Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე მსჯელობენ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე?


დავოსიდან - შვეიცარიის კურორტიდან, სადაც ოთხშაბათიდან მიმდინარეობს ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი,

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების გამოხმაურება მოჰყვა “ჰამასის” გამარჯვებას პალესტინელთა საპარლამენტო არჩევნებში. (მასზე, როგორც ცნობილია საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩასული, მაგრამ სამშობლოში ენერგეტიკული კრიზისის გამო, ვადამდე შეწყვიტა ვიზიტი.)

“ჰამასის” გამარჯვებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა დავოსში შემდეგი განცხადება გააკეთა: [ანანის ხმა] “ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც სურს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, საბოლოოდ უნდა განიარაღდეს, რადგან იარაღის ტარება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და პარლამენტში ჯდომა - ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ისინიც ფიქრობენ ამაზე”.

საგულისხმოა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადება. რაისი არ ჩასულა დავოსში, მაგრამ მის მონაწილეებს ვიდეოხიდის მეშვეობით მიმართა და ჰამასთან დაკავშირებით აღნიშნა: [რაისის ხმა] “არ შეიძლება ერთი ფეხით პოლიტიკაში იდგე, მეორეთი - ტერორიზმში. ამიტომ “ჰამასისადმი” ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა”. ეს ნიშნავს, რომ აშშ, როგორც პალესტინელების პარლამენტის არჩევნებამდე აცხადებდა, არ აპირებს “ჰამასთან” საქმის დაჭერას არც მისი არჩევნებში წარმატების შემთხვევაში.

და კიდევ ერთი გამოხმაურება დავოსიდან: ორგანიზაცია არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ აღნიშნა “ჰამასის” საკითხში აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით, “არ შეიძლება დემოკრატიისაკენ მოწოდებით გამოდიოდე, შემდეგ კი სჯიდე იმას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვაო”. [ამრ მუსას ხმა]

არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება დავოსის ფორუმზე გააკეთა. დავოსში კი წლევანდელი შეკრების ერთ-ერთ მთავარი თემა იყო ჩინეთი, მისი ეკონომიკური ბუმი.

ჩინეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ მაჩვენებლად ითვლება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ჟურნალმა “ფორბსმა” შეიტანა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 500 ფირმის სიაში. როგორც დავოსში აღნიშინა, ამ სიაში ჩინეთი 16 კომპანიით არის წარმოდგენილი, მაშინ როცა ორიოდე წლის წინ - არც ერთით არ იყო. 2010 წლისთვის კი ჩინური ფირმების რიცხვი ამავე სიაში 50-მდე უნდა გაიზარდოს - ასეთია ჩინეთის მთავრობის გეგმა.

[ორიტ გადიშის ხმა] “ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი 4 წელიწადში განდევნის “ფორბსის” სიიდან მსოფლიოს 34-ტ უდიდეს კომპანიას. კონტრასტის წარმოსაჩენად ვიტყვი: ინდოეთს 5 კომპანია ჰყავს (“ფორბსის” 500-ფირმიან სიაში), რუსეთს - 3”. ეს კონტრასტი ჩინეთის შესახებ გამართული დისკუსიის დროს წარმოაჩინა ორიტ გადიშმა - წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, Bane and Company-ს თავმჯდომარემ. ხოლო დისკუსიის ჩინელმა მონაწილემ, ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ჟუ სიაოძუანმა აღწერა ეტაპები, რომლებიც მისმა ქვეყანამ გაიარა ბოლო 20 წლის ეკონომიკური გარდაქმნის მსვლელობაში: [ორიტ გადიშის ხმა] “80-იან წლებში ჩინეთის კომპანიები ცდილობდნენ, თავი გაეთავისუფლებინათ ტრადიციული, ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკისაგან და ბაზარზე გასულიყვნენ. 90-იან წლებში ბევრი ჩინური კომპანია შეუდგა რესტრუქტურიზაციას, მფლობელობის დივერსიფიცირებას, შინ და უცხოეთში საზოგადოებასთან კონტაქტის ძიებას, შემდეგ კი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას. ამის შემდეგ კი, ვფიქრობ, ჩინური კომპანიები მზარდ ინტერესს იჩენენ გლობალური კონკურენციის მიმართ”.

მართლაც, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩინეთის ფირმებმა აქციები, ზოგ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტები შეიძინეს რამდენიმე წამყვან უცხოურ კორპორაციაში. ამ საერთაშორისო გარიგებების ყველაზე გახმაურებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ჩინურ საკომპიუტერო ფირმა “ლენოვოს” მიერ ამერიკულ კომპანია IBM-ის პერსონალური კომპიუტერების განყოფილების შესყიდვა. ამ გარიგებით, რომელიც 1,75-ტ მილიარდ დოლარად არის შეფასებული, წარმოიქმნა მსოფლიოში სიდიდით მესამე, პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია.

როგორც დავოსში გამართულ დისკუსიაზე ლენოვოს წამყვანმა მენეჯერემა დიპაკ ადვანიმ ურჩია უცხოელებს, ყველა უნდა მივეჩვიოთ აზრს, რომ ჩინეთი აღარ იქნება მხოლოდ ნაწარმის იაფად მწარმოებელი ქვეყანა, არამედ თვითონაც განავითარებს ახალ კონცეფციებს, თვითონაც შექმნის მთელს მსოფლიოში ცნობილ საფირმო ნიშნებს - როგორც ამერიკულ გერმანულ კორეულ, იაპონურ კომპანიებს აქვთ.

აი, ასეთი გეგმები აქვთ ჩინეთში, რომელიც ეკონომიკური ზესახელმწიფო ხდება, თან ისე სწრაფად, რომ ჭირს შესაძლო შედეგებისთვის დროულად მომზადება. ხოლო შედეგები რომ მძიმე შეიძლება იყოს, ამაზე ჩინეთში გარემოს მასშტაბური დაბინძურებაც მეტყველებს. მსმენელს უთუოდ ახსოვს აფეთქება ქიმიურ ქარხანაში, საიდანაც ტოქსიკური ნივთიერებები მდინარე სუნგარში ჩაიღვარა და არა მარტო ჩინეთში დატოვა მილიონობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშე, არამედ მწვავე საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას რუსეთის სასაზღვრო რეგიონშიც.
XS
SM
MD
LG