Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაარკვია საპარლამენტო კომისიამ, რომელიც საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” საქმეს იძიებს


ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა საპარლამენტო კომისია, რომელიც საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ კი,

დეპუტატ კობა ბექაურის კავშირის დადგენას ცდილობს. კომისიის სხდომების გახშირებასთან ერთად, პარლამენტარებმა საბაჟო ტერმინალები ”ოპიზა” და ”ლილო ერთი” მოინახულეს. შედეგად, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ოპიზის” საქმის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანი დეტალები გამოარკვია. საბაჟო ტერმინალის სკანდალთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის სხდომა 31 იანვარსაც გაიმართა. რისი გარკვევა მოხერხდა ამ სხდომის შედეგად?

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საკუთარი ნებით გამოცხადდა სახელმწიფო საწარმო საბაჟო ტერმინალ ”ლილო ერთის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლეილა დაუშვილი, და ახსნა-განმარტების მიცემა ითხოვა. შეგახსენებთ, რომ კომისია იმასაც იძიებს, მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით ხდებოდა თუ არა ტერმინალ “ლილო ერთის” ხელოვნური გაკოტრება, ტერმინალ “ოპიზის” სასარგებლოდ. ამ კითხვაზე ფაქტობრივ პასუხს იძლევა ”ლილო ერთის” რეჟიმის სამსახურის უფროსის ლეილა დაუშვილის ახსნა-განმარტების ერთი ფრაგმენტი:

[ლეილა დაუშვილის ხმა] ”...უკვე დარჩენილი იყო 8 ტომარა, როდესაც საბაჟო “აღმოსავლეთის” უფროსის მოადგილე ვატო თოხაძე მოვიდა. მე მას მოგვიანებით კაბინეტში ვეწვიე. მან ტომრები უკან დააწყობინა მანქანაზე და უთხრა, რომ ის მეორე დღეს უნდა გადასულიყო ტერმინალ “ოპიზაში” და მოეხდინა მხოლოდ და მხოლოდ იქ განბაჟება.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ “აღმოსავლეთი” საბაჟოს ოფისი ტერმინალ “ოპიზის” ტერიტორიაზეა განთავსებული. ლეილა დაუშვილმა სხვა ფაქტებიც დაასახელა და კომისიას გადასცა დოკუმენტური მასალა, საიდანაც ნათლად ჩანს, იმპორტიორის მიერ საზღვარზე არჩეული საბაჟო ტერმინალი, მაგალითად, ”ლილო ერთი”, როგორ შეიცვალა ტერმინალ “ოპიზით”. რამდენიმე იმპორტიორი წერილობითაც კი განმარტავს, თუ რამ აიძულა ამის გაკეთება.

კომისიის სხდომაზე გამოაშკარავდა ტერმინალ “ლილო ერთის” საქმეებში უხეში ჩარევის სხვა რამდენიმე დეტალიც, რომლებიც ტერმინალის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის, საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ იგი რამდენიმე თვის მანძილზე საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან” ერთად ტერმინალ ”ლილო ერთსაც” ხელმძღვანელობდა.

[ლაშა ბრეგვაძის ხმა]“... დავინიშნე უშუალოდ ნაციონალური პარტიის წარდგინებით. კონკრეტულად, თავმჯდომარის, გიორგი არველაძის, რეკომენდაციით.”

ეს მოხდა 2004 წლის 10 დეკემბერს. არადა, ამავე რიცხვითაა დათარიღებული “ლილო ერთის” სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ტერმინალის დირექტორად ვინმე ორაგველიძე დაინიშნა. როგორ დაიკავა მის ნაცვლად “ლილო ერთის” დირექტორის სავარძელი ლაშა ბრეგვაძემ, მომავალი ძიების საგანია. გამოძიებას იმის გარკვევაც მოუწევს, თუ რატომ სტუმრობდა ხშირად დეპუტატი კობა ბექაური ტერმინალ “ლილო ერთს” ლაშა ბრეგვაძის დირექტორობისას.

[ლეილა დაუშვილის ხმა] ”ვიცოდი, რომ ბექაური ხშირად სტუმრობდა “ლილო ერთს...”

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დეპუტატი კობა ბექაურიც მიიწვია ახსნა-განმარტებების მისაცემად. ბექაური სხდომაზე კი მივიდა, მაგრამ ის ადგილი არ დაიკავა, რომელიც, ჩვეულებრივად, კომისიაზე გამოძახებული მოქალაქეებისა თუ მინისტრებისთვისაა განკუთვნილი. ბექაური ტრიბუნასთან მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა. მან თავდაცვის ნაცადი მეთოდი აირჩია და ბრალდებებზე გადავიდა:

[კობა ბექაურის ხმა] ”ლილოში მივალ იმიტომ, რომ ლილოში ცხოვრობს ჩემი მეუღლე... “ლილო ერთის” ტერიტორიაზე მაშინ ვიქნებოდი, როდესაც განვაბაჟე ავტომობილი. ამ ქალბატონს, თქვენს მეგობარს, რომელიც დაპატიმრებული იყო სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის, არც ვიცნობ, არც მაინტერესებს და არც მივალ. თქვენ მიდით, თქვენ იცნობთ და მეგობრობთ...”

რა დასკვნებს გამოიტანს საპარლამენტო კომისია ამგვარი არგუმენტებიდან, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” შემსწავლელ კომისიას გამოსაკითხი ჯერ კიდევ ბევრი მოწმე დარჩა - მათ შორის, უმრავლესობა ხელმეორედაა გამოძახებული.
XS
SM
MD
LG