Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი გავა და რომ ნატოში შევალთ


სამთავრობოთაშორისო შეთანხმება, რომლის ძალითაც ორმა რუსულმა სამხედრო ბაზამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს, ჯერ რუსეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს,

შემდეგ კი - სახელმწიფო სათათბირომ, სადაც გადაწყვეტილებას სერიოზული წინააღმდეგობა ელოდება საქართველოსადმი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატთა კორპუსის მხრიდან. თუმცა საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები ქვეყანას 2008 წლისათვის დატოვებენ და, პარალელურად, საქართველო ნატოში გაწვერიანდება.

31 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია, რათა საზოგადოებისათვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის 2006 წლის პრიორიტეტები გაეცნო. თუმცა სიურპრიზები არ ყოფილა: წელსაც, ისე როგორც შარშან, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ძირითად განსახორციელებელ ამოცანად რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო თანამეგობრობის საყოველთაო მხარდაჭერის მოპოვება, ევროკავშირის მიმართულებით “სამეზობლო პოლიტიკის” გეგმაზე მუშაობის დასრულება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ შეჩერდა დემოკრატიული პროცესების განმტკიცების ამოცანაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “შემდეგი პრიორიტეტი ეს არის “ვარდების რევოლუციის” შედეგად მიღებული დემოკრატიული პროცესების კონსოლიდირება. ქვეყნის შიგნით - ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ქვეყნის გარეთ - ეს არის საქართველოს როლი, პოსტსაჭოთა სივრცეზე ამ როლის დაცვა, შესაბამისად, ამ დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და განტკიცება მთელ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.”(სტილი დაცულია)

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანათა შორის მინისტრს ამჯერად გამოკვეთილად არ უსაუბრია რუსეთთან თანაშრომლობაზე - კერძოდ, იმაზე, თუ რა ზომებს გეგმავს საქართველოს საგარეო უწყება, რათა დარეგულირდეს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა, რომელიც, ერთკვირიანი ენერგოკრიზისის შედეგად, უკიდურესად გაუარესდა. ამ ფონზე რუსეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს და რატიფიცირებისათვის სახელმწიფო სათათბიროს გადაუგზავნოს საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება. დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს რუსეთის ორი ბაზის დროებითი ფუნქციონირებისა და ტექნიკის ტრანზიტის საკითხები. წინასწარი ვარაუდით, შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში სერიოზული წინააღმდეგობა ელის, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ბაზების საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “დღეს რუსეთზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად ჩაატარებენ ამ შიდა პროცედურებს და ხელს მოვაწერთ ამას. ჩვენ ამისათვის მზადა ვართ და პროცესი შემდეგ გადავა შესრულების რეჟიმში.”

და, რაც მთავარია, 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებას ამბიციური მიზანი აქვს დასახული - წარმატებით დაასრულოს ნატოსთან ინდივიდუალური თანაშრომლობის სამოქმედო პროგრამა და გადავიდეს შემდეგ საფეხურზე, რაც ალიანსში გაწევრიანების უფლების ე.წ. “მაპ”-ის მიღებას გულისხმობს. საგარეო საქმეთა მინისტრი არ მალავს, რომ საქართველოს ამ გზაზე ბევრი რთული სამუშაო აქვს გასაკეთებელი, რაც საგარეო უწყების ძალისხმევას აღემატება.


საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მალე თავს მოიყრის ერთ მთლიან სტრატეგიულ დოკუმენტში, სადაც ქვეყნის უფრო გრძელვადიანი მიზნების მიმოხილვაც იქნება წარმოდგენილი. ყოველთვიური პრესკონფერენციების ტრადიციის აღდგენა კი საგარეო უწყებას დაეხმარება, ეს მიზნები მოსახლეობამდე დაიყვანოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG