Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ კიდმანი - კეთილი ნების ელჩი


გაეროს განვითარების ფონდმა ქალთათვის, იმავე UNIFEM-მა, ცნობილი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი, 26 იანვარს კეთილი ნების ელჩად დანიშნა.

ამ ახალ როლში მსახიობი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა უფლებების დაცვისთვის იმუშავებს. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელენ ჰეიზერმა იმედი გამოთქვა, რომ კიდმანის გლობალური პოპულარობა ისეთ პრობლემებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, როგორიცაა ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ტრეფიკინგი და სექსუალური ექსპლუატაცია. თავად კიდმანმა კი ნიუ-იორკში გამართულ ხალხმრავალ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ახალ როლს მთელი ცხოვრების მისიად აღიქვამს.


UNIFEM-ის ელჩად ქცევამდე ნიკოლ კიდმანი, 9 წლის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის, UNIჩEF-ის, ელჩი იყო ავსტრალიაში.

UNIFEM-თან თანამშრომლობაზე კიდმანი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და ახლა აცხადებს, რომ მტკიცედ გადაწყვიტა ქალების უფლებებისთვის ბრძოლა მთელი ცხოვრების მიზნად დაისახოს:

[კიდმანის ხმა] "ვფიქრობ, ამას მთელი გულით და ემოციით ვაკეთებ –ბევრი წლის განმავლობაში ვეძებდი რაიმე ისეთს, რასაც მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი. სწორედ ეს მინდა გავაკეთო. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში ვიღებ, მაგრამ როცა მივიღებ, ბოლომდე მისი ერთგული ვრჩები."

კიდმანის თქმით, ქალთა უფლებების მიმართ ინტერესი მას დედამ გაუღვიძა, რომელიც რეგულარულად ადევნებს თვალს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის გადაცემებს სოციო-კულტურულ თემაზე. დედის რჩევით, კიდმანმა უყურა გადაცემას, რომელიც ასახავდა UNIFEM-ის მიერ კამბოჯაში გაწეულ სამუშაოს აბრეშუმის მწარმოებელი ქალების დასახმარებლად. კიდმანი თავად დაუკავშირდა UNIFEM-ს და თანამშრომლობა შესთავაზა.

[კიდმანის ხმა] "მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია მათი კეთილი ნების ელჩად ყოფნა და მოუთმენლად ველი ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის დაწყებას. მე თავი არ მომაქვს იმ საკითხების ექსპერტად, რომლებზეც UNIFEM-ი მუშაობს. მაგრამ ყველაფერში გავერკვევი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მწვავე პრობლემების გადაჭრას შევუწყო ხელი."

UNIFEM-თან თანამშრომლობის დროს ნიკოლ კიდმანი ისეთ პრობლემაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, როგორიც ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობაა. მარტის თვიდან მსახიობი სუდანში, კონგოში, ლიბერიაში, ავღანეთსა და კამბოჯაში იმოგზაურებს – ქვეყნებში, სადაც ქალთა ძირითადი უფლებები მუდმივად ირღვევა.

კიდმანის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მას UNIFEM-ში გაწევრიანებისკენ უბიძგა, 2003 წელს გადაღებული ფილმი – "ადამიანური ლაქა" – იყო, რომელშიც კიდმანი ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს. როლისთვის მზადების პროცესში კიდმანი ქალთა რამდენიმე თავშესაფარში მივიდა:

[კიდმანის ხმა] "იქ ბევრი დამთრგუნველი ამბავი მოვისმინე, რაც ამერიკაში ხდებოდა. ვფიქრობ, ესეც იყო ერთ-ერთი ბიძგი იმისათვის, რომ მე ამ პოსტზე აღმოვჩნდი. იმ ამბების მოსმენის შემდეგ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მივხვდი, რა გზით შემიძლია ოდნავ მაინც დავეხმარო იმ ადამიანებს. ვფიქრობ, თუ ცხოვრებაში გაგიმართლა და ბევრი რამ მოგეცა, შენი მოვალეობაა გასცე კიდევაც."

გაეროს განვითარების ფონდმა ქალთათვის, იმავე UNIFEM-მა,
38 წლის მსახიობის, კეთილი ნების ელჩის, ქცევის შესახებ ცნობა 26 იანვარს გაავრცელა. ეს დღე, ამავე დროს,
UNIFEM-ის 30 წლის იუბილეც იყო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG