Accessibility links

logo-print

იყო თუ არა პატიმართა ბუნტი რუსთავის კოლონიაში

  • ნინო როდონაია

რამდენიმედღიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაში ახალი ინციდენტი მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის კოლონიაში დაწყებულმა ჩხრეკამ პატიმართა ბუნტი გამოიწვია, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახა.

მომხდარს არა ბუნტად, არამედ პატიმართა მიერ სიტყვიერი პროტესტის გამოხატულებად აფასებენ მსჯავრდებულთა უფლებების დამცველები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უკანონო მოქმედებაში ადანაშაულებენ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა რუსთავის კოლონიის გაჩხრეკა ღამის სამი საათისთვის გადაწყვიტა, პატიმართა მფლობელობაში უკანონოდ არსებული ნივთების აღმოჩენის მოტივით. ოფიციალური მონაცემებით, ჩხრეკის საპასუხო ბუნტის აღსაკვეთად აუცილებელი გახდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც მხოლო რეზინის ტყვიები გამოიყენა. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, არეულობის შედეგად დაიჭრა ერთი მსჯავრდებული და სპეცრაზმის ერთი წევრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე დაშავებული პატიმრის. ამ ინფორმაციას, ისევე როგორც ბუნტის ფაქტს, ადასტურებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:

[სოზარ სუბარის ხმა] "თვითონ პატიმრებმა მითხრეს, ბუნტი მოვაწყვეთო. ბუნტიც დიდხანს აღარ გაგრძელდა, როგორც ჩანს. ლაპარაკი იყო ამ პრივილეგირებულთა ოთახის გაუქმებაზე და, ნუ, მათ, მოგეხსენებათ, აქვთ იმის საშუალება, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა პატიმრებზე." (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამჟამად რუსთავის კოლონიაში სრული სიმშვიდეა და მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

მოგვიანებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ე.წ. პრივილეგირებული პატიმრებისთვის ჩამორთმეული ნივთების - მათ შორის, ტელევიზორებისა და მობილური ტელეფონების - ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. მსჯავრდებულთა უფლებების დამცველები იმის განმარტებას მოითხოვენ, თუ რატომ გახდა საჭირო პატიმართა გაჩხრეკა გვიან ღამით, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ამგვარ აუცილებლობაზე არაფერი უთქვამს სახალხო დამცველს, რომლის ინფორმაციით, ჩხრეკის დაწყებამდე პატიმრებს შეწუხებისთვის ბოდიშიც კი მოუხადეს. ომბუდსმენისგან განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიძე:

[გიორგი ლაღიძის ხმა] "ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ პატიმრებს და ისინი ფეხშიშველები გამოიყვანეს და დააყენეს შეკრების ადგილზე და მათ შეურაცხყოფდნენ. ამან გამოიწვია პროტესტი და ეს პროტესტი იყო სიტყვიერი ხასიათის, რასაც დაუპირისპირდა უკვე სპეცრაზმი.” (სტილი დაცულია)

გიორგი ლაღიძე ამტკიცებს, რომ რუსთავის კოლონიაში ნაცემია პატიმართა დიდი ნაწილი, დაჭრილ მსჯავრდებულთა რაოდენობა კი ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია. თუმცა, ამ მხრივ, მეტ-ნაკლებად დაზუსტებულ ინფორმაციას არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფლობენ. ორშაბათს მათი ნაწილი კვლავ მოითხოვდა პოსტიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას და მის ფსიქო-ნარკოლოგიურ შემოწმებას. არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ პატიმართა წინააღმდეგ სპეცრაზმების დაუსაბუთებელი გამოყენების პრაქტიკა სწორედ ახალაიას დამკვიდრებულია.

უცვლელია კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატების შეუფერხებელ შესვლას უკავშირდება.

ორშაბათს რუსთავის კოლონიაში არც ისინი შეუშვიათ და არც არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებსაც პრეზიდენტისგან საგანგებო უფლებამოსილება აქვთ. ამ სტატუსით ომბუდსმენის ოფისში მუშაობისას სარგებლობდა თავად ბაჩო ახალაიაც, რომლისგანაც კანონის დაცვას ითხოვს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:

[ელენე თევდორძის ხმა] "მე მინდა, რომ ყველა, ვინც მოვა, არა თვითონ იყოს კანონი, არამედ კანონზე დაყრდნობით იმუშაოს. მეტი მე არანაირი თხოვნა არა მაქვს.” (სტილი დაცულია)

თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ბოლო პერიოდში გამკაცრებულ მეთოდებს კანონის დაცვის აუცილებლობით ხსნის და პატიმართა უფლებების შელახვის ბრალდებებს არ იზიარებს. საწინააღმდეგო მონაცემებს შეიცავს ის მიმართვები, რომელთაც არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ამზადებს და მათგან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლას ითხოვს.
XS
SM
MD
LG