Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალ "ეკონომისტის" ანალიტიკოსი საქართველოს ენერგოკრიზისის შესახებ


26 იანვარს ჟურნალ "ეკონომისტის" ანალიტიკურმა განყოფილებამ საქართველოს ენერგოკრიზისის დეტალური ანალიზით საკმაოდ ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა.

ჩვენ ამ ორგანიზაციაში მომუშავე ანალიტიკოს ლეილა ბატს, საქართველოს საკითხების სპეციალისტს, ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

პირველ რიგში, ლეილა ბატს ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებინა საქართველოსთვის გაზის ირანის მხრიდან მიწოდებაზე, მაშინ როდესაც ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ირანის ატომური პროგრამის საკითხის ირგვლივ ურთიერთობა სულ უფრო იძაბება:

[ბატის ხმა] "ეს საკმაოდ რთული საკითხია, ვინაიდან სწორედ ახლა დასავლეთის ქვეყნები – როგორც ევროკავშირი, ისე შეერთებული შტატები – ირანის ატომური პოტენციალით განსაკუთრებით არიან შეშფოთებულები. ამის გამო არა მგონია, რომ დასავლეთი ირანის მხრიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების ფაქტს მიესალმოს. ეს, შესაძლოა, აღმოჩნდეს მოკლევადიანი ზომა, რომელიც საქართველოს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უშველის – მანამ, სანამ რუსეთის გაზის მიწოდება აღდგება. საქართველოში ახლა ნამდვილი კრიზისია და ქვეყანას სხვა გზა არა აქვს – დახმარებისთვის ირანს უნდა მიმართოს."

ლეილა ბატი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოსისტემამ უკეთ იმუშაოს და მსგავსი კრიზისები აღარ განმეორდეს. ჩვენთან საუბარში მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველო ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს, დაკვეთილი აქვს ორი აირტურბინის მომზადება და გეგმავს ჰიდროელექტრო პოტენციალის გაზრდას. სამხრეთ კავკასიის გაზსადენით ქვეყანა მიიღებს აზერბაიჯანულ გაზსაც, რომელიც "გაზპრომის" გაზზე ბევრად იაფი ეღირება. ანალიტიკოსის აზრით, ყოველივე ეს საქართველოს მხრიდან რუსეთზე დამოკიდებულად ყოფნის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამავე დროს, ლეილა ბატი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გაზსადენის აფეთქება რუსეთის მხრიდან საქართველოს "დასასჯელად" განზრახ განხორციელებული საბოტაჟი იყო:

[ბატის ხმა] "ბოლო პერიოდში რუსეთის შესახებ ბევრი ცუდი რამ ითქვა დასავლეთის მედიაში - მაშინ, როდესაც “გაზპრომმა” უკრაინას გადაუკეტა გაზი და როდესაც უჩვეულო სიცივეების გამო ევროპაში ექსპორტის შემცირება მოუხდა. ამდენად, რუსეთს უკვე ძალიან ნეგატიური იმიჯი აქვს დასავლეთში და მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ იმიჯის კიდევ უფრო გაფუჭება. ამასთან, როდესაც რუსეთის მხრიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ მილსადენების დაზიანება უწინაც არაერთხელ მომხდარა – აზერბაიჯანში, მაგალითად, და ბევრ სხვა ადგილას. რუსეთმა ადრეც ბევრჯერ შეუწყვიტა გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს. მაგრამ გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზნით რუსეთის მხრიდან გაზსდენის განზრახ აფეთქება, ჩემი აზრით, არარეალურია. გაზსადენის აფეთქება და შემდეგ მისი შეკეთება ბევრ ხარჯს უკავშირდება – განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. რუსეთს კი სხვა ბევრი მეთოდით შეუძლია საქართველოზე ზეწოლის მოხდენა ისე, რომ საკუთარ გაზსადენების ქსელს არ ავნოს."

"ეკონომისტის" ანალიტიკოსს საქართველოს მიერ “გაზპრომისთვის” ე.წ. მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის შესაძლებლობაზეც ვკითხეთ – შეგახსენებთ, ეს შესაძლებლობა სამიოდე კვირის წინ კიდევ ერთხელ გაისმა მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან:

[ბატის ხმა] "ამაზე თავდაპირველად შევარდნაძის რეჟიმის დროს ალაპარაკდნენ, რამდენიმე წლის წინ. თვითონ შევარდნაძე აქტიურად უჭერდა მხარს გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვას. ამ იდეაზე მძაფრი ნეგატიური რეაქცია ჰქონდა შეერთებულ შტატებს – გამოაცხადეს, რომ ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა საქართველოს სტრატეგიას, შეემცირებინა რუსეთზე დამოკიდებულად ყოფნის ხარისხი. ამდენად, პროცესი აღარ განვითარდა. გაზსადენის პრივატიზაციის იდეა რამდენჯერმე გაისმა სააკაშვილის რეჟიმის დროსაც. ამას მნიშვნელოვანი და წარმატებული წინააღმდეგობა შეხვდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. სავარაუდოდ, ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, ეს პრივატიზაცია არ განხორციელდება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში ჰყავს მოწინააღმდეგეები, არამედ იმიტომაც, რომ შეერთებული შტატები გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვის წინააღმდეგ ლობირებას განაგრძობს."

ლეილა ბატის თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისი ინტენსიურად შუქდება ევროკავშირის ქვეყნების მედიის მიერ. თუმცა საქართველოს ვითარება ევროკავშირში უკრაინის კრიზისის მსგავს შეშფოთებას არ იწვევს:

[ბატის ხმა] "ევროპამ მთავარი დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინას შეუწყდა გაზის მიწოდება, რადგან ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროკავშირის ბაზარზეც. ევროკავშირში ახლა ბევრს ლაპარაკობენ გაზის წყაროების დივერსიფიკაციაზე და რუსეთის წილის შემცირებაზე. თუმცა ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს, გადაიზრდება თუ არა ეს ლაპარაკი კონკრეტულ ქმედებაში. დასავლეთის ქვეყნებში, ცხადია, საუბრობენ საქართველოში შექმნილ კრიზისზე. თუმცა მე არა მგონია, რომ ამ კრიზისს ისეთივე შეშფოთებით უყურებდნენ, როგორც ეს უკრაინის კრიზისის დროს იყო, რადგან ევროკავშირის მომხმარებელზე საქართველოში შექმნილი კრიზისი უშუალო გავლენას ვერ მოახდენს."

ლეილა ბატის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ "გაზპრომის" იმიჯი ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეილახა, ეს მის გავლენას და ძალაუფლებას საგრძნობ ზიანს ვერ მიაყენებს:

[ბატის ხმა] "ვფიქრობ, “გაზპრომის” იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. თუმცა მე არა მგონია, რომ ამით მისი ძალაუფლება შესუსტდება. ამას მარტივი მიზეზი აქვს: რუსეთი, ახლო აღმოსავლეთთან ერთად, ენერგეტიკის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია და დასავლეთი რუსეთს ამ კუთხით ახლო აღმოსავლეთის ალტერნატივად აღიქვამს. ამდენად, მე არ მგონია, რომ ევროპის კავშირის მხრიდან “გაზპრომზე” დამოკიდებულების ხარისხი შემცირდეს."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG