Accessibility links

logo-print

ენერგოკრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ააქტიურებს მუშაობას


ერთკვირიანმა ენერგობლოკადამ საქართველოს ხელისუფლებას ნომერ პირველ ამოცანად ენერგოუსაფრთხოების მიღწევა დაუსახა. ამის შემდეგ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე

მუშაობას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებში წამყვანი ადგილი ეჭირება. ძირითადად, ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო 31 იანვარს თბილისში გამართული შეხვედრაც საქართველოს პრემიერ- მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ანატოლი კინახს შორის. როგორ დაიძლევა საქართველოში ენერგოკრიზისი და რა იცვლება ამით ხელისუფლების პოლიტიკაში?


საქართველოს ხელისუფლების წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თბილის-მოზდოკის გაზსადენის აფეთქებით საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო განზრახული. ”საქართველოში დესტაბილიზაციის მოსურნეებს არაფერი გამოუვიდათ, ამ სიტუაციიდან საქართველო უფრო კონსოლიდირებული და უფრო ძლიერი გმოვიდა,” - თქვა სამშაბათს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ანატოლი კინახთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. როგორც აღვნიშნეთ, ეს შეხვედრა ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ენერგოუსაფრთხოება ამ ბოლო პერიოდში აქტუალურია როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ისე ევროპის მთელი კონტინენტისათვის. ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის შეხვედრაზე დაისვა საკითხი, როგორ უნდა შემცირდეს ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება ენერგომატარებლების რომელიმე ერთ წყაროზე. აღინიშნა, რომ საჭიროა გამჭვირვალე საბაზრო სისტემის შექმნა ენერგორესურსების მქონე და ტრანზიტული სახელმწიფოების ინტერესების გაერთიანებისთვის. განხილულ იქნა ირანიდან ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხი, ამას გარდა -ევრაზიული ნავთობსატრანსპორტო კორიდორის იდეა.
ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მარტში თბილისში სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებიც იმსჯელებენ. ენერგობლოკადის გადატანის შემდეგ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ხდება.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ ინტენსიური და აქტიური დიპლომატიის განხორციელებას, რათა ქვეყანამ შეძლოს დივერსიფიცირება და დამოუკიდებელი განვითარება, რაც შეეხება ენერგორესურსებსა და ენერგომატარებლებს.”(სტილი დაცულია)

ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადება. ამ განცხადებიდანაც ჩანდა, რა დასკვნა გააკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას ერთკვირიანმა ენერგობლოკადამ. პრეტენზიები რუსეთის მიმართ სერიოზულია, თუმცა თავისი პრეტენზიები რუსეთსაც აქვს.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ჩვენი სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობდნენ 30 გრადუს ყინვაში იმისთვის, რომ აღდგენილიყო საქართველოსთვის გაზის მიწოდება და რა მივიღეთ სანაცვლოდ? ჩვენ შემოგვაფურთხეს. ”

პუტინის 31 იანვრის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თბილისში ითქვა, რომ განცხადების ტონი და შინაარსი არ მეტყველებს ცივილიზებურ ურთიერთობაზე.
რუსეთისა და საქართველოს პაექრობა ამით არ დასრულდება, თუმცა საქართველოში ერთკვირიანი ენერგოკრიზისი თითქმის დაძლეულია. თბილისელებს ელექტროენერგია უკვე შეუზღუდავად მიეწოდებათ, თბილისის სხვადასხვა უბნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა კი ეტაპობრივად, 5 დღიანი გეგმის მიხედვით, მიდის. გარკვეულ შეფერხებებს ქმნის ავარიები, რაც გაზსადენების ქსელის სიძველით არის განპირობებული. მიწაში გაზის გაჟონვას ადგილი ჰქონდა დიდუბესა და ორთაჭალაში. პრობლემას ქმნის თვითნებური ჩართვებიც, რასაც მოსახლეობის ის ნაწილი ახორციელებს, რომლისთვისაც ბუნებრივი აირის მოლოდინი უკვე აუტანელი გახდა. ”თბილგაზი” თვითნებური ჩართვის შემთხვევებზე მკაცრად რეაგირებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ უკიდურესად საშიში ხერხის გამოყენების გამო მათ საცხოვრებელ კორპუსებს ბუნებრივი აირის მიწოდება ყველაზე ბოლოს აღუდგება.
XS
SM
MD
LG