Accessibility links

logo-print

ქვეყნის ენერგოკრიზისის პირობებში საქართველოს გაზეთებს ისღა დარჩენიათ, კვლავ იმაზე იმსჯელონ


ქვეყნის ენერგოკრიზისის პირობებში საქართველოს გაზეთებს ისღა დარჩენიათ, კვლავ იმაზე იმსჯელონ, ვის შეეძლო განეხორციელებინა დივერსიული აქტები და როდის მიიღებს

ბუნებრივ აირს საქართველო. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გახლავთ ერთადერთი საკითხი, რომელსაც დღევანდელი პრესა აშუქებს.

”24 საათი” პირველ გვერდზე საქართველოში გერმანიის ელჩის უვე შრამის სიტყვებს აქვეყნებს. გუშინ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის ჰაიკი ტალვიტის პრესკონფერენციაზე, რომელიც, ძირითადად, კონფლიქტების მოგვარებას შეეხებოდა, გერმანიის ელჩმა საქართველოსთვის ენერგომომარაგების შეწყვეტაზეც თქვა. უვე შრამმა განაცხადა: ”ეს იყო ლაჩრული საქციელი, რადგანაც უმეტესად საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებზე იქონია გავლენა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ, ევროპელები, ქართველების გვერდით ვდგავართ ამ მძიმე დღეს.”

”გამორიცხული არ არის, დივერსიაში კოკოითის ხელი ერიოს”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ”საქართველოს რესპუბლიკა” ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან, რომელიც ამბობს: ”ვიცით, რომ დივერსია ჩრდილოეთ ოსეთში მოხდა. დღეს ყველაზე სავალალო ვითარება შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მალე ცხინვალიდან შეიძლება სამშვიდობოები გავიდნენ. ვითარების გამწვავება, უპირველესად, ხელს აძლევს კოკოითს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ამ ცივ ზამთარში ამოქმედებულიყვნენ შინაური მტრებიც, რომლებიც სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ დივერსიის მიღმა იქნებ ბიზნესინტერესებიც მოიაზრება”, - ამბობს რამაზ კლიმიაშვილი ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში. ბიზნესინტერესის თეორიას ის დივერსიისა და ენერგეტიკის მინისტრის ირანში ვიზიტის დამთხვევას უკავშირებს.

თბილისში დიდთოვლობის გამო ტრავმების რაოდენობის ზრდაზე წერს ”რეზონანსი”: ”დიდთოვლობისა და დედაქალაქში გზების მოყინვის გამო თბილისში ავარიების რიცხვმა მოიმატა. ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში 15-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. საკმაოდ მოიმატა ფეხით მოსიარულეთა დაზიანებების ფაქტებმა. ტრავმატოლოგიურ კლინიკაში, გუშინ საღამოს მონაცემებით, 40-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა ტრავმებით. 10-მდე დაზარალებული მიიყვანეს თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში. გვიან ღამით, ”რუსთავი-2”-ის მონაცემებით, მათმა რიცხვმა 80-ს მიაღწია. 03-ში მოქალაქეთა ტრავმებზე გუშინ საღამომდე 200-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ტრავმირებულთა საშუალო ასაკი 50 წელზე მეტია და ხშირია ხელისა და მხრის მოტეხილობები”, - წერს ”რეზონანსი”.

”რეზონანსი” წერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც, არ გამოვიდეს დსთ-დან. გაზეთი მკითხველს ექსპერტების მოსაზრებას აცნობს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობიან. ”არა მგონია, ემოციური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის სასარგებლო იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლება არსებულ ვითარებას კარგად აცნობიერებს”, - ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ აზრს ეთანხმება და ამბობს: ”ამ შემთხვევაში მე მთავრობის გადაწყვეტილებას ვემხრობი. იქამდე, სანამ საქართველოს სხვადასხვა ასპექტში, დაწყებული ენერგეტიკული საკითხებიდან და დამთავრებული კონფლიქტების საკითხებით, პოზიციებს არ გაიმყარებს, ვიდრე ჩვენ რაიმე გარანტიები არ გვექნება, რომ დსთ-დან გამოსვლა ამ პროცესებზე არ აისახება, იქამდე ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მოულოდნელი სირთულეები გაგვიჩინოს”, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ”რეზონანსისთვის” დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოუსვლელობის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელ ლია მუხაშავრიასთან. საუბრის ძირითადი ნაწილი, ბუნებრივია, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს ეძღვნება. ”სასამართლო, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ძალიან ქმედითი მექანიზმია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ უნდათ შეურიგდნენ ხელისუფლების უკანონობას, თვითნებობას, მათი უფლებების დარღვევას და შელახვას. ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მართლა არღვევს ამ უფლებებს და, შესაძლოა, დაზარალებულებმა და მსხვერპლებმა თავიანთი შელახული უფლებების აღდგენა მოინდომონ სასამართლოს მეშვეობით, ამიტომ ხელისუფლების ინტერესია, რაც შეიძლება დამორჩილებული და კონტროლირებადი იყოს სასამართლო ხელისუფლება. ამას ემსახურება ის ღონისძიებები, რომლებიც რეფორმად არის მონათლული”, - აცხადებს ადვოკატი ლია მუხაშავრია ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG