად ადგილობრივი კრიმინალებისა და საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების ერთობლივ მოქმედებას ასახელებს. მიუხედავად ურთიერთბრალდებებისა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელმაც აფხაზურ მხარესთან დიალოგი სამშაბათს გალში განაახლა:


[გიორგი ხაინდრავას ხმა] ,,ეს წელი უნდა იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიური წელიწადი. იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება პრობლემების მოგვარება. არანაირი სამშვიდობოები, მით უმეტეს, ისეთი სახით, რა სახითაც ამას რუსი სამშვიდობოები აკეთებენ, ჩვენ სიკეთეს არ მოგვიტანს.” (სტილი დაცულია)


რუსეთის სამშვიდობო ძალები სახელმწიფო მინისტრის მიერ მოხსენიებული ორმხრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ნაწილია. ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა უარყო საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების ახალი გეგმა და განაცხადა, რომ არ დათანხმდება თბილისის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს დევნილთა დაბრუნების უსაფრთხოების გარანტად არ მიიჩნევს. სერგეი ბაღაფშისთვის მიუღებელია გეგმის ის ნაწილიც, სადაც საუბარია დევნილთა დაბრუნებაზე არა კონკრეტულად გალში, არამედ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე:


[სერგეი ბაღაფშის ხმა] ,,გალის რაიონში დევნილები მოვიდნენ და კიდევ რაღაც ნაწილი დაბრუნდება. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, პირდაპირ გეტყვით, დევნილების დაბრუნება არ მოხდება.”


მხოლოდ გალის რაიონზეა საუბარი იმ მიმართვაშიც, რომელიც სერგეი ბაღაფშმა გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. ამავე მიმართვაში დე ფაქტო პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესისთვის აუცილებელ ახალ იმპულსზე საუბრობს, თუმცა კვლავ უარს ამბობს თბილისისა და სოხუმის უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტზე, რომელიც გაეროს ეგიდით მომზადდა. ბაღაფში აცხადებს, რომ აფაზური მხარე არ ეწინააღმდეგება გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას, სამოქალაქო პოლიციის ამოქმედებაზე კი იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ეს სტრუქტურა რუსეთის სამშვიდობო ძალების ალტერნატივად არ იქცევა. ამავე საკითხებზე, საქართველოს ახალ სამშვიდობო გეგმასთან ერთად, მომავალ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ისაუბრებს. უსაფრთხოების გარანტიებსა და დევნილთა დაბრუნების ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობას კი ქართული და აფხაზური მხარეები თებერვლის დასაწყისში ჟენევაში განაახლებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG