Accessibility links

logo-print

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ


დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ

საქართველოს საკითხი – კერძოდ, საქართველოს მიერ საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხი – განიხილა და ახალი რეზოლუცია მიიღო. სწორედ ამას ეძღვნება ყოველკვირეული პროგრამის, "ახალი ევროპის", დღევანდელი გამოშვება.

დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის ანგარიში, რომელსაც ორი თანაავტორი ჰყავს – უნგრეთის წარმომადგენელი, მატიაშ ეორში, და ბულგარელი ევგენი კირილოვი. ეს დოკუმენტი დეტალურად ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის შემდეგ, პოსტრევოლუციური ეიფორია პრაგმატიზმით შეიცვალა; გარკვეული კონკრეტული ვალდებულებები შესრულდა, და ფართომასშტაბიანი რეფორმების სწორად განხორციელება დაიწყო. თუმცა ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმები მხოლოდ საწყის სტადიაზეა და ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს, რომ ხელისუფლება პრობლემების გადაჭრის დროს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების ერთგულია.

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ანგარიში დადებითად შეფასდა:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "წლევანდელი ანგარიში, როგორც დღეს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა წარმომადგენლებმა და, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეაფასეს, ძალიან ობიექტურია, ახლოს არის რეალობასთან თავის შეფასებებსა და იმ რეკომენდაციებში, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციად ჩამოყალიბდა.”

ამ ეტაპზე საქართველოს ევროპის საბჭოს ორი დოკუმენტი აქვს რატიფიცირებული – სოციალური ქარტია და ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია. დარჩენილია კიდევ ორი – ევროპული კონვენცია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ და უმცირესობათა ენების დაცვის ევროპული ქარტია. როგორც სტრასბურგში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, ვალდებულებების დაკისრების გარდა, ევროპის საბჭო საქართველოს რეკომენდაციებსაც აძლევს, რომელთა დიდი უმრავლესობა ამ ეტაპზე არ არის შესრულებული:

[ბერძენიშვილის ხმა] "შვიდპროცენტიანი ბარიერი, რომელიც არის მეორე ევროპაში; პირველი აქვს თურქეთს, ათპროცენტიანი. საერთოდ, ნორმალურ ქვეყნებში 3-4 პროცენტია; 5, მაქსიმუმ. რუსეთშიც კი ხუთია. ეს ერთ-ერთი არის, ასეთი რეკომენდაცია. ასევე არის რეკომენდაცია, რომ გადაისინჯოს 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც პრეზიდენტს ზედმეტი ხელისუფლება მისცა. არის რეკომენდაცია, მთლიანად გამოიცვალოს სასამართლო ხელისუფლება, სტილი აქ მოღვაწეობის, და არ იყოს დათრგუნვილი. არის რეკომენდაცია გაძლიერდეს პარლამენტი, არის რეკომენდაცია, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.”

საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე შვიდპროცენტიანი ბარიერის შესახებ რეკომენდაციის შეუსრულებლობას ასე ხსნის:

[თევდორაძის ხმა] "ჩვენ ვთვლით, რომ შვიდპროცენტიანი ბარიერი – ჩვენთვის რეკომენდაცია, რომ ჩავწიოთ ხუთ პროცენტამდე – მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ის არგუმენტი, რომ შვიდპროცენტიანი ბარიერი გააძლიერებს ოპოზიციას - დღეს ძალიან სუსტია ოპოზიცია საქართველოში - და გააძლიერებს იმიტომ, რომ ეს იქნება ბიძგი მათი გაერთიანებისკენ. უმრავლესობის ინტერესებში მართლა შედის ძლიერი ოპოზიციის ყოლა."

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს საქართველოსთან მიმართებით ახალი რეზოლუცია შეიმუშავა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ახალ რეზოლუციას უწინდელისგან ერთი ასპექტი განასხვავებს:

[ჭიაბერაშვილის ხმა] “პრინციპში, დიდი განსხვავება არ არის. ყველაზე მთავარი, რაც არის ხაზგასმული ამ რეზოლუციაში, არის ის, – რაც არის მთავარი განსხვავება, – რომ ხაზგასმულად არის ნახსენები, რომ თუ არ მოწესრიგდა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები და თუ არ აღდგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისე ლაპარაკი სრულფასოვან დემოკრატიულ განვითარებაზე ქვეყნისა არის წარმოუდგენელი.”(სტილი დაცულია)

ევროსაბჭომ ერთი წლის წინ მიღებული რეზოლუციით საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვა და ვალდებულებათა შესრულების ვადები შეცვალა. ამ გამონაკლისის მიზეზი კი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იყო. საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის ანგარიშის თანაავტორმა, მატიაშ ეორშიმ, დეკემბერში ჩვენს რადიოსთან საუბრისას ამ გამონაკლისის დაშვება ასე ახსნა:

[ეორშის ხმა] “ევროპის საბჭოს ასამბლეაში საქართველოსთვის დავუშვით უნიკალური გამონაკლისი: მას შემდეგ, რაც შევარდნაძეს ხელი მოეცარა და მიხეილ სააკაშვილი მოექცა ხელისუფლების სათავეში, ჩავთვალეთ, რომ ახალ რეჟიმს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა წინა მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულების დაგვიანებისა და შეცდომების გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა იმ ვალდებულებათა შესრულების ვადები, რომლებიც საქართველომ იკისრა ევროსაბჭოში გაწევრიანებისას. ამიტომ მოვიცადეთ მთელი წელი, ვიდრე პირველი ვადები ამოიწურებოდა, რათა გამოვიტანოთ დასკვნა ამ, ახალი მთავრობის მუშაობაზე. აი, ეს არის ამჟამინდელი მოხსენების მიზანი და თუ ზუსტად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს შეფასებას, უნდა ითქვას, რომ ამ მთავრობას საკმაოდ კარგი წარმატებები აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, სრულყოფილი არავინაა. სულ ორი წელი გავიდა ხელისუფლებაში ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ.”

თუმცა ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ ევროპის სტრუქტურებში შექმნილი ერთგვარი ლმობიერი დამოკიდებულება, რაც "ვარდების რევოლუციით" იყო გამოწვეული, თანდათან კლებულობს:

[ბერძენიშვილის ხმა] "მომხსენებლებიდან ერთს, – ორია, მოგეხსენებათ, მატიაშ ეორში და ევგენი კირილოვი, – მატიაშ ეორშის, ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი საქართველოსადმი განსაკუთრებული საშეღავათო დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია რევოლუციასთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართული დელეგაციის დიდი უმრავლესობა არის იმ ფრაქციის წევრი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, და ასე შემდეგ. მაგრამ ბატონი კირილოვის დამოკიდებულება გაცილებით უფრო მკაცრია და ეს ასახავს საერთო დამოკიდებულებას ევროსაბჭოში. საერთო დამოკიდებულება იცვლება უფრო მკაცრისკენ."
XS
SM
MD
LG