Accessibility links

logo-print

ელექტროენერგია მიწისქვეშეთიდან?


ჩვენი გადაცემის სტუმარს, გერმანიაში მოქმედი

“ფერსტგეოთერმსის” ხელმძღვანელს ქრისტიან შოლცს მასთან საუბრისას თბილისის დაარსების შესახებ ლეგენდა ვუამბე და ვკითხე: აი, ასეთი თბილი ქალაქია, გოგირდის წყაროები იქ უხსოვარი დროიდან მოჩქეფს და რას იტყვით-მეთქი.

(შოლცის ხმა)

“ ეს ძალიან კარგად ჟღერს! ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუკი ღრმად ჩავბურღავთ, სითბოთი ფართო მომარაგება შესაძლებელი იქნება. გეოლოგიური წინაპირობები, ჩანს, ძალიან კარგია, რასაც ისტორიაც ადასტურებს. უნდა ჩატარდეს გეოლოგიური კვლევა და, მართლაც, შეიძლება თბილისის რეგიონში ისეთი სითბო აღმოჩნდეს, რომ არეალის იაფი ენერგიით მომარაგება შესაძლებელი გახდეს.”

როცა ენერგიის დეფიციტია , წესით და რიგით, უნდა დაიწყო ახალი გზების ძიება. ამ ახალი გზების ძიება მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს იმაზე არ ვილაპარაკებთ, რომ ენერგიის დეფიციტს ადამიანი იმითაც ქმნის, რომ ათას რამეს იგონებს ისეთს, რაც ენერგიის ხარჯს ზრდის. ამაზე არაფერი ვთქვათ დღეს, რადგან ამის რეცეპტები არ გაგვაჩნია. რეცეპტი აქვთ გეოთერმიაში მომუშავე მეცნიერებს და ტექნიკოსებს. “გეო” მიწას ნიშნავს, იცი ეს შენ, გათვითცნობიერებულო მსმენელო, და “თერმე” კი - სითბოს. ამ ხალხს კი მიწის სითბოს გამოყენება დაუსახავს მიზნად და ჯერჯერობით წინაც მიდის მათი საქმე. - არის ქვეყნები, სადაც მიწიდან სითბო დაუპატიჟებლად ამოდის. აქ, პირველ რიგში, ალბათ, ისლანდია გახსენდებათ. - თავიდანვე ზოგადად რომ გითხრათ, ამ მომავალი ენერგოწყაროს არსი შემდეგია: მიწისქვეშა სიმხურვალე, - ზოგან მაღალი, ზოგად დაბალი, - იქიდან წყლისა თუ ორთქლის ამოქაჩვით, გარდაიქმნება ენერგიად, ელექტროენერგიად, ან კიდევ, თავისი თავდაპირველი სახით, გასათბობად გამოიყენება. დედამიწის ცენტრისკენ თუ დაიწყებთ ბურღვას, ტემპერატურა ყოველ ას მეტრში საშუალოდ სამი გრადუსით იზრდება. მაგალითად, გერმანიის ყველაზე ცხელი ადგილი რაინის ზემო წელშია - იქ მიწისქვეშეთი ორჯერ უფრო ცხელია.

როგორც გითხარით, ამაზე ფიქრსა და ნაფიქრის პრაქტიკულ განხორციელებაში პიონერები ისლანდიელები არიან - მათ ქვეყანაში ენერგიის 85 პროცენტი გეოთერმულია. ისლანდიური ფირმა “ენექსი” - თუკი მის “ვებგვერდზე” შეიხედავთ, ნახავთ ამის შესახებ ინფორმაციას - საქართველოში მუშაობს და იქაურ ვითარებას იკვლევს.

ეს ენერგია, სპეციალისტების თანახმად, სუფთა, საიმედო და ამოუწურავია. ამასთან, მისი რესურსი თითქმის უსაზღვროა და ენერგომატარებლების ბაზარზე პოლიტიკური დაძაბულობისგან დამოუკიდებელია. მიაჩნიათ, რომ გეოთერმიას უპირატესობა აქვს მზისა და ქარის ენერგიების მიმართაც. ქარი შეიძლება ყოველთვის არ უბერავდეს და მზეს კი ღრუბელი ეფარება ხოლმე. შვეიცარიელი გეოფიზიკოსი ტომას კოლი ამბობს, რომ 20 წელიწადში - ეს ტექნიკა ახლა განვითარების ფაზაშია - გეოთერმული ელექტროსადგურების სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება. ვინმეს შეიძლება ეცოტაოს, მაგრამ, უხეშად რომ დავთვალოთ, ეს ენერგია ასიათასიან ქალაქს ეყოფოდა.

გეოთერმული ორი მეთოდი არსებობს. ერთს სპეციალისტებმა ჰიდროთერმული უწოდეს. მისი არსი შემდგომშია:

ცხელი წყალი, ანუ თერმული წყალი, წყალშეღწევადი ქანიდან, საგანგებოდ მასში შეყვანილი მილით, იტუმბება ზევით, გეოთერმულ ელექტროსადგურში, სადაც ის საგანგებო მოწყობილობაში- სითბოგამცვლელი ვუწოდოთ მას - გაედინება. ელექტროსადგურში გამოთავისუფლებული სითბო ან ელექტროენერგიის წარმოებას, ან კიდევ გათბობის სიტემას მოხმარდება.

არის მეორე მეთოდიც. რომელიც ახლა ჯერ კვლევის სტადიაშია. ამ შემთხვევაში მიწისქვეშა თერმული წყლები საჭირო აღარ არის - ცხელი, მშრალი ქანებია საკმარისი. ინგლისურად მას ამიტომაც “ჰოტრაიროკსისტემს” უწოდებენ. ქრისტიან შოლცი განგვიმარტავს, რომ ამ ქანებში, წყლის მაღალი წნევით ხელოვნურად ჩატუმბვის შედეგად, ჩნდება ნაპრალები, წყალი ხურდება და ისეთი ეფექტი იქმნება, ცხელ ტაფაზე რომ წყალი დაასხათ. მეორე მილით ორთქლი ზემოთ ადის და ელექტროსადგურში უკვე ტურბინას ამუშავებს, რომელიც დენს გამოიმუშავებს. მაგრამ იმის გამო, რომ წყალი მიწისქვეშ დიდი რაოდენობით მარილებს იღებს, მისი პირდაპირ ორთქლად ქცევა ძნელია.

როცა მიწისქვეშეთზე ვლაპარაკობ, იგულისხმება რამდენიმე კილომეტრის სიღრმე, თერმული წყლის ტემპერატურა კი 120 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რათა ენერგიის წარმოებას აზრი ჰქონდეს. ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ ახლავს, რა თქმა უნდა, თავისი რისკი. გეოლოგებმა იციან, რა სიღრმეზე რა ტემპერატურაა, მაგრამ რამდენი წყალია მიწის ქვეშ, არ არის იოლი დასადგენი. თუმცა ჩვენი რესპონდენტი ქრისტიან შოლცი ამბობს, რომ ენერგია მიწაში ყველგანაა:


(შოლცის ხმა)

“საერთოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ ღრმად თუკი ჩავალთ, სითბოს ყველგან ვნახავთ. მაგრამ უფრო მნივშნელოვანია იმის დადგენა, როგორია გეოლოგიური პირობები კონკრეტულ არეალში, აქვს თუ არა აზრი იქ ელექტროსადგურის აგებას; ტემპერატურის გარდა, არის თუ არა საკმარისი წყალი, რომელსაც სითბო ზემოთ ამოაქვს.”


აქვე უნდა ითქვას, რომ ქრისტიან შოლცის ფირმას შპაიერი - ამ ქალაქში ხორციელდება მათი პროექტი - გეოლოგიური ნიშნით არ აურჩევია. შპაიერში დაიწყეს ბურღვა, იმიტომ რომ იქ კარგად განვითარებული ენერგოქსელი, ასე ვთქვათ, თბოინფრასტრუქტურა არსებობს და მომხმარებელიც საკმარისია. მე ქრისტიან შოლცს ვკითხე, რას ნიშნავს გეოთერმია, ბუნების დაცვის თვალსაზრისით, ხომ არ ვნებს ამგვარი სადგური გარემოს-მეთქი.


(შოლცის ხმა)

“გერმანიასა და ევროპაში რეზერვუარები ისე დიდი არ არის. წყალს, რომელიც ზემოთ ამოგვაქვს, უკანვე ვაბრუნებთ. იმის გამო, რომ ის ძალიან მარილიანია, ჟანგბადთან მისი კონტაქტი არ უნდა მოხდეს, ანუ ის დახურულ სისტემაში მოძრაობს; შესაბამისად, როცა წყალი მიწაში ბრუნდება, იგი ისეთივეა, როგორიც იყო - მასში ქიმიური ცვლილებები არ ხდება; ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამგვარი სადგური ემისიის გარეშე მუშაობს.”

დაბოლოს, ამგვარი სისტემის შექმნას და მუშაობას არეგულირებს და ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის კანონი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ვინც გეოთერმული ელექტროდენის წარმოებას და გასაღებას მოკიდებს ხელს, უზრუნველყოფილი ექნება მინიმალური ფასი. და არამხოლოდ ეს. კანონი ხელს უწყობს მათ, ვინც ამ საქმეს შეეჭიდება. კანონი გერმანიაში 2000 წელს მიიღეს და შარშანწინ განაახლეს. მას შემდეგ განახლებადი ენერგიების წარმოების სფეროში ბუმია.
XS
SM
MD
LG