Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემორჩენილი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანული მარაგის ნაწილია


საქართველოს მთავრობა რუსულ კომპანია ,,გაზპრომს” არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველოში შემდგომი

ტრანსპორტირებისთვის, ,,გაზპრომს” აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა დღემდე არ მიუწოდებია. ორნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ამჟამად თბილისის რამდენიმე რაიონისა და ერთი ენერგობლოკის მომარაგებისთვის იხარჯება, აზერბაიჯანული მარაგის ნაწილია. ამასთან, შეზღუდულია სარეზერვო პოტენციალი თავად აზერბაიჯანშიც, სადაც საქართველოს მსგავსი უამინდობის გამო, გაუთვალისწინებელი ვითარების შექმნას არ გამორიცხავენ.

ის, რომ ამჟამად თბილისს გაზის გარკვეული რაოდენობა აქვს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ შარშან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგია. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების ამუშავების აუცილებლობა მაგისტრალური გაზსადენის აფეთქების შემდეგ წარმოიშვა. არსებული შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანი საქართველოს მინიმუმ 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო, თბილისმა ბაქოსგან ორჯერ მეტი მოცულობის გაზის მოწოდება რამდენიმე დღის წინ ითხოვა, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო ამჟამად საქართველო ორნახევარ მილიონ კუბურ მეტრს იღებს. ეს გაზი რომ აზერბაიჯანული რეზერვის ნაწილია და არა რუსეთიდან მიღებული დამატებითი მოცულობა, რადიო ,,თავისუფლებას” სააქციო საზოგადოება ,,აზერიგაზის” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა კამანდარ ეივაზლიმ აცნობა:

[კამანდარ ეივაზლის ხმა] ,,ყოველდღიურად საქართველოს 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზით ვამარაგებთ. ამას აზერბაიჯანის საშინაო რეზერვებიდან ვაკეთებთ. რუსეთს აზერბაიჯანისთვის ჯერჯერობით არ მოუწოდებია გაზი საქართველოში გადასატუმბად. აზერბაიჯანის დახმარება დაზიანებული მილსადენის აღდგენამდე გაგრძელდება. ამას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. ასეა, თუ ისე, უახლოესი 10-15 დღის მანძილზე აზერბაიჯანელ მომხმარებელს გაზთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ ამის შემდეგ, შესაძლოა, ამ საკითხზე მსჯელობა გახდეს საჭირო.”

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სარეზერვო ფონდის შესაძლებლობები შეზღუდულია და თუკი ამჟამინდელ რთულ კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ, შესაძლოა არაპროგნოზირებადი ვითარება შეიქმნას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბაქოში ირწმუნებიან, რომ მისი რეზერვი საქართველოს იმდენ ხანს მოამარაგებს, რამდენიც საჭირო იქნება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო იმასაც აცხადებს, რომ ,,გაზპრომის” მიერ ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, მზად არის საქართველოში მისი შემდგომი, შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის.
,,გაზპრომმა” რომ ეს საკითხი ბაქოს უკვე შეუთანხმა, ამის თაობაზე ჯერ კიდევ ორშაბათს განაცხადა საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დავუკავშირდით კოლეგებს აზერბაიჯანიდან და შევუთანხმდით ამ ქვეყანაში რუსული გაზის მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდაზე, საქართველოში შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით.”

რუსეთი, კერძოდ კი კომპანია ,,გაზპრომი” რომ მართალს არ ამბობს, ეს ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,იმის მიუხედავად, რომ ალბათ, უფრო მსოფლიოს დასამშვიდებლად ,,გაზპრომის” ინტერნეტ-საიტებზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ 3 მილიონი კუბომეტრი გაზი ყოველდღიურად მიეწოდება აზერბაიჯანს იმისათვის, რომ მან გაუზარდოს საქართველოს მოხმარება, ეს ასე არ არის.” (სტილი დაცულია)

ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ მიუხედავად თავად აზერბაიჯანში შექმნილი რთული სიტუაციისა, საქართველო ორნახევარ მილიონ კუბურ მეტრ გაზს სწორედ ამ ქვეყნის რეზერვიდან იღებს. უშუალოდ ,,გაზპრომს” კი პრემიერ-მინისტრმა არჩევანი შესთავაზა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,ან შესაბამისი განცხადებები შეწყდეს იმის თაობაზე, რომ თითქოს ,,გაზპრომი” საქართველოსთვის აზერბაიჯანს აწვდის დამატებით გაზს, ან შესაბამისად, თუ ამის საშუალება არის, ეს გაზი მიეწოდოს აზერბაიჯანს და ჩვენ უფრო მეტი გაზის მიღების შესაძლებლობა მოგვეცეს.” (სტილი დაცულია)

რას აირჩევს ,,გაზპრომი,” ამის გარკვევა მისი შვილობილი კომპანია ,,გაზექსპორტის” საქართველოს წარმომადგენლობაში ვერ შევძელით, რადგან გადაუდებელ საქმეთა მოტივით, ხუთშაბათს კომენტარზე უარი ითქვა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG