Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი, საზოგადოება და ფეხბურთი - საქართველოსა და რუსეთის კრიზისული ურთიერთობის დაძლევის გზა


საქართველო-რუსეთის კრიზისული ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის ოთხშაბათს გამართული ვიდეოხიდის მთავარ თემად იქცა.


საქართველოს პარლამენტისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა დისკუსიის ტონი საგრძნობლად განსხვავდებოდა გაზის კრიზისით გამოწვეული იმ ტონისგან, რომელსაც ერთმანეთთან სასაუბროდ ბოლო დღეებში იყენებდნენ ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები.
საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთის რეალური სურვილები უნდა გაარკვიონ და ურთიერთობის დახურული რეჟიმი გახსნან - ზოგადად, ამგვარი დასკვნა გამოიტანეს საპარლამენტო დისკუსიის მონაწილეებმა, რომელთა საუბარი ფეხბურთით დაიწყო. ფეხბურთის გარდა, კიდევ რა გამოასწორებს ორი ქვეყნის ურთიერთობას?

პირველი, რაც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი დრაგანოვმა თბილისიდან მოსკოვში ვიდეოხიდით შეათანხმეს, ის იყო, რომ ორი ქვეყნის პარლამენტები საფეხბურთო ტურნირის ტრადიციას აღადგენენ.
ამას კიდევ რამდენიმე ინიციატივა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული ყველაზე მკვეთრი განცხადებებით სწორედ ორი ქვეყნის პარლამენტები გამოირჩევიან, ვალერი დრაგანოვს აუცილებლად მიაჩნია მუდმივი და აქტიური კონტაქტები სწორედ დეპუტატების დონეზე.

ამას მოჰყვა საქართველოსა და რუსეთის მმართველი პარტიების ურთიერთობის გააქტიურებისა და საზოგადოებრივი ფორუმების ჩამოყალიბების იდეებიც. კოტე გაბაშვილმა რუს კოლეგას შეახსენა საქართველოს პარლამენტის ადრინდელი ინიციატივაც, რომელიც საგანგებოდ კონფლიქტების პრობლემაზე მომუშავე ანალიტიკური ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. იმის გარანტია, რომ მიუხედავად სურვილისა, ეს პროცესები დაიწყება, ჯერჯერობით არც თბილისში არსებობს და არც მოსკოვში. პირველ ეტაპზე ვალერი დრაგანოვი ორივე მათგანს მიუღებელი ტონისა და რიტორიკის შეცვლასა და რეალური დიალოგის დაწყებას ურჩევს:

[ვალერი დრაგანოვის ხმა] ,,რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება აზრი გამოთქვას, მაგრამ უმჯობესია ვიფიქროთ ჩვენი პრეზიდენტებისთვის მოტივირებული პირობების შექმნაზე, რომელიც აუცილებელია ჩარჩო ხელშეკრულების მოსამზადებლად. დღემდე მისი არარსებობა გასაკვირი და, შესაძლოა, პარადოქსულიც კი იყოს.”

ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიზანშეწონილობაზე საუბარს რუსეთი მაშინ იწყებს, როცა საქართველოსთან ურთიერთობა განსაკუთრებით მწვავდება, კოტე გაბაშვილი აკვიატებულ საბჭოთა იდეას უწოდებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,რად მინდა ჩარჩო ხელშეკრულება, როდესაც ორი ნაწილი საქართველოსი მიტაცებულია?! როცა მოგვარდება ყველაფერი, დალაგდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგება, მერე დავიწყოთ ფიქრი ჩარჩო ხელშეკრულებაზე. ახლა რას მაძლევს ჩარჩო ხელშეკრულება, რისი გარანტიაა?” (სტილი დაცულია)

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოგვარებისთვის ხელის შემშლელი კონკრეტული ფაქტორი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ოთხშაბათს არ დაუსახელებია. განსხვავებით კოტე გაბაშვილისგან, რომელიც ასეთ ფაქტორად საქართველოში არსებულ კონფლიქტებს მიიჩნევს, იმაზე, რომ ეს პრობლემა პარლამენტების დონეზე ვერ მოგვარდება, ოთხშაბათს არავის უდავია. ისევე, როგორც არ უდავიათ იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს ერთად ცხოვრება მოუწევთ, თუნდაც მეზობლობის ფაქტორის გათვალისწინებით:

[ვალერი დრაგანოვის ხმა] ,,შესაძლოა, გაართულო ნებისმიერი სიტუაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეუძლებელია მისი აბსურდამდე მიყვანა. მე კმაყოფილი ვარ საუბრის იმ ფორმატით, რომელსაც ბანალურად კონსტრუქტივიზმი ეწოდება.”

ვალერი დრაგანოვს არაფერი უთქვამს იმაზე, იყო თუ არა კონსტრუქციული საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის ხელმძღვანელების, მათ შორის, კოტე გაბაშვილის ამასწინანდელი განცხადებები რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით. თავად დრაგანოვი კი აღმოჩნდა პრაქტიკულად ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი, რომლის ტონითაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო დღეებში კმაყოფილი დარჩა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც არ უნდოდა ძალიან მწვავედ ელაპარაკა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთშიც არის რაღაც გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ცოტა ფხიზლად მიუდგნენ იმას, რაც ასე საშინლად აურ-დაურიეს ამ ბოლო ხანს. ჩვენ გვაქვს პრობლემა, ჩვენი კონფლიქტები, მათი მოგვარება და ჩვენი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა. ვინც ამაში გვერდში დაგვიდგება, მადლობელი ვიქნებით. მზად ვართ მეგობრობისთვის ყველასთან.” (სტილი დაცულია)

იქნება თუ არა მშვიდი ანალოგიური ვიდეოდისკუსიის ტონი თებერვალში და გაუჩნდებათ თუ არა მის მონაწილეებს ფეხბურთზე საუბრის სურვილი, უცნობია. თბილისში მოქმედი საერთაშორისო პრესცენტრი ,,ახალი ამბები” და რუსული სააგენტო ,,რია-ნოვოსტი” მომდევნო ვიდეოხიდის თემად რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას აირჩევენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG