Accessibility links

logo-print

ნატო ქართველი მეცნიერების “სამსახურში”


ქართველი სამხედროების

გარდა, ნატოსთან თანამშრომლობით სარგებლობის მიღება ქართველ მეცნიერებსაც შეუძლიათ, რომელთა იდეების ხორცშესხმისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ჯერჯერობით სრულიადაც არ არის საკმარისი. ქართველი მეცნიერების რამდენიმე პროექტი უკვე დაფინანსდა ნატოსგან, სხვებს ამის შანსს ახალი საგრანტო კონკურსი აძლევს. თუმცა ალიანსის მიერ გაღებული გრანტებით პარტნიორი ქვეყნებიდან ყველაზე უხვად რუსი მეცნიერების ნამუშევრები სარგებლობს. მინდა დღევანდელ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქართველ ნომინანტებსა და მათ პროექტებზე გესაუბროთ.

საქართველოს სამთო მექანიკის ინსიტუტის მეცნიერთა ჯფუფმა შარშან ნატოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი პროექტი ტერორიზმის საფრთხისაგან მოსახლეობის დაცვას გულისხმობს. პროექტის ხელმძღვანელის ედგარ მატარაძის თქმით, პროექტის ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს და იგი საკმაოდ სოლიდური თანხითაც ფინანსდება.

[ედგარ მატარაძის ხმა]

ქართველებთან ერთად პროექტში ამერიკელი და გერმანელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. თუმცა, ედგარ მატარაძის თქმით, ნატოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებაში მთავარი როლი, კარგად დასაბუთებული და აქტუალური პროექტის გარდა, სამთო მექანიკის ინსტიტუტის კარგმა ბაზამ და ქართველი მეცნიერების მაღალმა დონემ ითამაშა.

[ედგარ მატარაძის ხმა]

პროფესორი გოგი თავაძე თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში ედგა სათავეში სამეცნიერო-ტექნიკურ სამმართველოს და კოორდინაციას უწევდა სამხედრო მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს. გოგი თავაძის თქმით, ბევრი ქართული პროექტი დღესაც უცხოეთიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება, თუმცა, ალიანსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ნატოს გრანტი ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილ მხოლოდ 3 პროექტს ერგო წილად. ამის მიზეზად კი გოგი თავაძე თავად ნატოს საგრანტო სპეციფიკას მიიჩნევს.

[გოგი თავაძის ხმა]

მიუხედავად ამისა, სამეცნიერო კვლევების მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესის დაფინანსებაც კი დიდი შეღავათია ქართველი მეცნიერებისათვის, რომლებიც სახელმწიფოსაგან წლების განმავლობაში ვერ ღებულობენ თანხებს სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ჯუმბერ ლომინაძე მიიჩნევს, რომ ქართველი მეცნიერებისათვის ნატოს გრანტის მოპოვებისათვის ბრძოლა ერთგვარად ნიშნავს ბრძოლას თვითგადარჩენისათვის.

[ჯუმბერ ლომინაძის ხმა]


თვითგადარჩენის ინსტინქტი კი ძალიან ძლიერია. სწორედ ამიტომ, ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის ინსტიტუტიდან პატარა ეშმაკობას მიმართა: საბრძოლო ჯავშანჟილეტის კერამიკული ფილების შესახებ გამოგონება ერთბაშად ორ გრანტზე წარადგინა და არც შემცდარა. გოგი თავაძის თქმით, პროექტმა მოიპოვა უკრაინული სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გრანტი და არსებობს იმის შანსი, რომ ქართველი მეცნიერების გამოგონებამ ნატოს საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვოს.

[გოგი თავაძის ხმა]

ქართველ მეცნიერებს მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის ინსტიტუტიდან ჯავშანჟილეტების კერამიკული და ლითონ-კერამიკული ფილებისათვის უკვე შექმნილი აქვთ მცირე საწარმო, რომელიც ახლო ბრძოლაში სამხედროების, პოლიციელისა თუ სპეცსამსახურის აგენტის გადარჩენის დიდ შანსს იძლევა. შესაბამისად, ნატოს გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართველ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათ გამოგონებას ფასი საქართველოშიც დაედება და ხელისუფლება ჯავშანჟილეტების სერიულ გამოშვებაზეც იფიქრებს.
XS
SM
MD
LG