Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში


ოთხშაბათს ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის მონაწილეობით.

ეს იყო მინისტრის გამოსვლა ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში - შევხედრა, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საკითხზე უნდა ემსჯელათ, მათ შორის გაზის კრიზისზე. მოკლედ იმის შესახებ, რა შეიტყო ამ მოლაპარაკებაზე ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორეპსონდენტმა, აჰტო ლობიაკასმა.

ჩვენი კოლეგა იუწყება, რომ გელა ბეჟუაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა გააქტიურებისაკენ რამდენიმე პრობლემის მოსაგვარებლად, უწინარეს ყოვლისა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტისა და საქართველოს ენერგომომარაგების გარშემო კრიზისის დასარეგულირებლად. როგორც ცნობილია, ორივე საკითხი რუსეთს უკავშირდება. და ბეჟუაშვილს ბრიუსელში არ დაუმალავს, რომ სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების საქმეში, საქართველო რუსეთს მიიჩნევს მთავარ დაბრკოლებად. იქვე ბეჟუაშვილმა აღნიშნა: [ბეჟუაშვილის ხმა] "ყველაზე სერიოზული დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ეკონომიკის განვითარებას, არის ე.წ. გაყინული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კონფლიქტების არსებობა დიდ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და განვითარებას არა მარტო საქართველოში, არამედ საზიანოა დემოკრატის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მთლიანად, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში."

ბეჟუაშვილმა ბრიუსელში თქვა, რომ საქართველო ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. იქვე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა საქართველოს სურვილი, გაფართოვდეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის მანდატი - ამ პოსტზე ამჟამად მომუშავე ჰეიკი ტალვიტიეს თებერვლის მიწურულს შეცვლის სხვა მოღვაწე. თუმცა, ევროკავშირის წყაროებმა ჩვენს რადიოსთან საუბარში გამორიცხეს მნიშვნელოვანი ცვლილება მის როლში.

მეორე მხრივ, ქართველმა მინისტრმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა საქართველოს სურვილი, რომ ევროკავშირმა გააგზავნოს დელეგაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის შესამოწმებლად და გააგზავნოს მშვიდობისდამცველებიც.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, მას ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა (ანონიმურობის დაცვის თხოვნით) უთხრეს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ბლოკმა, რომელშიც კარგა ხანია აზრთა სხვადასხვაობა სუფევს რუსეთისამდი დამოკიდებულების საკითხში, საქართველოს რომელიმე თხოვნა შეუსრულოს თვალსაწიერ მომავალში.

მაგრამ, ასეა თუ ისე, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, იუწყებია ჩვენი ბრუსელელი კორესპონდენტი, თანაგრძნობით მოუსმინეს ბეჟუაშვილს. გერმანელ ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობის კომიტეტში, ალფრედ გომოლკას, მარტო თავის აზრი არ გამოუთქვამს, როცა “ევროკავშირის სისუსტე” უწოდა ბლოკის წევრების განსხვავებულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. გომოლკას თქმით, რუსეთს უწინაც უცდია მეზობლებზე ზეწოლის განხორციელება, მაგრამ ახლა გაზის კრიზისი წარმოაჩენს შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს.

[გომოლკას ხმა] “ახლა ამ ამბავმა სიმწვავე შეიძინა და ამის გამო გვმართებს, ერთის მხრივ ძალიან ნათლად გამოვხატოთ, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს მის სხვადასხვა წევრს შორის განხეთქილების დათესვას. ევროკავშირმა ერთხმად უნდა გააკეთოს და გააკეთებს კიდეც საპასუხო რეაქციას”.
XS
SM
MD
LG