Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიის დასაცავად ერთიანდებიან


უკვე თითქმის სამოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში, რომელსაც ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის ” ჰქვია.


კოალიცია მიზნად ისახავს საზოგადოების გააქტიურებას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და მან თბილისში უკვე რიგით მესამე კონფერენცია გამართა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების განსახილველად.

კოალიცია ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის” აერთიანებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”კონსტიტუციის 42 მუხლი”, ” კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი” და ა.შ.
რა მიზნები აერთიანებთ ამ და სხვა ორგანიზაციებს?

რისთვის შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის” და რა მიზნები ამოძრავებთ კოალიციის წევრ ორგანიზაციებს - ეს ახალი გაერთიანების დეკლარაციის ტექსტშია ნათქვამი. ეს ტექსტი კი 25 იანვარს თბილისში, სასტუმრო ”შერატონ მეტეხში”, გამართულ კონფერენციაზე იქნა წაკითხული, კონფერენციაზე, რომელიც საქარველოში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გასულ წელს არსებული ვითარების შეჯამებას მიეძღვნა.

[კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის ხმა] ” ჩვენ ვერთიანდებით იმისთვის, რომ ეფექტურად ვიბრძოლოთ ადამიანთა უფლებების დასაცავად, გადავარჩინოთ ადამიანთა ღირსება, დავიცვათ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ვიხსნათ ადამიანთა სიცოცხლე ხელყოფისგან, შევინარჩუნოთ დემოკრატიული ფასეულობები. ”

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია გამოდის საქართველოში ადამიანთა წამებისა და ადამიანებისადმი მათი ღირსების შემლახველი მოპყრობის წინააღმდეგ. მისი წარმომადგენლები მთელი სიმწვავით საუბრობენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, აკრიტიკებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას და არამარტო ამას. მიზანი არის ერთი: საქართველოს რეალობასთან დაკავშირებით ჩამოყალიდეს საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით კი მიღწეულ იქნეს საზოგადოების გააქტიურება დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია აქტიურ მოქმედებას სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზებით იწყებს. კოალიციის უახლოეს გეგმებზე მისი კოორდინატორი ხათუნა ჩარკვიანი გვესაუბრა:

[ხათუნა ჩარკვიანის ხმა] ” ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უახლოეს ხანში დავიწყებთ მუშაობას, არის ის, რომ დავიწყებთ მუშაობას საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციათა ასამბლეის მოწვევისთვის. ” (სტილი დაცულია)

ხათუნა ჩარკვიანი ამბობს, რომ კოალიცია, თავისთავად, შედგა ამ ცოტა ხნის წინ, როცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისა და, იმავდროულად, ”მოსამართლეთა ასოციაციის” წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ყოფილ მოსამართლეებს მხარდაჭერა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ოდნავ მოგვიანებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე” ხელისუფლების შეტევამ სამოქალაქო სექტორში კიდევ უფრო აქტუალური გახადა კონკრეტული მიზნებით გაერთიანება. მიზნები, საბოლოო ჯამში, უკავშირდება საზოგადოების გააქტიურებას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად - ისეთ ვითარებასთან დასაპირისპირებლად, როგორიცაა შექმნილი პენიტენციალურ სისტემაში, სადაც ხშირია ცემისა და წამების ფაქტები.

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ეს პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობდა ბოლო წლებში; ასეთი შემთხვევები იყო მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკნებში. პენიტენციალურ სისტემაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა აშკარად გაჩნდა და, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მწვავედ, ვიდრე ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამიტომ ახალ რეალობას წავაწყდით და მთელი ყურადღება აქეთკენ არის გადატანილი. ”(სტილი დაცულია)

ეს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გახლდათ. მან და ახლად შექმნილი კოალიციის სხვა წევრებმა 25 იანვარს სცადეს გამოეკვეთათ, რამდენად მძიმე იყო 2005 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების დაუცველობის თვალსაზრისით. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა დოლიძე განმარტავს, რომელ სფეროებშია, ამ მხრივ, ყველაზე რთულად საქმე:

[ანა დოლიძის ხმა] ”სასამართლოა ერთ-ერთი სფერო, წამება და არაჰუმანური მოპყრობა, მედიის და გამოხატვის უფლება. ჩემი აზრით ეს უფლებები ელახებათ ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს. ”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG