Accessibility links

logo-print

საარჩევნო ბარიერის შემცირებას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება

  • ნინო როდონაია

უკვე რამდენიმე წელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო ბარიერის შემცირებას ურჩევს.

ეს რეკომენდაცია კვლავ ჩაიწერა ბოლო რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ ამ კვირაში დაამტკიცა. 7%-იანი საარჩევნო ბარიერის შემცირებას ევროპის საბჭო საქართველოსგან ამჯერად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ელის.

ის, რასაც ევროსაბჭოში ქართული საარჩევნო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური საკითხია.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო ბარიერი ხუთიდან შვიდ პროცენტამდე 1999 წელს გაზარდა. შეგახსენებთ, რომ თავად ამ ინიციატივის ავტორმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ბარიერი ვერ გადალახა. იმავე 1999 წელს საქართველო გაწევრიანდა ევროპის საბჭოში, რომელიც ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემცირების თაობაზე, უკვე რამდენიმე წელია, საფუძველს კონკრეტული რეკომენდაციით უმყარებს. ევროსაბჭოს ეს რჩევა არ გაუთვალისწინებია არც საქართველოს წინა ხელისუფლებას და, ჯერჯერობით, არც ამჟამინდელს, რომლისთვისაც რევოლუციამდელ გადაწყვეტილებათაგან პრაქტიკულად ერთადერთი მისაღები სწორედ შვიდპროცენტიანი ბარიერი აღმოჩნდა.

ევროპელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში მოქმედი საარჩევნო ბარიერი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და ხელს არ უწყობს საპარლამენტო პლურალიზმს. ამ მოსაზრებას ეთანხმება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა გვარამია:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ბარიერის დაწევა აზრთა პლურალიზმისკენ, ასე ვთქვათ, გადაგმული ნაბიჯი არის, თავისთავად ცხადია, და საპარლამენტო წარმომადგენლობის სპექტრის, პოლიტიკური სპექტრის, გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი არის. არის ეს სამსჯელო საკითხი, მით უმეტეს, იმ რაკურსით თუ შევხედავთ ამ საკითხს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაცია არსებობს." (სტილი დაცულია)

პირადად ნიკა გვარამიასთვის შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, როგორც თავად აცხადებს, ,,ოდნავ დიდია.” თუმცა მმართველი პარტიის წევრი იმასაც ამბობს, რომ ბარიერის შემცირება პოლიტიკური საკითხია:

[ნიკა გვარამიას ხმა] "ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ეს არის სუფთა პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი და მიიღება პოლიტიკური კონსენსუსის გზით. ჩემთვის პირადად ვყოფ საკითხებს საკითხებად, სადაც მე მაქვს პროფესიული აზრი, რომელსაც არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სწორია. მაგრამ ეს არ მიეკუთვნება იმ საკითხებს. ეს არის პილიტიკურად სამსჯელო საკითხი, ყველა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით მისაღები." (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ამგვარ მიზანშეწონილობას უშუალოდ საქართველოში ხედავს მხოლოდ ოპოზიცია, ქვეყნის გარეთ კი - ევროპის საბჭო. თუმცა მის გამუდმებულ რჩევას საარჩევნო ბარიერის შემცირების შესახებ ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად შესასრულებელ რეკომენდაციად არ მიიჩნევს. რეკომენდაციების კატეგორიებად დაყოფას და მათ გაუთვალისწინებლობას ცუდი შედეგის მომტან ტენდენციას უწოდებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი, ფიქრია ჩიხრაძე:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "ძალიან ცუდი ტენდენცია არის ხელისუფლების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს დაფიქრება, გაანალიზება იმ საკითხებისა, რაზედაც მკაცრად მიეთითება ჩვენს ხელისუფლებას, ხდება ყურის მოყრუება." (სტილი დაცულია)

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რომლებიც საქართველოში ყოველწლიური მოხსენებების მოსამზადებლად ჩამოდიან, აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ბარიერის შვიდიდან ხუთ პროცენტამდე შემცირების მიზანშეუწონლობის კონკრეტული სახელისუფლებო არგუმენტები არ მოუსმენიათ. ბოლო რეზოლუციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო ბარიერი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეამციროს.
XS
SM
MD
LG