Accessibility links

logo-print

გაზპრომის სტრატეგიული გეგმა


ენერგოკრიზისის პირობებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს რუსეთის მონოპოლისტი გაზპრომი, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს და რომელიც

მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გაზით მთელი რიგი ქვეყნების მომარაგების ბედს. გაზპრომი არის მსოფლიოს უდიდესი გაზის კომპანია და მსოფლიოს სიდიდით მეათე კომპანია. მაგრამ მისი ამბიციები აქ არ წყდება.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა, რომელიც მაშინ გაზპრომს ედგა სათავეში, შემდეგი გეგმა შეიმუშავა. გადაწყდა, შენარჩუნებული ყოფილიყო რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის გაზსადენების ინფრასტურქტურის ერთიანი სისტემა, რომელსაც გაზპრომი გააკონტროლებდა.

ამ გეგმის შემუშავებისას ჩერნომირდინი და მისი მრჩევლები ხელმძღვანელობდნენ გაზის გეოპოლიტიკის უმთავრესი პრინციპით: გამარჯვებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ გაზის დიდ რეზერვებზე კონტროლი, არამედ აგრეთვე ამ გაზის ბაზრამდე მიტანის ეფექტიანი სისტემების ქონაც.

ვინც აკონტროლებს მილსადენებს, ის აკონტროლებს მყიდველსაც და, გარკვეული ხარისხით, იმ ქვეყანასაც, საიდანაც გაზი მოედინება.

ეს საკმაოდ ჭკვიანური გეგმა იყო, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. ყოფილი საბჭოთა სისტემის ძირითადი კომპონენტები სამ სლავურ რესპუბლიკას შორის დანაწილდა.

მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარებას გაზპრომი დროებით მარცხად მიიჩნევს. უფრო შორეული პერსპექტივით მისი მიზანია, შეისყიდოს გაზის ტრანზიტული სადენების სისტემის დიდი ნაწილი ყოფილ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპაში. იგი იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაზის განაწილების მთელს რეგიონულ სისტემას გააკონტროლებს.

მაგრამ დღეისთვის გაზპრომი მხოლოდ ზომიერად ახერხებს ამ მიზნების განხორციელებას. მაგალითად, ბელორუსიაში, საბჭოთა პერიოდის გაზსადენების სისტემა ჯერაც სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი კომპანია "ბელტრანგაზის" ხელშია.

უკრაინაში გაზსადენი "სოიუზი" და ურენგოი-უჟგოროდის გაზსადენები კიევის კონტროლქვეშაა.

საქართველოში, სადაც ამ დღეებში ყველაზე კარგად გრძნობენ, რას ნიშნავს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, წინ აღუდგებიან გაზპრომის სურვილს, შეისყიდოს ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო გაზსადენი. თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული.

მაგრამ სხვა რეგიონებში გაზპრომი უფრო წარმატებულია. მაგალითად, სომხეთი ცდილობს თავისი ენერგორესურსების გამრავალფეროვნება, დივერსიფიკაცია მოახდინოს. შენდება ირანთან დამაკავშირებელი გაზსადენი. საინტერესოა, რომ გაზპრომი სომხეთისგან მოითხოვდა, გაზსადენი ისეთი დიამეტრის გაკეთებულიყო, რომ ირანიდან მიღებული გაზი მხოლოდ სომხეთისთვის ყოფილიყო საკმარისი და ზედმეტი გაზით სარგებლობა არ შეძლებოდა საქართველოს.

ესტონეთში გაზპრომი ეროვნული ენერგოკომპანიის, ას ეესტი გააზის მნიშვნელოვან წილს ფლობს. სამაგიეროდ ესტონეთი აკონტროლებს მის ტერიტორიაზე გამავალ გაზის სატრანსპორტო სისტემებს.

გაზპრომი ადგილობრივ მოქმედი კომპანიების დიდ ნაწილებს ფლობს მოლდავეთსა და ლიტვაში.

გაზპრომის გავლენა ცდება ყოფილ საბჭოთა კავშირს. პოლონეთზე გამავალი გაზსნადენების სისტემა თავის დროზე პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ ერთობლივად აიგო. ახლა გაზპრომი მის 50 პროცენტს ფლობს. მის ხელშია პოლონეთის კომპანია ევროპოლ გაზის 46 პროცენტიც.

1991 წელს გაზპრომი შეეცადა შეეძინა აღმოსავლეთ გერმანიაში მოქმედი გაზგამანაწილებელი სისტემის 25 პროცენტი, მაგრამ იგი არ დაუშვეს ტენდერზე.

ასევე ცნობილია გაზპრომის ექსპანსიური კურსი უნგრეთსა და სლოვაკეთში.
XS
SM
MD
LG