Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ირანის საკითხზე შეთანხმდნენ


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი - შეთანხმდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი

განსახილველად უნდა გადაეცეს გაეროს უშიშროების საბჭოს. ამ შეთანხმების შესახებ გუშინ გაკეთდა განცხადება ლონდონში ზემოხსენებული ხუთივე ქვეყნისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ცნობილია ირანის რეაქციაც: ის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და იმუქრება, რომ შეწყვეტს კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობას.

ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, რუსეთი და ჩინეთი აქამდე უარს ამბობდნენ ირანის საკითხის უშიშიშროების საბჭოში განხილვაზე. მაგრამ ეს პოზიცია წუხანდელი მოლაპარაკების შემდეგ შეიცვალა.

რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, მიაღწიეს ერთსულოვნებას, რომ გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე, 2 თებერვალს, საქმე მივა ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემამდე. თუმცა, ლონდონში გავრცელებულ ამ შინაარსის განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ უშიშროების საბჭო ზომების მიღებამდე უნდა დაელოდოს გაეროს ატომური უწყების გენერალური დირექტორის, მუჰამედ ბარადეის ანგარიშს. ეს ანგარიში კი მარტისთვისაა დაგეგმილი.

ანუ, ლაპარაკია პირობაზე, რომელიც უნდა შესრულდეს უშიშროების საბჭოში ირანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს პირობა კი, ლონდონელ ექსპერტ მარკ ფიცპატრიკის შეფასებით, ნიშნავს, რომ ლონდონში ერთსულოვნებას კომპრომისის მეშვეობით მიაღწიეს.

[ფიცპატრიკის ხმა] ““შეერთებული შტატები და ევროპელები არჩევდნენ, დაუყოვნებლივ გადაეცათ სრული ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოსთვის, და უშიშროების საბჭოსაც ასევე დაუყოვნებლივ მიეღო ზომები. მაგრამ ზომების ერთთვიანი დაყოვნება არცთუ დიდი საფასურია ხუთ წამყვან სახელმწიფოს შორის სოლიდარობის მიღწევის სანაცვლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მოჰყვა უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის წუხანდელ შეხვედრას - ეს არის ერთსულოვანი განცხადება და მნიშვნელოვანი სიგნალი ირანისთვის”. ლონდონელი ექსპერტის მიერ ნახსენები წუხანდელი შეხვედრის მონაწილეებმა ირანს ამასთან მოუწოდეს, ისევ შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.

რაც შეეხება ირანის პოზიციას, ის აკრიტიკებს წუხანდელი შეხვედრის შედეგებს და იმეორებს მოწოდებას, რომ ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისი მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით უნდა მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG