Accessibility links

logo-print

“ჰამასი” უარს ამბობს ისრაელის აღიარებასა და იარაღის დაყრაზე


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე საუბარი შეეხო პალესტინელების გასამხედროებულ ჯგუფ “ჰამასსაც”,

რომელმაც, როგორც ცნობილია, პალესტინელების პარლამენტის 25 იანვრის არჩევნებში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. როგორც დღეს ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არასოდეს გამოუცხადებია ჰამასი “ტერორისტულ” ორგანიზაციად, ეს არ ნიშნავს, თითქოს მას უპირობოდ ემხრობოდეს. [პუტინის ხმა] “ჰამასმა უარი უნდა თქვას რადიკალურ განცხადებებზე, აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება და დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო თანამეგობრობასთან”. ამ მოწოდებით ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა მოთხოვნები, რომელთაც “ჰამასს” მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უყენებს: ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

“ჰამასს” სამ მთავარ მოთხოვნას უყენებენ: აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება, უარი თქვას ძალადობაზე და მხარი დაუჭიროს “გზამკვლევად” წოდებულ სამშვიდობო გეგმას. მაგრამ “ჰამასი” უარზე დგას - მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის ხელისშემწყობი ე.წ. “კვარტეტი” (მასში გაერთიანებული არიან აშშ, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი) გამოვიდა გაფრთხილებით: პალესტინელებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება ამ მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული.

“კვარტეტმა” ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ლონდონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა, რასაც ჰამასის რეაქციაც მოჰყვა: [სამი აბუ ზუჰრის ხმა] “დასავლეთის პოზიცია გამოხატავს უსამართლო, დესპოტურ დამოკიდებულებას პალესტინელების მიმართ და მიკერძოებულობას ისრაელის მიერ წარმოებული ოკუპაციის საკითხში. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ჩვენი ხალხის დასჯას არაფრის გულისთვის - მარტო იმის გამო, რომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. ამიტომ ვთხოვთ დასავლურ საზოგადოებებს, გადასინჯონ ეს პოზიცია და გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ჰამასის პრეს-მდივანმა, სამი აბუ ზუჰრიმ ჩვენს რადიოსთან დღევანდელ ინტერვიუში.

ანუ, გარდა იმისა, რომ “ჰამასი” არ ცნობს ისრაელის უფლებას, იარსებოს, გარდა იმისა, რომ “ჰამასივე” კისრულობს 2000 წლის შემდეგ 60-მდე აფეთქების მოწყობის პასუხისმგებლობას, ის არც აპირებს იდეოლოგიის, თუ სტრატეგიის შეცვლას. იმავდროულად კი - დასავლეთს ფულს სთხოვს. “ჰამასის” წარმომადგენელმა ისმაილ ჰანიელმა გუშინ ღაზაში აღნიშნა, რომ უცხოეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებით მხოლოდ მთავრობის ხარჯები დაიფარება: ფული პალესტინელი მოხელეების ხელფასებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მსგავს საჭიროებებს მოხმარდება. მაგრამ ფულის ხარჯვის ეს, მშვიდობიანი გეგმა უცხოეთში, როგორც ჩანს, არ აკმაყოფილებთ. გუშინ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურზულა პლასნიკმა ბრიუსელში გაიმეორა ევროკავშირის მოწოდება ჰამასისადმი, შეცვალოს თავის პრინციპები. [ურზულა პლასნიკის ხმა] "ძალადობა და ტერორი შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესებთან და ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ ჰამასსა და ყველა სხვა დაჯგუფებას, უარი თქვან ძალადობაზე, აღიარონ ისრაელის უფლება, იარსებოს, და განიარაღდნენ."

ავსტრია, რომლის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც წარმოთქვა ეს განცხადება, ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, ევროკავშირი კი - პალესტინელების ადმინისტრაციის ყველაზე ხელგაშლილი დონორი, რომელმაც გასულ წელს 600 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. და კიდევ - ევროკავშირი “ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისევე როგორც შეერთებული შტატები და ეს უკანასკნელიც მკვეთრი ზომების მიღებით იმუქრება პალესტინელების ფინანსური დახმარების სფეროში.

გუშინ “ჰამასს” ძალადობაზე უარის თქმის, ისრაელის აღიარების და სამშვიდობო პროცესში ჩართვისაკენ მოწოდებით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც, მაგრამ, უკვე ითქვა, რომ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ჰამასის პრეს-მდივან, აბუ ზუჰრის განცხადებით: [სამი აბუ ზუჰრის ხმა] “მოძრაობა “ჰამასი” ადასტურებს თავისი იდეოლოგიისადმი ერთგულებას და პირობას დებს, რომ მიმართავს ყველა ზომას პალესტინელების უფლებების დასაცავად”.

ბოლოს დაფინანსების საკითხზე უნდა ითქვას, რომ “ჰამასი” ფულს იღებს ზოგი არაბული სახელმწიფოსაგან დ, შესაძლოა, ირანისგანაც. ამ სახელმწიფოებს ჯერ არ უთქვამთ, რას მოიმოქმედებეე, თუ პალესტინელების ხელმძღვანელობას დასავლეთიდან ფულის მიწოდება შეუჩერდება.
XS
SM
MD
LG