Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის ბოლოს დაწყებული მოვლენების ექო 2006 წელს გადმოვიდა -


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2005 წლის ბოლოს დაწყებული მოვლენების ექო 2006 წელს გადმოვიდა - იგულისხმება რუსეთის ახალი პოლიტიკა, რაც ენერგომატარებლებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა

თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოებისთვის ფასის გაზრდით გამოიხატა და რომელსაც 30 იანვრის „ნეზავისიმაია გაზეტა“ პოსტიმპერიულ პროექტს უწოდებს. რას გულისხმობს რუსეთის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა და რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ის? - რუსული პრესის მიმოხილვისას სწორედ ამ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

30 იანვრის „ნეზავისიმაია გაზეტას“ აზრით, რუსეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთის ბუნებრივი რესურსები მას მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის შეუცვლელ ქვეყნად აქცევს. რუსეთის ხელისუფლების მიზანი ამბიციურია - “გაზპრომის” მსოფლიო წამყვან კომპანიად გარდაქმნა და ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი სექტორების ხელში ჩაგდება. გაზეთი წერს:

ახალ საგარეო პოლიტიკას გეოპოლიტიკური ასპექტიც აქვს. რუსეთი, როგორც “დერჟავა”, შესაბამისი გარემოცვითაა დაინტერესებული. ბოლო სამი წელი რუსეთის ყურადღება პოსტსაბჭოთა სივრცეზე იყო მიპყრობილი. რუსეთმა ამ სივრცეზე მიზანმიმართულად დაიწყო საკუთარი ინტერესებისა და გავლენის გაძლიერება. ინტეგრაციის იმიტაცია კაპიტალის დაუფარავი ექსპანსიით შეიცვალა, სუბსიდიები და ბარტერი - საბაზრო ურთიერთობებით. ხდება არა იმპერიული ან საბჭოთა ტიპის დამოკიდებულების რეანიმაცია, არამედ პოსტიმპერიული ურთიერთობების ჩამოყალიბება იმ სივრცეზე, რომელსაც კრემლი საკუთარი ინტერესების სფეროდ აღიქვამს.
დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული ინტერესები აქვთ - “დემოკრატიული არჩევანის კავშირში” შემავალი უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი აშშ-სა და ევროკავშირზე არიან ორიენტირებული. აზერბაიჯანი ჯერჯერობით ახერხებს ლავირებას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. 11 წევრიდან - რუსეთის ფორმალური მოკავშირე მხოლოდ ხუთია: სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.



30 იანვრის „კომერსანტის“ ცნობით, 2007 წლიდან სამხრეთ კავკასიაში “გაზპრომის” პოზიციები შესამჩნევად შეირყევა. ეს იმ აფეთქების შედეგია, რომელმაც საქართველო და სომხეთი ერთი კვირით გაზის გარეშე დატოვა. გაზეთის ცნობით, საქართველოც და სომხეთიც გაზის ალტერნატიულ წყაროებზე ზრუნვას სერიოზულად იწყებენ.



საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტი ირანიდან გაზის მიღების შესახებ. გავრცელებულ ხმებს, რომ ირანის გაზის ფასი რუსულზე 10 დოლარით მეტია, ანუ 120 დოლარი ღირს, საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, გაზსადენ შაჰ დენიზი-თბილისი-ერზერუმის ამოქმედების შემდეგ, - ეს 2006 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, - შესაძლებელია, საქართველომ საერთოდ უარი თქვას რუსულ გაზზე. რაც შეეხება სომხეთს, რომელიც რუსულ გაზს საქართველოზე გამავალი მილსადენით იღებს, „კომერსანტის“ ცნობით, მან უკვე დაიწყო ირანთან დამაკავშირებელი გაზსადენის აღდგენა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, 2007 წლის დასაწყისისთვის “გაზპრომის” როლი სამხრეთ კავკასიაში მინიმუმამდე დავიდეს.
XS
SM
MD
LG