Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების ალტერნატიული გზები


საქართველოს საზღვრები უკვე გადაკვეთა ირანულმა ბუნებრივმა აირმა და ერთკვირიანი ენერგობლოკადის დასრულების კონტურებიც თანდათან გამოჩნდა.

თუმცა ბევრი ეჭვის თვალით უყურებს ენერგეტიკული პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას და ირანთან თანამშრომლობას პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ასევე პოლიტიკურად გაუმართლებლად ითვლება რუსეთზე დამოკიდებული ენერგეტიკული სისტემის მშენებლობა. ასეთ სიტუაციაში რა ალტერნატივები არსებობს და როგორ უნდა განხორციელდეს მომავალში საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება?

[ისმის გაზის გაშვების ხმა]

[ნიკა გილაურის ხმა] ”... საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული გაზის მომარაგება სამი ქვეყნიდან. ანუ ავარიის შემთხვევაში ქვეყანა შეუძლებელია გაზის გარეშე დარჩეს.”

როგორც ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებიდან შევიტყვეთ, ამჟამად საქართველო ბუნებრივი აირით სამი ქვეყნიდან მარაგდება. ესენია: ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი. გილაურის მოსაზრებებს ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ყველა როდი ეთანხმება. გაზისა და ნავთობის ექსპერტის ლიანა ჯერვალიძის კომენტარი:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”ჩვენთან გაზის მოწოდება დამოკიდებულია იმაზე, ამერიკის პოზიცია როგორი იქნება ირანთან დაკავშირებით და, მეორე, “გაზპრომი” დაიშლება თუ არა წვრილ კომპანიებად. ჩვენ ვერც ერთ ამ მიმართულებაზე ჩვენი ძალებით ვერ მოვახდენთ ზეგავლენას. ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის დიდი თამაშები.”

ჩვენს რადიომსმენელს წინა გადაცემებში უკვე ვესაუბრეთ საქართველოს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ ჟურნალ ”ეკონომისტის” ანალიტიკოსის ლეილა ბატის მოსაზრებებზე. მხოლოდ ერთს შეგახსნებთ. ლეილა ბატი მიიჩნევს, რომ ირანის ატომური პოტენციალით შეშფოთებული აშშ და ევროკავშირი,ნაკლებად სავარაუდოა, ირანის მხრიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების ფაქტს მიესალმოს. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ირან-საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობა დროებითი მოვლენა იქნება.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ ენერგოპარტნიორს, რუსეთს, მასთან გაზის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ვაშინგტონის ჩარევის შედეგად გადაიფიქრა ოფიციალურმა თბილისმა რუსეთისთვის მაგისტრალური მილსადენის მიყიდვა. საქართველოს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირების ნაწილს ახლაც არ ესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მილსადენის მფლობელი, თუ გაზის ვინტილს მაინც მოსკოვი გააკონტროლებს.

ასეთ ვითარებაში ერთადერთ პერსპექტიულ წყაროდ შახდენიზი-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი მიიჩნევა, რომლის მშენებლობის დასრულება 2007 წლისთვისაა ნავარაუდევი. საქართველო ამ მილსადენში გატარებული გაზიდან მხოლოდ 10 პროცენტს მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ საქართველო შახდენიზის კონსორციუმისგან დამატებით გაზსაც შეიძენს. ამის შესაძლებლობას საეჭვოდ მიიჩნევს ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე და საქართველოს ენერგეტიკის მესვეურებს სხვა ალტერნატიული წყაროების ძიებას ურჩევს.

ამ დღეებში ბევრს საუბრობდნენ ასეთ ალტერნატივებზე, მათ შორის, გაზსაცავის მშენებლობის საკითხმაც წამოიწია, გაზსაცავისა, რომელიც მეზობელ სომხეთს უკვე აქვს. აი, რა უთხრა ტელეკომპანია ”იმედს” ”საქნავთობის” ექსპერტმა გაზსაცავის საკითხებში მიხეილ სიდამონიძემ:

[მიხეილ სიდამონიძის ხმა] ”15 წელია ვლპარაკობთ, რომ საჭიროა; 15 წელია ვლაპარაკობთ, რომ უნდა აშენდეს, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ. 100 დღის მარაგი გვექნებოდა, არავის არ შევეკითხებოდით და არ დავიწყებდით ხვეწნას.” (სტილი დაცულია)

გაზსაცავის შექმნა ნინოწმინდის გაზის საბადოში გაზის ჩატუმბვითაა შესაძლებელი. ამიტომ ვერ ხერხდება თავად ნინოწმინდის გაზის მცირე რესურსის მოპოვება. ექსპერტების განმარტებით, ამ გაზის მარაგის გარეშე გაზსაცავის მშენებლობა ვერ მოხერხდება. ამ ძვირად ღირებული პროექტის განხოციელების გარდა, ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტები საქართველოს მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული ენერგომატარებლების ძიებასაც ურჩევენ.
XS
SM
MD
LG