Accessibility links

logo-print

ქართული კინო – “ევროპული კინო” ხდება


საქართველო, შესაძლებელია, სულ მალე “ევრომაჟის” წევრი გახდეს. ეს ორგანიზაცია, რომელსაც საკმაოდ გრძელი სახელი აქვს, - “კინემატოგრაფისა და აუდიოვიზუალური

ნამუშევრების წარმოებისა და გაქირავების ევროპული ფონდი”, - ბოლოს და ბოლოს, ქართული კინოს მდგომარეობითაც დაინტერესდა. გასულ კვირას თბილისში სემინარები გამართა “ევრომაჟის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გერმანელმა პროდიუსერმა რენატა როგინასმა. მე კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ვესაუბრე, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ სემინარებს დაესწრო.

“ოჰ, ეს ჰოლივუდი, რა დღეში ჩააგდო ევროპული კინო!..” – წუწუნებენ ევროპელი კინემატოგრაფისტები. წუწუნებენ დღეს და წუწუნებდნენ ყოველთვის - მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში გიგანტური კინოინდუსტრია შეიქმნა და ჰოლივუდმა, ფაქტობრივად, განდევნა მსოფლიო ბაზრიდან ევროპული კინოპროდუქცია. მაგრამ 90-იან წლებში ევროპაშიც დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ პატარა ევროპულ ქვეყნებს ეროვნული კინოს განვითარებაში და, რაც მთავარია, როგორ შეინარჩუნოს ევროპულმა კინოხელოვნებამ თვითმყოფადობა. ევროსაბჭოს ინიციატივით შეიქმნა “კინემატოგრაფისა და აუდიოვიზუალური ნამუშევრების წარმოებისა და გაქირავების ევროპული ფონდი” , რომელიც საქართველოში ითარგმნა როგორც “ევრომაჟი”... სახელი ითარგმნა, თუმცა საქართველოსთვის “ევრომაჟის” დახმარება დიდი ხნის განმავლობაში არარეალურად ითვლებოდა. რუსეთის მთავრობამ, მაგალითად, ჯერ კიდევ 2002 წელს გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომელიც შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვს შესრულდეს “ევრომაჟის” ყველა პირობა ამ ორგანიზაციაში გასაწევრებლად. მაგრამ ევროპული კინოფონდის ჩინოვნიკები რუსეთს დღემდე უარს ეუბნებიან – რუსული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვენ.

საქართველოში შეიქმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ უახლოეს ხანში “ევრომაჟის” დახმარებას ველოდოთ, ე.ი. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა მონაწილეობა მიიღონ საერთო ევროპულ კინოპროექტებში. ჩვენში დაარსდა, მაგალითად, ეროვნული კინოცენტრი, რომლის მესვეურებმა გასულ კვირას “ევრომაჟის” ახლა უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, რენატა როგინასს, უმასპინძლეს.

ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელიც ამ სემინარებს დაესწრო, აღნიშნავს, რომ “ევრომაჟი” არ არის მხოლოდ ორგანიზაცია, რომელიც ევროპული კინოს დონის ამაღლებას უწყობს ხელს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] “ძალიან პოლიტიკურიცაა, რადგან ერთიან ევროპულ სივრცეს ქმნის კინემატოგრაფის გზით, ე.ი. ხდება ინტეგრაცია. ყველა პროექტი გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს კოპროდუქცია.”

“ევრომაჟს” თავისი მკაცრი სტანდარტები აქვს: როგორ უნდა დაიწეროს კინოპროექტი, როგორ უნდა შედგეს ფილმის ბიუჯეტი, ვის გადაიღებენ ფილმში და, რაც მთავარია, “ევრომაჟი” მოითხოვს, რომ ფილმი გასაგები და აქტუალური იყოს ევროპელი მაყურებლისთვის. თუკი “უძველეს ევროპელად” მიგვაჩნია თავი, “ევრომაჟის” კონკურსებში გამარჯვება ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს... მაგრამ თეო ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ პრობლემა ვერ გადაწყდება, სანამ საქართველოში პროფესიონალი პროდიუსერები არ გვეყოლება:

[თეო ხატიაშვილის ხმა] “ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობენ პროდიუსერები, არ არსებობს ინსტიტუტი, სადაც აღიზრდებიან ისინი – მათ არა აქვთ ინფორმაცია, აკადემიური განათლების მიღების საშუალება.”

თეო ხატიაშვილი კმაყოფილია, რომ სემინარების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, რომელთაც შეეძლოთ უშუალოდ გასაუბრებოდნენ რენატა როგინასს. საქართველოში მოდის კინემატოგრაფისტთა ახალი თაობა. ეს ხალხი ცდილობს თავად ჩაერთოს ევროპული კინოწარმოების სისტემაში.

[თეო ხატიაშვილის ხმა] “როგორც ჩანს, ჩვენი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები მიხვდნენ, რომ თავიანთი იდეების განხორციელებისთვის სახლში კი არ უნდა ისხდნენ და ელოდონ, როდის მოვა პროდიუსერი და დახმარების ხელს გაუწვდის, არამედ თვითონ მოიპოვონ პროდიუსერი... შეიძლება სადღაც აგზავნი პროექტს, მაგრამ, საქართველოს გარდა, მთელ მსოფლიოში უშუალო კონტაქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.”

რაც შეეხება უფროსი თაობის კინემატოგრაფისტებს, ეს ხალხი კვლავ არ აქტიურობს და კვლავაც სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას. ბევრმა დღემდე ვერ გაიგო, რას ნიშნავს “ევრომაჟი” და ძველებურად ჰოლივუდის ექსპანსიაზე წუწუნებს.
XS
SM
MD
LG