Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხორციელდება თბილისის წყალმომარაგება?


საქართველოში ელექტროგადამცემ ხაზებსა და ელექტროგენერაციის ობიექტებზე გახშირებული ავარიების გამო ელექტროენერგიის გარეშე, მოსახლეობასთან ერთად,

ხანდახან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიც რჩება. მათ შორისაა “თბილწყალკანალი”, რომლის გამართულ მუშაობასაც ცუდი კლიმატური პირობები და დაბალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის. ყინვების გამო გახშირებულია ავარიები მილსადენებსა და წყალსაქაჩ სადგურებზე. ასეთ პირობებში როგორ მარაგდება სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა?

იმის გასაგებად, თუ როგორ მარაგდება მოსახლეობა სასმელი წყლით, ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს გავესაუბრე.

[მოქალაქეების ხმა]
”არის, ჩვეულებრივად მოდის...”
”აქ ვმუშაობდა. კი, არის წყალი, სახლშიც არის...”
”შეწუხებული ვართ. გაზი არ არის, დენი არ არის, ახლა წყალიც ნაკლებად არის...”

საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესის მიერ 27 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”თბილწყალკანალში” დედაქალაქისთვის წყლის მიწოდების ეგრეთ წოდებული მცოცავი გრაფიკის შედგენაზე მუშაობენ. სააგენტო “თბილწყალკანალზე” დაყრდნობით იუწყება, რომ გრაფიკის შედგენა აუცილებელი ხდება სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის შეფერხებებით მიწოდების გამო.

ამ რეპორტაჟის მომზადებისას ელექტროენერგიის გათიშვის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას, ფონიჭალის დასახლებას და ხარფუხის ნაწილს. იქ უდენობის გამო გაჩერებული იყო სამი წყალსაქაჩი სადგური.

[ომარ გოცირიძის ხმა] ”ჩვენ ვითვლებით სასიცოცხლო ობიექტებად, ამიტომ ელექტროენერგია მოგვეწოდება პირველ რიგში ჩვენ. თუმცა 3 სადგური გაჩერებულია ახლა უდენობის გამო. ალბათ, ჩართავენ. დაზიანებები ხდება, მაგრამ ისინი კეთდება ოპერატიულად და ჩავარდნა არ გვქონია.”

ეს არის ომარ გოცირიძე, ”თბილწყალკანალის” ხელმძღვანელი. მისი დამაიმედებელი განცხადების მიუხედავად, უწყლობას უჩივიან მაღალსართულიანი კორპუსების მობინადრენი. “თბილწყალკანალში” ამბობენ, რომ სასმელი წყლის მხოლოდ მეშვიდე სართულამდე მიწოდებაზე არიან პასუხისმგებელნი. უფრო მაღალ სართულებზე კი წყლის მიწოდება რაიონების გამგეობების პრეროგატივაა.

მაღალსართულიან კორპუსებთან დამონტაჟებულ წყალსაქაჩ სადგურებს ელექტროენერგია ისევე მიეწოდება, როგორც თავად ამ კორპუსების მოსახლეობას. სწორედ ამიტომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ წყლით მომარაგების უზრუნველყოფა რაიონების გამგებლებს დაავალა:

[გიგი უგულავას ხმა] ”ნებისმიერი ელექტროენერგია, რომელიც შეიძლება ქალაქმა მიიღოს, უნდა გადანაწილდეს იმ უბნებში, სადაც არ არის გაზი და, შესაბამისად, ყველა გამგებელი იქნება გაფრთხილებული, რომ ადგილობრივი წყალსაქაჩი სადგურები ჩაირთოს, რომ ჩვენ მაღალი კორპუსების წყლით უზრუნველყოფა შევძლოთ.”

დაბოლოს, ელექტროენერგიის არსებობისა და ყველა სადგურის გამართულად მუშაობის პირობებში არის თუ არა წყლის საკმარისი მარაგი და იგეგმება თუ არა დედაქალაქის წყალმომარაგების რაიმე საგანგებო რეჟიმზე გადასვლა? ამ კითხვებს თბილწყალკანალის ხელმძღვანელი ომარ გოცირიძე უპასუხებს:

[ომარ გოცირიძის ხმა] ”წყლის მარაგი გვაქვს საკმაოდ დიდი, თუკი ელექტროენერგიის უქონლობამ არ შეგვიშალა ხელი. დანარჩენი წყლის მარაგი გვაქვს საკმარისი. ასე რომ, წყალი ქალაქს ნორმალურად ექნება.”

ჯერჯერობით წყალსაქაჩი სადგურების ელექტროენერგიით მომარაგება ხერხდება და ომარ გოცირიძე პირობას იძლევა, რომ უდენობის პირობებშიც თბილისი წყლის გარეშე არ დარჩება, რადგან დედაქალაქის 40 პროცენტზე მეტს სასმელი წყალი თვითდინებით მიეწოდება.
XS
SM
MD
LG