Accessibility links

logo-print

1 ივნისიდან საქართველოში სოციალური დახმარების ახალი სისტემა ამოქმედდება


31 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მოუწოდა

1 მარტამდე გაიარონ რეგისტრაცია ახალ სოციალურ პროგრამაში. ამ თარიღამდე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები სოციალურ დახმარებას უკვე მიმდინარე წლის ივნისიდან მიიღებენ. თითოეული ოჯახისთვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარების მოცულობა 38 ლარს არ გადააჭარბებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის მხოლოდ 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს კი დაახლოებით 120 ათას ოჯახზე უნდა განაწილდეს.

საქართველოში 257 000 179 ოჯახს მიაჩნია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ დროისთვის სწორედ ამდენი განცხადებაა შესული შრომის, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში. ეს საქართველოს ოჯახების თითქმის 22 პროცენტია. განმცხადებელთა შორისაა თბილისში მცხოვრები საყვარელიძეების 5 სულიანი ოჯახიც. აი, რა მითხრა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ქალბატონმა მაიამ:

[მაია საყვარელიძის ხმა] ”დედამთილი მუშაობს ბაღში. მეუღლე ცოტას ავადმყოფობს და მე პატარა ბავშვს ვუვლი და ამიტომ ვერ ვახერხებ მუშაობას. კეთილი ადამიანები არ ილევა ამ ქვეყანაზე. ხშირად ნათესავები გვეხმარებიან, ახლობლები, მეგობრები, სულ უცხო ხალხი. აი, ასე ვცხოვრობთ, ღმერთის ნებით, სასწაულად...”(სტილი დაცულია)

ეს ოჯახი აქამდე, სოციალური შემწეობის სახით, მხოლოდ ადგილობრივი გამგეობის წლიურ 50 ლარიან დახმარებას იღებდა. ამ დღეებში კი სახლში ორი ტომარა უფასო შეშაც მიუტანეს.

[მაია საყვარელიძის ხმა] ”შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ მადლობა მინდოდა ვიღაცისთვის მეთქვა. ორი დღე უზრუნველყოფილი ვიყავით სითბოთი.”

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, მოხვდება თუ არა ასეთი და სხვა მსგავსი სოციალური მდგომარეობის ოჯახი სოციალური დახმარების ახალ პროგრამაში. ეს სოციალური აგენტების მიერ შეგროვებული ინფორმაციის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავების შემდეგ გაირკვევა. მის პასუხს ელოდება 257 ათასზე მეტი ოჯახი. მათი რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდება.

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”თუკი პირველ მარტამდე არ იქნება შევსებული განცხადება და ჩაბარებული საკომუნიკაციო პუნქტში, ასეთი ოჯახები, თუნდაც ისინი იყვნენ ყველაზე ღარიბები, ვერ მიიღებენ დახმარებას ივნისის თვიდან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველა მსურველმა ოჯახმა განაცხადი შეიტანოს პირველ მარტამდე.”

ლადო ჭიპაშვილის - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ამ განცხადებაში ნახსენები 1 მარტი ბევრმა სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემების ბაზაში შეტანის ბოლო თარიღად მიიჩნია. განცხადების მიღება პირველი მარტის შემდეგაც გაგრძელდება, ოღონდ მოგვიანებით დარეგისტრირებული ოჯახები დახმარებას ივნისის თვიდან ვერ მიიღებენ. მარტიდან ივნისამდე დრო სოციალური დახმარების სააგენტოს განმცხადებელ ოჯახთა შესასწავლად და ინფორმაციის ანალიზისთვის ესაჭიროება.

ამ პროცედურის გავლის შემდეგ ყოველთვიურ 38 ლარიან დახმარებას ის ოჯახი მიიღებს, რომელიც სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებად იქნება მიჩნეული. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, შეძლებს თუ არა სოციალური დახმარების სააგენტო 38 ლარის მიმღებ ოჯახებს სულადობის მიხედვითაც მისცეს დამატებითი თანხა. მიმდინარე წელს სულ 120 ათასი ოჯახის დახმარებაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG