Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა


ეჭვგარეშეა, გასული კვირის უმთავრესი მოვლენა პალესტინის ავტონომიის საპარლამენტო არჩევნები და მასში რადიკალური დაჯგუფება ჰამასის გამარჯვება იყო.

შესაბამისად, ამ თემას ყველაზე უფრო ხშირად შეხვდებოდით პრესის ფურცლებზე.
დასავლეთის პრესა მთლიანობაში ერთობ უარყოფითად შეხვდა ჰამასის წარმატებას.
ავსტრიაში გამომავალი "პრესე" წერს:
"პალესტინელები საკუთარ თავს იმაზე დიდ ზიანს ვერ მოუტანდნენ, ვიდრე ჰამასის არჩევით გააკეთეს. ის, რაც საარჩევნო უბნებში ხდებოდა ღაზასა და რამალას შორის, კოლექტიურ პოლიტიკურ თვითმკვლელობას წააგავს. პალესტინელებმა თვითონვე მოისპეს მომავალი. მაჰატმა განდი რომ აღდგეს, იუდაიზმი მიიღოს და კნესეტის არჩევნებში გაიმარჯვოს: ხილულ მომავალში ჰამასთან ისრაელის არცერთი მთავრობა არ აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, სულ ერთია, რაც უნდა მემარცხენე იყოს იგი. სამშვიდობო პროცესი, რომელიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ისედაც მხოლოდ ცარიელი სიტყვა იყო, საბოლოოდ დასამარდა." - მიაჩნია ავსტრიის "პრესეს".

მრავალი გამოცემის, მათ შორის, საფრანგეთის ქალაქ შერბურში გამომავალი "ლა პრეს დე ლა მანშის" აზრით, შესაძლოა ჰამასი მოერგოს პოლიტიკურ კონიუნქტურას და იძულებული გახდეს უფრო ზომიერი კურსი აირჩიოს.
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ისრაელის არსებობას უნდა შეეგუოს, ისევე, როგორც ეს ფათაჰმა და იასირ არაფატმა გააკეთეს. ეს არის წინაპირობა თავად ჰამასის აღიარებისთვის პალესტინის მომავალ სახელმწიფოში."

ამავე აზრს ავითარებს პოლონეთის "რეჩპოსპოლიტა":
"არ არის გამორიცხული, რომ დღეს ჯერ კიდევ რადიკალური პარტია თავისი მეტოქის, ფათაჰის ნაკვალევს დაადგება. ბოლოს და ბოლოს, იასირ არაფატის მიერ დაარსებული მოძრაობა არც თუ დიდი ხნის წინ ასევე რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნეოდა. დღეს კი ფათაჰის ახალ ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასს ისრაელის კონსერვატორებიც კი სანდო პარტნიორად მიიჩნევენ."
განვლილ კვირაში პრესაში კვლავ აქტუალური იყო შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თემა. ევროსაბჭოს დავალებით შვეიცარელი სენატორი დიკ მარტი ატარებს გამოძიებას იმის თაობაზე, იყენებდა თუ არა ეს სადაზვერვო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ უკანონოდ მოპყრობაში.

ნიდერლანდებში გამომავალი "დე ვოლკსრანტი" ამასთან დაკავშირებით წერს: "დღესდღეობით თითქმის დადასტურებულია, რომ დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ასზე მეტი ტერორიზმში ეჭვმიტანილი ევროპის გავლით ისეთ ქვეყნებში ჩაიყვანა, სადაც მათ, შესაძლოა, აწამებდნენ. ნაცნობი სურათია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტიმ ეს ინფორმაცია წინასწარ გაავრცელა, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ორი თვის განმავლობაში იმაზე ბევრად მეტი ვერ იპოვა, ვიდრე ის, რაც მასმედიაში ისედაც ცნობილი იყო. ახლა მარტი განაგრძობს გამოძიებას. იმედია, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს საქმეს, ვიდრე მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიას."
კოსოვოს პრეზიდენტის, იბრაჰიმ რუგოვას გარდაცვალებამ ბალკანეთზე პოლიტიკური ვითარების ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ასეთ მოსაზრებას ხშირად წააწყდებით განვლილი კვირის პრესაში. ვნახოთ, რას წერს ამ თემაზე ბერნში გამომავალი "ტაგეს-ანცაიგერი":
"მისი სიკვდილის ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ რუგოვამ კოსოვოს სტატუსის გასარკვევად ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განიცადა მარცხი მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. მას როგორც, კოსოვოელი ალბანელების მორალურ და პოლიტიკურ წინამძღოლს, ამ კრიტიკულ ფაზაში მოეპოვებოდა საიმისო ავტორიტეტი, რომ ზომიერი და რადიკალური ძალები გაეერთიანებინა. ახლა არსებობს იმის საფრთხე, რომ კოსოვოს ალბანელთა დაქსაქსული პარტიები რუგოვას გარეშე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან და სამშვიდობო პროცესს საფრთხეს შეუქმნიან," წერს შვეიცარული გაზეთი "ტაგეს-ანცაიგერი".
XS
SM
MD
LG