Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია და არასამთავრობოები პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო ხელისუფლებას ევროსაბჭოში უჩივიან


სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე უკვე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი მიმართვა,

რომელშიც საქართველოში ბოლო ხანს მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და, მათ შორის, პრესის შეზღუდვაზეა საუბარი. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფის საჩივარი უსამართლოა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვაში შევიდა ყველა მეტ-ნაკლებად გახმაურებული ფაქტი ქართული მედიის ცხოვრებიდან: რამდენიმე პოპულარული თოქ-შოუს გაქრობა, გაზეთების დახურვა, ჟურნალისტების ცემა და სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის მცდელობა. მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბის” ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებზე აპელირება საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს უფრო მეტი პატივით მოეპყრას სიტყვისა და ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას:

[მაგდა პოპიაშვილის ხმა] “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების არ ესმის, შესაძლებელია ესმოდეს იმ ორგანიზაციების, რომელთა რეკომენდაციებიც სავალდებულოა შესასრულებლად.”

ევროპის საბჭოსადმი გაგზავნილ მიმართვაში ვერ მოხვდა კახეთის რეგიონულ გაზეთ “სპექტრის” პუბლიკაციასთან დაკავშირებული შემთხვევა. აღნიშნულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო სიღნაღის რაიონის მთავარი გინეკოლოგის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების არადანიშნულებისამებრ გაცემის ფაქტებზე, რაშიც ადგილობრივი სამართალდამცველები დანაშაულის ნიშნებს ხედავდნენ. გაზეთის რედაქტორის მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პუბლიკაციის შემდეგ ჟურნალისტი შეურაცხყოფისა და მუქარების ობიექტი გახდა:

[მაია ყალაბეგაშვილის ხმა] “სტატიის დაბეჭდვის შემდეგ, როდესაც გაზეთი ქსელში გავიდა, ჟურნალისტ რუაძეს დაურეკეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინეს. სიღნაღის რაიონის გინეკოლოგის მეუღლემ.” (სტილი დაცულია)

ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით არ არის ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლება. თუმცა სახელისუფლებო წრეებში დიდი ხანია პოპულარობით არ სარგებლობს ოპონენტთა არგუმენტები, პრესის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გამოთქმული. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, პარლამენტარმა მარიკა ვერულაშვილმა რადიო”თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზემოხსენებულ მიმართვას უსამართლო უწოდა:

[მარიკა ვერულაშვილი] “იმიტომ რომ, თუკი ვინმე ჟურნალისტი იტყვის, რომ მას ვიღაცამ დაურეკა და რაღაცა მითითება მისცა, ეს არ მომხდარა. და მე არ ვიცი, ვინ რას ეძახის ზეწოლას. მე ვთვლი, რომ ქართულ პრესაში საკმაოდ კრიტიკული სტატიები იბეჭდება და მათი ავტორები ძალიან კარგად გრძნობენ თავს და არავის მათთვის საყვედური არ უთქვამს.”(სტილი დაცულია)

მარიკა ვერულაშვილთან საუბრისას ჩვენ, ცხადია, დავინტერესდით, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ კითხულობს ქართულ გაზეთებს. პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად ეცნობა ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და ყოველმხრივ დაინტერესებულია, რომ ქართული მედია კიდევ უფრო განვითარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG