Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს პალესტინელების არჩევნებში “ჰამასის” გამარჯვების შემდეგ?


პალესტინელების პარლამენტის არჩევნებში ხმების უმრავლესობა, თან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც ცნობილია, მოიპოვა გასამხედროებულმა მოძრაობა “ჰამასმა”.

ეს გარემოება კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელს სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში ერთი უბრალო მიზეზის გამო: “ჰამასი” არ ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას, ხოლო ისრაელი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამავე შეფასებას იზიარებენ აშშ და ევროკავშირი. მათი პოზიცია კი ფრიად მნიშვნელოვანია, რადგანაც ე.წ. კვარტეტის წევრები არიან რუსეთთან და გაეროსთან ერთად. სწორედ კვარტეტი მფარველობს ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას - სამშვიდობო გზამკვლევს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ხუთშაბათს დაადასტურა მისივე ადმინისტრაციის პოზიცია: “ჰამასი”, რომელიც არ აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას, მიუღებელია სამშვიდობო პროცესის მონაწილის რანგში.

[ბუშის ხმა] “არ მესმის, როგორ შეიძლება სამშვიდობო პარტნიორი იყო, როცა შენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის განადგურება. ისიც ცხადია, რომ ვერ იქნები სამშვიდობო პარტნიორი, როცა შეიარაღებული დაჯგუფება გყავს”. ჯორჯ ბუშის ეს განცხადებაც ცხადჰყოფს საფრთხეს, რომელიც გზამკვლევს ემუქრება. ევროკავშირმა, შესაძლოა, შეარბილოს “ჰამასისადმი” უარყოფითი პოზიცია, მაგრამ აშშ ამაზე არ წავა, - ასე ფიქრობს ლეონ ფიურტი, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იყო. მისივე შეფასებით, პალესტინელების პარლამენტის არჩევნებში “ჰამასის” გამარჯვებით შექმნილ, ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიზისული ვითარება ისრაელის მთავრობაში. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ისრაელს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს - ეჰუდ ოლმერტი. გზამკვლევი, ამერიკელი ექსპერტის თქმით, არ მომკვდარა, მაგრამ დროებით მაინც არ განიხილება.

რაც შეეხება “ჰამასს”, მან უნდა გაარკვიოს, რას მოელიან მისგან პალესტინელები, ვინც მას არჩევნებში მიემხრო... [ფიურტის ხმა] “ეს კენჭისყრა ცხადჰყოფს ბევრი პალესტინელების უკმაყოფილებას კორუფციით, რომელიც მოძრაობა “ფატაჰს” ახასიათებს. ამიტომ ეს იყო კენჭისყრა, რომლითაც პროტესტი გამოთქვეს “ფატაჰის” წინააღმდეგ. საკითხავი ის არის, გამოთქვეს თუ არა იმავდროულად უარყოფითი დამოკიდებულება ახლო აღომსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და მიემხრნენ თუ არა ისრაელის არსებობის აღიარებაზე სამუდამო უარს.”

ასეა თუ ისე, განაგრძობს ლეონ ფიურტი, პალესტინელების ახალი ლიდერები საქმიანობას დაიწყებენ ისრაელთან მშვიდობის უარყოფით, რადგან “ჰამასისთვის” ამ საკითხში პოზიციის უცებ შეცვლა სახიფათოა. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ პალესტინელები “ჰამასისაგან” გონივრულ, არაკორუფციულ მმართველობას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელიან. საამისოდ კი “ჰამასს” ისრაელთან პოლიტიკური თუ არა, ეკონომიკური კონტაქტები დასჭირდება.

რაც შეეხება ისრაელს, თუ გზამკვლევი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ისრაელსაც ეკისრება, - ასე ფიქრობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი, მურჰაფ ჯუეათი. ის აღიარებს, რომ ისრაელი არაერთ კომპრომისზე წასულა გზამკვლევის შესაბამისად, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, როგორც წესი, მოქნილობას არ იჩენს. ამიტომ მნიშნველოვანია ისრაელის მხრივ კეთილი ნების დემონსტრირება - პოზიციის შერბილება, უწინარეს ყოვლისა, უსაფრთხოებისა და პალესტინელების ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების საკითხებში.

საბოლოოდ “ჰამასი”, ამერიკაში მოღვაწე სირიელი ექსპერტის შეფასებით, გააცნობიერებს, რომ მისივე ხალხის, პალესტინელების ინტერესებს ემსახურება სამშვიდობო გზამკვლევის განხორციელება.
XS
SM
MD
LG