Accessibility links

logo-print

დღევანდელი გაზეთები კვლავაც ქვეყნის ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემაზე


დღევანდელი გაზეთები კვლავაც ქვეყნის ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემაზე წერენ. დღეს აქტიურად შუქდება კიდევ ერთი თემა: რუსთავის ნომერ

პირველ კოლონიაში გუშინ მომხდარი ინციდენტი და, ზოგადად, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება.

თუკი აქამდე პრესისთვის საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი იყო აქტუალური, დღეს პრესა ბუნებრივი აირის წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას: ”საქართველოში მოხმარებულ გაზს უკვე საკუთარი ეროვნება აქვს”, - ასე ასათაურებს ვრცელ ინფორმაციას ”24 საათი”, გაზეთი ”ხვალინდელი დღე” კი სვამს კითხვას ”არის თუ არა ”საშიში” ირანული გაზი?!”: ”ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში - გიორგი ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ირანთან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული კონტრაქტი ბუნდოვანია და, შესაბამისად, გარკვეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეებს შეიცავს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა ახსნას კონკრეტულად რა კონტრაქტი გაფორმდა ირანთან”, - წერს ”ხვალინდელი დღე”.

”საქართველოს რესპუბლიკა” და ”ახალი თაობა” ბოლო 10 დღის მანძილზე ხელისუფლების მოქმედებას აჯამებენ. ”საქართველოს რესპუბლიკა” წერს, რომ ”ქართველები ყველაზე მაგრები და ამტანები ვართ”: ”და ისევ გამოჩნდა არენაზე ჩვენი ხალხის მრავალნაცადი თვისება - ამტანობა, რაც მთავრობამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შესაშური გონივრულობით გამოიყენა. იგი (მთავრობა) იქით ეცა, აქეთ ეცა და დედაქალაქის რამდენიმე ავტოგასამართ ”კალონკაში”, სადაც მანამდე წვეთი ნავთიც არ მოიძიებოდა, გაჩნდა ეს სანუკვარი საწვავი.. მასთან ერთად გაჩნდა უზარმაზარი რიგებიც, სადაც დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე ლიტრი ნავთის შესაძენად დიდი მოთმინებითა და ამტანობით იდგნენ თოვლსა და ყინვაში სიცივით გათანგული თბილისელები. - არა უშავს, - იხტიბარს არ იტეხდნენ ”კანისტრებით” მჩოჩავი ქალბატონები და ხანდაზმული მამაკაცები, - წინა წლებში ამაზე უარესიც გვინახავს, მაგრამ აგვიტანია. რაც მთავარია, მთავრობა ჩვენს გვერდითა დგას, გვამხნევებს და არაფერი გაგვიჭირდება. ერთადერთი, რაც გულს გვიტეხს, ის არის, რომ ისინი გაღმით, მტკვრის მარჯვენა მხარეს არიან, ჩვენ კი - მარცხენაზე”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.

”ახალი თაობის” მიმომხილველს კი მიაჩნია, რომ ”საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ზედაპირულად მართავს” და ასკვნის: ”ამგვარი შედეგი არ ყოფილა მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთმმართველობის იდეით შეპყრობილმა სააკაშვილმა, პოლიტიკური კონკურენტების გაჩენის შიშით, ხელისუფლების სამივე შტოს დაკომპლექტებისას აქცენტი გააკეთა არა პროფესიონალიზმზე, არამედ ძაღლურ ერთგულებაზე”, - წერს ”ახალი თაობა”.

რუსთავის პირველ კოლონიაში მომხდარმა ინციდენტმა, რომელზეც სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პატიმრების ახლობლები, პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. რა მოხდა რუსთავის # 1 კოლონიაში”, ”ბაჩო ახალაიამ ყველა პატიმარს სცემა”, ”ბაჩო ახალაია ქურდებს ციხეს ართმევს”, ”პატიმრებმა სერიოზული ბუნტის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ”, - ასე ეხმაურება პრესა გუშინდელ ინციდენტს, თუმცა ვერც ერთ პუბლიკაციაში ვერ წააწყდებით ინფორმაციას პირველწყაროსგან და ყველა მათგანი გადმოცემებსა და რესპონდენტების ვარაუდებს ეყრდნობა.

კიდევ ერთი თემა იქცევს ყურადღებას დღევანდელ პრესაში: ეს გახლავთ ”კოსოვოს პრეცედენტი” - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ”ძველი და ახალი რუსული შანტაჟი”, - ასე ასათაურებს პუბლიკაციას ”24 საათი”. ავტორი წერს: ”...კრემლი ამჟამად საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის შანტაჟის ახალ საშუალებად ”კოსოვოს პრეცედენტს” განიხილავს. მინიშნებას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე რუსეთის პრეზიდენტი პირველად აკეთებს”. ამავე თემას ეხმაურება ”ალიაც”: ”რა ხელშეკრულებას ”ტენიან” სააკაშვილს: ”სულ მალე გერმანიის კანცლერმა, შესაძლოა, ერთი განცხადება გააკეთოს, გამოვიდეს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და თქვას: ჩვენ ვცნობთ კოსოვოს დამოუკიდებლობას და მასთან დიპლომატიურ კავშირს ვამყარებთ. კოსოვოელმა ხალხმა თავისი არჩევანი რეფერენდუმით გამოხატა, მათ არ სურთ სერბებთან ცხოვრებაო. ... მეორე ან მესამე დღეს, შესაძლოა, მსგავსი განცხადება მოსკოვშიც გააკეთონ. თუ თავად პუტინი არა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც გამოვა და იტყვის: ჩვენ ვიცნობთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მასთან დიპლომატიურ კავშირს ვამყარებთ. აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი რეფერენდუმით გააფორმა და მათ არ სურთ საქართველოში ცხოვრება”, - წერს დღევანდელი ”ალია”.
XS
SM
MD
LG